წვდომის მენიუ

შპს ”ტელეიმედის” განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 613 / 12

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2010 წლის 15 დეკემბერს კომისიას №6/4545-10 განცხადებით მომართა შპს ”ტელეიმედმა”. განცხადების თანახმად,  გადაცემის (ფორმატზე) - ”ექსტრასენსთა ბრძოლა” დამზადებაზე და ჩვენებაზე ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის შპს ”ტელეიმედს. 2010 წლის 14 დეკემბერს შპს ”ტელეკომპანია მზის” ეთერით კვლავ გადაიცა იმავე ფორმატის გადაცემა ”მეექვსე გრძნობა”  მიუხედავად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 9 დეკემბრის  №04/2536-10 წერილისა, რომლის თანახმადაც შპს ”ტელეკომპანია მზეს” დაევალა გადაცემა ”მეექვსე გრძნობის” სამაუწყებლო ბადიდან  ამოღება.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2010 წლის 22 დეკემბრის №10/1416-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ”ტელეიმედმა” წარმოადგინა ”RDF MEDIA LIMITED”-თან გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ”ტელეიმედს” მოპოვებული აქვს გადაცემის ”ექსტრასენსთა ბრძოლის” ფორმატის გადაცემის დამზადებაზე და ჩვენებაზე  ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეადარა შპს ”ტელეიმედის” ეთერით გადაცემული გადაცემა ”ექსტრასენსთა ბრძოლა” და შპს ”ტელეკომპანია მზის” ეთერით გადაცემული გადაცემა ”მეექვსე გრძნობა”.  შედარების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გადაცემები თავისი შინაარსითა და ფორმატით  იდენტურია.

კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა, შპს ”ტელიმედის” 2010 წლის 15 დეკემბრის №6/4545-10 განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 31 დეკემბერს 12:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ ეცნობათ შპს ”ტელეიმედს” და შპს ”ტელეკომპანია მზეს” და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2010 წლის 31 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ”ტელეიმედის” უფლებამოსილი წარმომადგენელი გრიგოლ გიორგაძე და შპს ”ტელეკომპანია მზის” უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან მოსახლიშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, შპს ”ტელეიმედის” წარმომადგენელმა გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა შპს ”ტელეიმედის” გენერალური დირექტორის თემურ ხუბულურის 2010 წლის 30 დეკემბრის №0571 განცხადება, რომლის თანახმად განმცხადებელი ითხოვს განუხილველად იქნას დატოვებული შპს ”ტელეიმედის” განცხადება, რომლის განხილვა დანიშნულია 2010 წლის 31 დეკემბერს 12:00 საათზე. გრიგოლ გიორგაძემ ზეპირად განმარტა, რომ შპს ”ტელეიმედი”  უარს აცხადებს შპს ”ტელეკომპანია მზის” წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე და ითხოვს განცხადების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.  შპს ”ტელეკომპანია მზის” წარმომადგენელი ლევან მოსახლიშვილი დაეთანხმა გრიგოლ გიორგაძის განცხადებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეიმედის” განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს, შპს ”ტელეიმედის” მიერ განცხადების განხილვაზე უარის თქმის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.      შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეიმედის” განცხადებასთან დაკავშირებით;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ტელეიმედისა და  შპს ”ტელეკომპანია მზისათვის”  გაგზავნა;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარე                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                        კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები