შპს ”მაგთიკომის” განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს ”სილქნეტის” სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2010 წლის 24 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას №6/3994-10 განცხადებით მომართა შპს ”მაგთიკომმა”. განმცხადებლის აზრით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ვრცელდება სს ”სილქნეტის” რეკლამა, სადაც კომპანია სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს 450 000 ოჯახთან ხმოვანი ზარების (ქსელის შიგნით) განხორციელებას უფასოდ. იმისათვის, რომ
მომხმარებელმა შეძლოს ამ მომსახურების უფასოდ მიღება უნდა აირჩიოს 4, 7 ან 10 ლარიანი სატარიფო გეგმა. ამდენად, აბონენტი მომსახურებას ღებულობს მის მიერ გარკვეული სააბონენტოს (თანხის) გადახდის შემთხვევაში და არა უფასოდ, როგორც ეს რეკლამაშია აღნიშნული. შპს ”მაგთიკომი” აღნიშნულ რეკლამას აფასებს, როგორც არასათანადო რეკლამას, ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ამ კანონდარღვევით ზიანი ადგება, როგორც მომხმარებლების, ისე ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების ინტერესებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 16 დეკემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, სს „სილქნეტის“ სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ შპს „მაგთიკომსა“ და სს ”სილქნეტს”, რომელიც მათ გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
შპს ”მაგთიკომის” 2010 წლის 24 ნოემბრის №6/3994-10 განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2010 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილია სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ რეკლამის ბოლოს არსებული წარწერა - ”უფასო საუბრების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია, აბონენტის მიერ არჩეულ სატარიფო გეგმაზე; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ”სილქნეტის” ცხელ ხაზზე” - არ არის აღქმადი, როგორც მცირე ზომის შრიფტის, ისე მცირე დროის გამო. კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი კომისიას სთავაზობს ექსპერიმენტის ჩატარებას, რეკლამის აღქმადობასთან დაკავშირებით, რათა გადაწყვეტილების მიღებისას, კომისია არ იყოს დამოკიდებული კომისიის აპარატის თანამშრომლის სუბიექტურ აღქმაზე, რომელიც შეადგენს დასკვნას ან შემოწმების აქტს.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ, ადმინისტრაციული წარმოების დროს მოძიებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, კერძოდ: 2010 წლის 3 დეკემბრამდე და 3 დეკემბრის შემდეგ, სს ”სილქნეტის” მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლები და სს ”სილქნეტის” მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლი.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური და სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოტანილი შპს ”მაგთიკომის” 2010 წლის 24 ნოემბრის განცხადება №6/3994-10;
2. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 12 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი;
3. 2010 წლის 3 დეკემბრამდე სს ”სილქნეტის” მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული ორი სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;
4. 2010 წლის 3 დეკემბრის შემდეგ სს ”სილქნეტის” მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული ერთი სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;
5. სს ”სილქნეტის” მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;
6. შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენლის დავით ძიძიგურის ახსნა-განმარტება;
7. სს ”სილქნეტის” წარმომადგენლის ლევან გიორგაძის ახსნა-განმარტება.
კომისიის სხდომაზე განხორციელდა სს ”სილქნეტის” სარეკლამო რგოლების ჩვენება. გაშვებულ იქნა, 2010 წლის 3 დეკემბრამდე სატელევიზიო სივრცეში სს ”სილქნეტის” მიერ განთავსებული ორი სარეკლამო რგოლი და 2010 წლის 3 დეკემბრის შემდეგ განთავსებული ერთი სარეკლამო რგოლი. ასევე მოსმენილ იქნა რადიოში სს ”სილქნეტის” მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლი.
სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით, კომისიის წევრებსა და შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელს შორის შეჯერდა საერთო აზრი: ა) 2010 წლის 3 დეკემბრამდე განთავსებულ სარეკლამო რგოლებში არის ხარვეზი, რის გამოც რეკლამით შეთავაზებული მომსახურების არსებითი მახასიათებლები ძნელად აღქმადია, კერძოდ, არ იკითხება სატარიფო პაკეტთან დაკავშირებული დათქმა მცირე ზომის შრიფტისა და ეკრანზე გამოჩენის მცირე ხანგრძლივობის გამო; ბ) 2010 წლის 3 დეკემბრის შემდეგ სს ”სილქნეტის” მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლი და რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლი შესაბამისობაშია რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან. სს ”სილქნეტის” წარმომადგენლის მოსაზრებით კი 2010 წლის 3 დეკემბრამდე გასული რეკლამის აღქმადობა შეფასების საგანია და შესაძლოა სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამდეს.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს ”სილქნეტი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის თარიღი - 10.03.2010 წელი;
2. სს ”სილქნეტის” მიერ ტელევიზიით (”რუსთავი2”, ”ტელეიმედი”) 2010 წლის 3 დეკემბრამდე ვრცელდებოდა რეკლამა, სადაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობდა 450 000 აბონენტთან საუბარს უფასოდ - სახლის უკაბელო ტელეფონის შეძენის შემთხვევაში 1:00 საათიდან 2:30 საათამდე უფასო სასაუბრო დროს ნებისმიერ მობილურ ოპერატორთან და უფასო sms-ებს. რეკლამის ბოლოს ჩნდებოდა წარწერა: ”უფასო საუბრების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია, აბონენტის მიერ არჩეულ სატარიფო გეგმაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ”სილქნეტის” ცხელ ხაზზე www.silknet.ge”;
3. სს ”სილქნეტის სატელევიზიო რეკლამის ბოლოს გაკეთებული წარწერა იყო მცირე ზომის შრიფტის და ჩნდებოდა მცირე ხნით, რაც სავარაუდოდ არ აძლევდა მაყურებელს საშუალებას სრულად აღექვა წარწერის შინაარსი;
4. 2010 წლის 3 დეკემბრიდან, კომისიაში სს ”სილქნეტის” სანქცირების თაობაზე წარმოების დაწყებამდე (წარმოება დაიწყო 2010 წლის 16 დეკემბერს), სს ”სილქნეტის” სატელევიზიო რეკლამა გადის მოდიფიცირებული სახით; კერძოდ, რეკლამა არის აღქმის თვალსაზრისით ადექვატური და რეკლამის ბოლოს განთავსებული წარწერის ზომა და ეკრანზე წარწერის ჩვენების დროის მონაკვეთი ტელემაყურებელს აძლევს ტექსტის წაკითხვისა და რეკლამირებული პროდუქტის მახასიათებლების გაგების საშუალებას;
5. სს ”სილქნეტის” მიერ რადიოში განთავსებული რეკლამა, სატელევიზიო რეკლამის იდენტურია. რადიოს ხმოვანი რეკლამის ბოლო წინადადება შეიცავს იმავე სიტყვებს, რასაც სატელევიზიო რეკლამის ბოლოს წარწერა, კერძოდ: ”უფასო საუბრების ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია, აბონენტის მიერ არჩეულ სატარიფო გეგმაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ”სილქნეტის” ცხელ ხაზზე”;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.
2. ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი შეცდომაში შემყვანი რეკლამა ეს არის რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.
კომისიას მიაჩნია, რომ სს ”სილქნეტის” რეკლამა არ შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო, შეცდომაში შემყვან რეკლამად. რეკლამის ბოლოს არსებული წარწერა ცხადყოფს, რომ ”სილქნეტს” ჰქონდა ნება ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიეწოდებინა მომხმარებლებისათვის. მით უფრო, რომ სს ”სილქნეტის” მიერ რადიოში გაშვებული რეკლამა შეიცავს ხმოვან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაც სატელევიზიო რეკლამაში წარწერის სახით არის გამოსახული.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2010 წლის 3 დეკემბრიდან სატელევიზიო არხებზე სს ”სილქნეტის” რეკლამები გადის მოდიფიცირებული სახით და რეკლამის ბოლოს წარწერა გაკეთებულია ისეთი ზომის შრიფტითა და ეკრანზე ჩნდება ისეთი ხანგრძლივობით, რომ ნებისმიერი ტელემაყურებლისათვის მარტივად აღქმადია.
კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სატელევიზიო (სამაუწყებლო) რეკლამის წარწერაში შრიფტის ზომა და დროის ის ხანგრძლივობა, რა ხანგრძლივობითაც უნდა გამოჩნდეს წარწერა ეკრანზე. შესაბამისად, სს ”სილქნეტის” მიერ, სატელევიზიო რეკლამაში, ეკრანზე წარწერის განთავსებისას, მცირე ზომის შრიფტის ან მცირე ხანგრძლივობის გამოყენებით, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე სს ”სილქნეტს” უნდა დაევალოს უზრუნველყოს, მის მიერ ტელევიზიასა და რადიოში გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ”მაგთიკომის” განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” სანქცირებასთან დაკავშირებით;
3. შპს ”სილქნეტს” დაევალოს უზრუნველყოს მის მიერ ტელევიზიასა და რადიოში გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომისა” და სს ”სილქნეტისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
