ერთი მხრივ, შპს ,,ინტელ ფონსა” და მეორე მხრივ, სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 30 ნოემბერს, შპს ,,ინტელ ფონის” სახელით დავით თუშიშვილმა განცხადებით (№6/3619-09 30.11.09) მიმართა კომისიას შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული უთანხმოების თაობაზე და მოითხოვა კომისიას მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ( სტილი დაცულია).
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ შეამოწმა აღნიშნული განცხადების ამავე კოდექსის 78-ე მუხლითა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და გამოარკვია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი დავით თუშიშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე, კომისიის უწყებრივ რეესტრში 2009 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად არ იყო დარეგისტრირებული დავით თუშიშვილი. ამავე დროს, განცხადებაში არ იყო მითითებული კონკრეტული მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებდა მოთხოვნას, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. აღნიშნული დებულების საფუძველზე, კომისიამ განმცხადებელს მოთხოვნის დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად განუსაზღვრა ვადა 2009 წლის 11 დეკემბრამდე, რის თაობაზეც მას ეცნობა კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით. განმცხადებელს, ასევე ეცნობა, რომ მის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და თუ დადგენილ ვადაში ის არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილი იქნებოდა გამოეტანა გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 4 დეკემბერის № 03/2865-09 წერილით განმცხადებელს, ასევე განემარტა, რომ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, რისთვისაც კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;
გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;
დ) განმცხადებლის მოთხოვნა;
ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას;
ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.
ამასთანავე, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად განმცხადებელმა კომისიაში არ წარმოადგინა წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, ასევე არ დააკონკრეტა მოთხოვნა და ფაქტობრივი გარემოებები, არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განცხადება განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ხოლო წარმოდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონის” განცხადების განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 25 დეკემბერს, რის თაობაზე შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ინტელ ფონს” და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლის მოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დავით თუშიშვილი და მისი წარმომადგენელი კ.ბობოხიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ეთანხმება კომისიას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ინტელ ფონის” კომისიაში წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ითხოვა ერთკვირიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე განმარტა, რომ იურისტის არ ყოლის გამო კომპანიამ ვერ შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ინტელ ფონს” არ ჰყავდა იურისტი და კომპანიამ ხარვეზის შევსებისა და კომისიაში საქმის წარმოების მიზნით დაიქირავა იურისტი, ამასთანავე შპს ,,ინტელ ფონს” ჰქონდა განცხადების განხილვის ინტერესი, რასაც ადასტურებდა კომპანიის დირექტორისა და მისი წარმომადგენლის კომისიის სხდომაზე გამოცხადება, მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტება და შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიამ, მისი ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების დასაკონკრეტებლად, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტის) წარმოსადგენად შპს ,,ინტელ ფონი”- სათვის მიეცა ახალი ვადა 2010 წლის 16 იანვრამდე. ამასთანავე განმცხადებელს სხდომაზევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ჩაითვლება, ხოლო თუ დადგენილ ვადაში ის არ დააკონკრეტებს მოთხოვნასა და ფაქტობრივ გარემოებებს, არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, კომისია უფლებამოსილი იქნება გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს, კომისიის მიერ მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, შპს ,,ინტელ ფონმა” განცხადებით მიმართა კომისიას სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” მოითხოვს 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე განხორციელებული ურთიერთჩართვის მომსახურების ღირებულების გადახდას. შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებით აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. მართალია შპს ,,ინტელ ფონი” მისი მომხმარებლების დაკავშირებას ახორციელებს საკუთარი კუთვნილი ციფრული ავტომატური სატელეფონო სადგურიდან, საიდანაც სიგნალი მიეწოდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო სადგურის ჩართვის წერტილს და შემდგომ შესაბამის აბონენტს, მაგრამ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონი” ახორციელებდა მისი საკომუნიკაციო საშუალებების ტექნიკური აღჭურვილობის განახლებასა და რეპროგრამირებას. შესაბამისად, სატელეფონო სადგური გათიშული იყო ქსელიდან და ამ პერიოდის განმავლობაში მისი აბონენტების სატელეფონო სიგნალის გატარება შეჩერებული იყო სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო სადგურის მიმართულებით. შესაბამისად, სადაო პერიოდში ვერ მოხდებოდა შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო ელემენტების გამოყენება, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” აბონენტის გამოძახება, სიგნალის გადაცემა და კომუტაცია. მისი განცხადებით, უცხოეთის ქვეყნებთან დაკავშირებისას გამორიცხულია მისი სიგნალის გაგზავნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სადგურში, ვინაიდან შპს ,,ინტელ ფონს” თავად გააჩნია საკუთარი საკომუნიკაციო კავშირი საზღვარგარეთ, რომლის ერთი წუთის ღირებულება იწყება 7 თეთრიდან, ხოლო სს ,,გაერთიენებული ტელეკომიდან” ღირს 50 თეთრი. შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებით, სადაო პერიოდში დარიცხული მომსახურების თანხა მნიშვნელოვნად აღემატება წინა თვეების მაჩვენებლებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სადაო პერიოდში შესაძლოა ადგილი ჰქონდა მესამე პირების მხრიდან უკანონო ჩართვას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”, ვინაიდან ურთიერთჩართვის წერტილი იმყოფება მის ფართზე.\\\\\\\\
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 იანვარს, შპს ,,ინტელ ფონის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”. ამასთანავე შეტყობინებით ეცნობა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2010 წლის 29 იანვარს, 16 საათზე, კომისიაში გაიმართებოდა მოსამზადებელი სხდომა და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 21 იანვარს, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს ,,ინტელ ფონის” განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის 2010 წლის 25 იანვრის დასკვნის შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრის თვეში, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ინტელ ფონიდან” სს ,,გაერთიანებულ ტელეკომში” შევიდა 136 762 წთ., ხოლო მისგან შპს ,,ინტელ ფონში” შევიდა 2 685 წთ. შპს ,,ინტელ ფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მისგან სს ,,გაერთიანებულ ტელეკომში” შევიდა 23 052 წთ., ხოლო სს ,,გაერთიანებული ტელეკომიდან” მასთან შევიდა 1 921 წთ. 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონს” ჰქონდა ტრაფიკის გატარების ტექნიკური პრობლემა, მაგრამ შპს ,,ინტელ ფონიდან” გამავალი ტრაფიკი შეზღუდული იყო მხოლოდ 2009 წლის 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. შპს ,,ინტელ ფონიდან” გამავალი ზარები ფიქსირდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომიდან” გამავალ საერთაშორისო ტრაფიკში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 29 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დ.თუშიშვილი და მისი წარმომადგენელი კ.ბობოხიძე.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორმა მხარი დაუჭირა თავის განცხადებას და მოითხოვა, რომ კომისიას სს ,,გაერთიანებულ ტელეკომისათვის” აეკრძალა 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონისათვის” დარიცხული თანხის გადახდის მოთხოვნა.
კომისიის სხდომაზე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ შპს ,,ინტელ ფონის” მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საკომუნიკაციო სადგურებს შორის კავშირი ხორციელდება PRI სიგნალიზაციის გამოყენებით, რომელიც სადაო პერიოდში გათიშული არ იყო. ამასთანავე შპს ,,ინტელ ფონს” სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” არ უცნობებია ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღების თაობაზე და არ მოუთხოვია არხის გათიშვა. სწორედ ამ არხის მეშვეობით მოხდა შპს ,,ინტელ ფონის” მიერ სატელეფონო ზარების განხორციელება/დასრულება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ქსელში. სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” არ არის ვალდებული გააკონტროლოს ყველა ოპერატორის სიგნალი, კერძოდ, სიგნალი საიდან მოდის, ოპერატორის ქსელში ხომ არ მოხდა სხვა პირების უკანონო ჩართვა და ა.შ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გამოქვეყნდა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2009 წლის 25 იანვრის დასკვნა შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის 2009 წლის სექტემბრის თვეში შემდგარი ტრაფიკის ანალიზის თაობაზე, ხოლო მხარეებს მიეცათ წინადადება წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
კომისია, აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი მხარე საკითხის განხილვას ითხოვს სწორედ დავის რეჟიმში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის საფუძველზე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ინტელ ფონსა” და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის დავის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ოპერატორებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან, შედიოდა კომისიის უფლებამოსილების სფეროში და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია დავის განხილვა და დავის განხილვის დღედ დანიშნა 2010 წლის 5 თებერვალს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ ამავე სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 5 თებერვალს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორი დ.თუშიშვილი და მისი წარმომადგენელი კ.ბობოხიძე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ,,ინტელ ფონს” შორის 2008 წლის 1 ივლისს გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დღესაც მოქმედებს.
1. სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ,,ინტელ ფონს” შორის სადაო პერიოდში არსებობდა ფიზიკური ურთიერთჩართვა;
2. სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ,,ინტელ ფონს” შორის ურთიერთჩართვა შეფერხებული იყო მხოლოდ 2009 წლის 23 სექტებრიდან 2009 წლის 29 სექტემბრამდე;
3. შპს ,,ინტელ ფონს” სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის”, საკომუნიკაციო საშუალებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლებისა და რეპროგრამირების გამო, ურთიერთჩართვის შეზღუდვის თაობაზე არ უცნობებია;
4. შპს ,,ინტელ ფონიდან” გამავალი ზარები ფიქსირდება სს ,,გაერთიანებული ტელეკომიდან” გამავალ საერთაშორისო ტრაფიკში არა მხოლოდ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე, არამედ 2009 წლის 12 სექტემბრიდან 2009 წლის 15 სექტემბრამდეც, მაშინ, როდესაც შპს ,,ინტელ ფონის” განმარტებით სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთერთჩართვა არ იყო შეზღუდული.
5. სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ,,ინტელ ფონისათვის” სადაო თანხა ძირითადად დარიცხულია 2009 წლის 15 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გაწეული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ინტელ ფონის” მოთხოვნა, სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” აეკრძალოს 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონისათვის” ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის დარიცხული თანხის გადახდის მოთხოვნა, დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ინტელ ფონის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო სადგური გათიშული იყო ქსელიდან და ამ პერიოდის განმავლობაში მისი აბონენტების სატელეფონო სიგნალის გატარება შეჩერებული იყო სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სატელეფონო სადგურის მიმართულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის 2009 წლის სექტემბრის თვეში შემდგარი ტრაფიკის ანალიზიდან დასტურდება, რომ 2009 წლის 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონს” ჰქონდა ტრაფიკის გატარების ტექნიკური პრობლემა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონის” სადგურის საკომუნიკაციო ქსელიდან გათიშვის დამადასტურებელ მტკიცებულებად კომისია ვერ ჩათვლის შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორის 2009 წლის 12 სექტემბრის №09/01 ბრძანებას 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონის” სატელეფონო სადგურის გათიშვის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი დაინტერესებული პირის მიერაა შედგენილი და არ არის გამყარებული სხვა ობიექტური მტკიცებულებებით. ამასთანავე, შპს ,,ინტელ ფონის” მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საკომუნიკაციო სადგურის გადაიარაღებისათვის ტექნიკური მოწყობილობის შეძენის შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან ირკვევა, რომ ტექნიკური მოწყობილობები შეძენილია 2009 წლის 21 სექტემბერს, ხოლო პროგრამის ინსტალანციის თაობაზე დოკუმენტი შედგენილია 2009 წლის 29 სექტემბერს, რაც ადასტურებს უფრო იმას, რომ შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო სადგური არ იყო გათიშული 2009 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე. შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის 2009 წლის სექტემბრის თვეში შემდგარი ტრაფიკის ანალიზიდან დასტურდება, რომ სწორედ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე განხორციელდა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მეშვეობით საერთაშორისო ტრაფიკი.
ზემოაღნიშნულის გარდა, შპს ,,ინტელ ფონის” დირექტორმა 2010 წლის 5 თებერვლის სხდომაზე დაადასტურა, რომ ურთიერთჩართვა ფიზიკურად გათიშული არ იყო 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს, რომ არ იქნას გაზიარებული შპს ,,ინტელ ფონის” მტკიცება, რომ მას 2009 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 23 სექტემბრამდე არ უსარგებლია სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ურთიერთჩართვის მომსახურებით.
კომისია ვერ გაიზიარებას შპს ინტელ ფონის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ საზღვარგარეთ შპს ,,ინტელ ფონის” სიგნალის გაგზავნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მეშვეობით გამორიცხულია, ვინაიდან მას თავად გააჩნია საკუთარი საკომუნიკაციო კავშირი უცხოეთის ქვეყნების მიმართულებით, რომლის ერთი წუთის ღირებულება იწყება 7 თეთრიდან, ხოლო სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ერთი წუთის ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის 2009 წლის სექტემბრის თვეში შემდგარი ტრაფიკის ანალიზიდან დასტურდება, რომ ასეთი მომსახურებით შპს ,,ინტელ ფონი” სარგებლობდა სადაო პერიოდამდეც, კერძოდ 2009 წლის 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე, მაშინ, როდესაც შპს ,,ინტელ ფონს” სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან” ურთიერთჩართვა შეზღუდული არ ჰქონდა.
კომისია აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, კომისია ვერ გაიზიარებას შპს ,,ინტელ ფონის” მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოხდა მესამე პირების მიერ არასანქცირებული ჩართვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინტელ ფონს” საკომუნიკაციო საშუალებებისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლებისა და რეპროგრამირების გამო, მისი სადგურის გათიშვის თაობაზე სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” არ უცნობებია, რაც კომისიის სხდომაზე დაადასტურეს შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენლებმა. აქედან გამომდინარე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” ვერ მიიღებდა ზომებს მესამე პირების მიერ არასანქცირებული ჩართვის თავიდან აცილების მიზნით. უფრო მეტიც, სს ,,გაერთიანებულ ტელეკომი” ვერც ივარაუდებდა, რომ შპს ,,ინტელ ფონის” ნუმერაციის იდენტიფიცირებით განხორციელებული ურთიერთჩართვისას, ადგილი ჰქონდა მესამე პირების მიერ არასანქცირებულ ჩართვას, ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ინტელ ფონი” ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ტექნიკური საშუალებების გამართული მუშაობა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ხოლო 2.4. პუნქტის თანახმად, ავარიის შემთხვევაში, მხარე, რომლის ტექნიკური საშუალებაც გამოვიდა მწყობრიდან, ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მეორე მხარეს ავარიის შესახებ. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა, ხოლო მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა.
კომისია, ასევე ვერ გაიზიარებს შპს ,,ინტელ ფონის” მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მესამე პირის მიერ არასანქცირებული ჩართვა უნდა ჩაითვალოს ფორს მაჟორად (დაუძლეველ ძალად), ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, რომელიც ეხება ფორს მაჟორულ გარემოებებს, მესამე პირების არასანქცირებული ჩართვა არ განიხილება როგორც ფორს-მაჟორი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ინტელ ფონის” მოთხოვნა, სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონისათვის” ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის დარიცხული თანხის გადახდის მოთხოვნის აკრძალვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებულობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ინტელ ფონისათვის” და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” გაგზავნა;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
