შპს ”რეალკომის” სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „რეალკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 05, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ დეპატამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რაიოდიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.01.2010 N10/65-10) თანდართული მტკიცებულებებით. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „რეალკომს“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F60 ლიცენზიით გათვალისწინებული ჰქონდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში ანუ 2009 წლის 22 თებერვლამდე. აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულება კომპანიას განესაზღვრა ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში. კომისიის აპარატის რადიოსხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2010 წლის 21-22 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „რეალკომს“ ზემოაღნიშნულ რაიონებში დღემდე არ დაუწყია პრაქტიკული საქმიანობა. სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიამ 2009 წლის 21 დეკემბერს წერილით (N06/2982-08) მიმართა შპს „რეალკომს“ რათა ამ უკანასკნელს ეცნობებინა კომისიისთვის კახეთის რომელ რაიონში ახორციელებს იგი საქმიანობას, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ხელშეშლები და ამავე დროს, წარმოედგინა ინფორმაცია წერილზე თანდართული ანკეტის მიხედვით, საბაზო სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესახებ, რაზედაც შპს „რეალკომს“ პასუხი არ გაუცია.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რაიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის მიერ შპს „რეალკომის“ შემოწმების შედეგად არ შედგენილა შემოწმების აქტი, როგორც ეს გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციეიბს შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამსახურებრივ ბარათს თანდართული აქვს მონიტორინგის შედეგების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა, რაც საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს შპს „რეალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძვლეზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2010 წლის 27 იანვარს დაიწყო შპს „რეალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობა შპს „რეალკომს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას, განცხადებებით (02.02.2010 N6/341-10 და 04.02.2010 N7/42-10) მომართა შპს „რეალკომმა“, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ უზრუნველყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიით გათვალისწინებულ ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში და ვინაიდან შპს „რეალკომს“, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებლად მიაჩნია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება აღნიშნულ რაიონებში, კომპანია უარს აცხადებს ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით (10.705გჰც – 11.181გჰც) სარგებლობაზე ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში და ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიის მოდიფიცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 5 თებერვლის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „რეალკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის N152/1). კომპანიაზე, კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, გაცემულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 22 თებერვლამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2008 წლის 22 თებერვლიდან 1 (ერთი) წელი;
დ) 10.705გჰც - 11.181 გჰც რადიოსიხშირული ზოლის გამოყენების ვალდებულება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის აპარატის რაიოდიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”რეალკომი”-ს მიერ ზემოაღნიშნული სიხშირეებით სარგებლობის საკითხი და წარმოდგენილ იქნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს ”რეალკომი”, ქ. თბილისში სარგებლობს 10.705 – 11.181 გჰც სიხშირული ზოლით და დღევანდელი მდგომარეობით გამოყენებული აქვთ მხოლოდ 10.848 გჰც სიხშირე, 40 მჰც ზოლის სიგანით. კახეთში კერძოდ: ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში, მოპოვებული ინფორმაციით, შპს ”რეალკომი” კომისიის 2005 წლის 20 მაისის №323/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული 10.705 – 11.181 გჰც სიხშირული ზოლით არ სარგებლობს. კომისიის აპარატის რადიოსოხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ამოწურვადი რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”რეალკომის” მიერ რიგ რეგიონებში არ ხორციელდებოდა პრაქტიკული საქმიანობა, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შპს ”რეალკომს” განსაზღვროდა სალიცენზიო ვალდებულებად პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან ერთი წელი. კომისიის აღნიშნული პოზიცია ასახულ იქნა კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
2. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2010 წლის 21-22 იანვარს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „რეალკომის“ მიერ არ არის დაწყებული პრაქტიკული საქმიანობა კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულს ადასტურებს სამსახურებრივ ბარათზე თანდართული აუდიო-ვიდეო მასალა, კერძოდ სიხშირული ზოლის სპექტრალური ანალიზის აუდიო და ვიდეო მასალა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის ან მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება.
3. კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „რეალკომი“ სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში ანუ 2009 წლის 22 თებერვლამდე, რაც არ განხორციელებულა კომპანიის მიერ.
4. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანია, ტექნიკური და სხვა ობიექტური მიზეზების გამო (რაც აღნიშნულია შპს „რეალკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში) ვერ უზრუნველყოფს პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში. ამ მიზეზის გამო შპს „რეალკომი“ უარს აცხადებს აღნიშნულ რაიონებში ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით (10.705გჰც – 11.181გჰც) სარგებლობაზე და ითხოვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიის მოდიფიცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რეალკომის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან კომპანია უარს აცდახებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF 60 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირეებით (10.705გჰც – 11.181გჰც) სარგებლობაზე სწორედ იმ რაიონებში, (ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონები), სადაც მას კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილებით განესაზღვრა პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება. (ქ.თბილისში შპს „რეალკომი“ პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებდა კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროსაც, რაც აღნიშნულია კიდეც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში) ანუ ფაქტობრივად სახეზე გვაქვს შპს „რეალკომის“ მიერ, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიაზე ნაწილობრივი უარი.
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს შპს „რეალკომის“ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზიის მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ლიცენზიიდან ამოღებულ იქნას სიხშირეებით (10.705გჰც – 11.181გჰც) სარგებლობის უფლება ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში, გაუქმდება კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N93/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულებაც.
ზემოაღნიშნული სალიცენზიო ვალდებულების გაუქმების გამო, კომისია მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს შპს „რეალკომის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებას, ამავე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ვინაიდან, უქმდება ზემოაღნიშნული სალიცენზიო ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „რეალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და შპს „რეალკომის“ მოთხოვნის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს კომპანიის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F60 ლიცენზიის მოდიფიცირება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „რეალკომის“ სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. მოდიფიცირდეს შპს „რეალკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF60 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის 93/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) რადიოსიხშირული ზოლი: 10.705-11.181 გჰც ქ.თბილისში;“
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”რეალკომისთვის” ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
