საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის N556/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, თანხმობა მიეცა შპს ”მადს“, კომპანიის კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე №1411 ლიცენზიის შპს ”გლობალ მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე და ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო N1411 ლიცენზიის მოდიფიცირების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბერს 12.00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N324 გადაწყვეტილების საფუძველზე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
გ) ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. ოზურგეთი, ქ.ლანჩხუთი, ქ. ჩოხატაური, ქ. ქობულეთი, ქ. ფოთი, სენაკის რაიონი, სამტრედიის რაიონი, ქ.ბათუმი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზებული მაუწყებლობა) ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და მაუწყებელთაგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე, 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განახორციელა საკაბელო საერთო ტელერადიოკომპანიების ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირება არ შეხებია №1411 ლიცენზიას, ვინაიდან კომისიაში ლიცენზიის იმ დროინდელი მფლობელის, შპს „მადის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირების, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ლიცენზიის სახისა და სახეობის დაზუსტების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 17 დეკემბერს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება (17.12.2010 N6/4636-10) სადაც კომპანიის მიერ დაზუსტებულ იქნა მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიას სურვილი აქვს განახორციელოს გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით მაუწყებლობა და შესაბამისად, სურს, რომ ლიცენზიის სახედ განისაზღვროს - კერძო მაუწყებლობის ლიცენზია, ხოლო სახეობად - სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) მაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა, უკვე ძალადაკარგული, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახისა და სახეობის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კუთვნილი №1411 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №1411 ლიცენზია, სხვა სამაუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2010 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ N1411 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს N1411 ლიცენზიის მოდიფიცირება მისი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N324 გადაწყვეტილებისაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის, 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N324 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში და ლიცენზიის ნომერი „N1411“ შეიცვალოს ნომრით “B109”;
2. შეციდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N324 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კერძო მაუწყებლობის №B109 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (გასართობ-შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების ზონა: საკაბელო ტელემაუწყებლობა ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ქ. ჩოხატაური, ქ. ქობულეთი, ქ. ფოთი, სენაკის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმი;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2014 წლის 09 ივლისამდე;“
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”გლობალ მედია ჯგუფისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
