წვდომის მენიუ

შპს ,,ახალი ქსელები”-სთვის და შპს ,,ახტელი”- სთვის, შპს ,,მაქსტელკომთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 66 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ,,ახალმა ქსელებმა” და შპს ,,ახტელმა”  და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვეს შპს „მაქსტელკომთან“ დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, ვინაიდან აღნიშნულ კომპანიას მათ მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.

შპს ,,ახალი ქსელების” და შპს „ახტელის“ განცხადებით, შპს ,,მაქსტელკომის” მხრიდან სისტემატიურად ირღვევა და არაჯეროვნად სრულდება მათთან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად დაპირებებისა აღნიშნული კომპანია არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე  წარმოშობილ დავალიანებას. აღნიშნული ქმნის საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ კომპანია ვერ შეძლებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას.

შპს ,,ახალი ქსელების” და შპს „ახტელის“ განცხადებით, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შპს ,,მაქსტელკომს“, შპს „ახალი ქსელების“  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის იანვრიდან, რამაც  2009 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგინა 7.403,58 (შვიდი ათას ოთხას სამი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარი, ხოლო შპს „ახტელთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე,  შპს ,,მაქსტელკომს”, შპს „ახტელის“  მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება 2008 წლის იანვრიდან, რამაც 2009 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგინა 1.903,28 (ათას ცხრაას სამი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2010 წლის 12 იანვარს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N31/16, რომლის შესაბამისადაც, გადაიდო შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისთვის“, შპს „მაკროკომთან“ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა 2010 წლის 29 იანვრისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაქსტელკომი“  არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, ამასთან არ დასტურდებოდა შპს ,,მაქსტელკომისათვის” კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე შეტყობინების ჩაბარება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაზღვეული საფოსტო გზავნილით შეტყობინების ხელმეორედ გაგზავნა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 29 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ შპს „მაქსტელკომის“ წარმომადგენელი და შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო საკითხის განხილვა კვლავ გადაიდო 2010 წლის 5 თებერვლის 16:00 საათისთვის, რის შესახებაც შეტყობინებებით ეცნობათ შპს „ხალ ქსელებს“, შპს „ახტელს“ და შპს „მაქსტელკომს“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „მაქსტელკომის“ წარმომადგენლები. შპს „მაქსტელკომის“ წარმომადგენელმა აღიარა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიმართ არსებული დავალიანება და აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის დაფაროს აღნიშნული დავალიანება შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“  შეთანხმებული გრაფიკით თუ მხარეებს შორის მოხდება აღნიშნული შეთანხმება.

შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი არ არის უფლებამოსილი შესთავაზოს შპს „მაქსტელკომს“ დავალიანების დაფარვის გრაფიკი და კომისიისგან კვლავ მოითხოვა თანხმობა შპს „მაქსტელკომთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, თუ ამ უკანასკნელის მიერ არ მოხდება დავალიანების დაფარვა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,მაქსტელკომს”, შპს ,,ახალ ქსელებთან” და შპს ,,ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, შპს ,,ახალი ქსელების”  მიმართ -7.403,58 (შვიდი ათას ოთხას სამი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის  და შპს ,,ახტელის” მიმართ - 1.903,28 (ათას ცხრაას სამი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარის დასაფარად,  მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან  7 სამუშაო დღე;

2. შპს  ,,მაქსტელკომის” მიერ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ფინანსური დავალიანების  სრულად არ დაფარვის ან გაზრდის  შემთხვევაში,  შპს ,,ახალ ქსელებს” და შპს ,,ახტელს” მიეცეთ თანხმობა შპს ,,მაქსტელკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე , აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ახალი ქსელების”, შპს  ,,ახტელისა” და შპს ,,მაქსტელკომისთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

                კომისიის თავმჯდომარე                                                              ი.ჩიქოვანი

                კომისიის წევრები                                                                        ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                      კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                       ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები