წვდომის მენიუ

შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 600 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 8 დეკემბერს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 7 დეკემბრის №10/1259.10 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის     მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტები. კერძოდ, 2010 წლის 30 ივლისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის”  სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზე ნინო მაშავა გახდა ვახტანგ ხაინდრავას 35% წილის თანამესაკუთრე. როგორც შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორის  გ. ჯანჯღავას 2010 წლის 3 დეკემბრის #6/4055.10 წერილით ირკვევა, კომპანიისათვის აღნიშნული ცვლილების თაობაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 2 ნოემბერს, ნინო მაშავას განცხადების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, კომპანიამ 7 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობა აღნიშნული ცვლილების შესახებ კომისიას.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2010 წლის 7 დეკემბრის №10/1259.10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 16 დეკემბერს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს”  ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2010 წლის 28 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორი გიორგი ჯანჯღავა.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 7 დეკემბრის №10/1259.10 სამსახურებრივი ბარათი;

2.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორის  გ. ჯანჯღავას 2010 წლის 3 დეკემბრის №6/4055.10 წერილი;

3.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” პარტნიორის ნინო მაშავას 2010        2 ნოემბრის განცხადება;

4.      ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №3239 წერილი;

5.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

6.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორის გიორგი ჯანჯღავას ახსნა-განმარტება გაკეთებული 2010 წლის 28 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ავტორიზაციის თარიღი - 2010 წლის პირველი თებერვალი;

2.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” სადამფუძნებლო დოკუმენაციაში შევიდა ცვლილება, კერძოდ ვახტანგ ხაინდრავას 35.00%-იანი წილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2010 წლის 30 ივლისს ნინო მაშავასა და ვახტანგ ხაინდრავას თანასაკუთრებად დარეგისტრირდა;

3.      ახალმა პარტნიორმა ნინო მაშავამ, აღნიშნული ცვლილების შესახებ შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორს აცნობა 2010 წლის 2 ნოემბერს.

4.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” დირექტორმა გ. ჯანჯღავამ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების შესახებ კომისიას ინფორმაცია მიაწოდა 2010 წლის 3 დეკემბერს;

5.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი” სანქცირებული არ ყოფილა განვლილი ერთი წლის მანძილზე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია: სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე. ამავე პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად კი  ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

2.      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს, რომელშიც შეიტანება დეკლარაციის მონაცემები.

3.      ავტორიზებული პირის მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების ჩამონათვალი განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ესენია: საფირმო სახელწოდება,  სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

4.      საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ”მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

5.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, კანონის საფუძველზე, შპს-ს ამონაწერი  მეწარმეთა რეესტრიდან, შეიცავს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, ხოლო დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბი” ვალდებული იყო, კანონით დადგენილ ვადაში, ეცნობებინა კომისიისათვის შპს-ში ახალი პარტნიორის გაჩენის შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, კერძოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში შესული ცვლილების შესახებ, კომისიისათვის კანონით დადგენილ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობით (კომისიას ინფორმაცია წარედგინა 14 სამუშაო დღის დაგვიანებით), დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტები.

ვინაიდან, შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების და  45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს” მიეცეს გაფრთხილება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის”  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისათვის” ჩაბარების დღიდან;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები