წვდომის მენიუ

რიგი ავტორიზებული პირებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 68 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით დადგენილია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის პერსონალური და სამეწარმეო რეესტრით გათვალისწინებული ის მონაცემები, რომელთა შეტანაც ხორციელდება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

     ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტების (2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებია: საწარმოს საფირმო სახელწოდება, საწარმოს სამართლებრივი ფორმა, საწარმოს იურიდიული მისამართი, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების), ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, მისამართი, პირადი ნომერი და ხელმოწერა.

     აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის  მონაცემების, მათ შორის საწარმოს იურიდიული მისამართის, დირექტორისა და დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების)ცვლილებები.

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, ხოლო ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიას შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა ეცნობოს შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 21.12.2009 №10/770-09, 25.12.2009 №10/800-09, 29.12.2009 10/817-09 და 11.01.2010 №10/21-10 სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და მ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რიგი ავტორიზებული პირების მიმართ. კომისიის სხდომის დღედ განისაზღვრა  2010 წლის 12 იანვარი, რის თაობაზეც ეცნობათ სამსახურებრივ ბარათებში მითითებულ ავტორიზებულ პირებს. კომისიის სხდომა გაიმართა 2010 წლის 12 იანვარს. სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო  2010 წლის 29 იანვრისათვის.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ კიდევ ერთხელ გაანალიზდა ავტორიზებული პირების მიერ ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის საკითხი და 2010 წლის 18 იანვრის №10/33-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად დადგინდა, რომ ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების პირველი პუნქტის დარღვევა არ დაუდასტურდათ რიგ ავტორიზებულ პირებს, რის გამოც ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე მათ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება  კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №53/18 გადაწყვეტილებით  შეწყდა. იმავდროულად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2010 წლის 18 იანვრის №10/33-10 სამსახურებრივ ბარათში აღინიშნა ავტორიზებული პირები, რომელთა მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების მოთხოვნები. ესენია: შპს ”C.T.S”-ი, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”, შპს ”პელიკომი”, შპს ”დიდგორი-2”, შპს ”ბადაგი”, შპს ”კოსმო-TV”-ი, შპს ”ვოიპნეტი”, შპს ”მშენპროექტკომპანია”, შპს ”გლობალ სელი”,  სს ” ინფოჯორჯია XXI”, შპს ” Alpha Telecom”-ი, შპს ” გლობალკომი”, შპს ”ალტერნეტი”, შპს ” სერვისი”.

   აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელა რიგი ავტორიზებული პირების: შპს ”C.T.S”-ის, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”,   შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას”,  შპს ”პელიკომის”,  შპს  ”დიდგორი-2”-ის,  შპს ”ბადაგის”, შპს ”კოსმო-TV”-ის, შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, შპს ”გლობალ სელ”-ის, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ეს, შპს ”Alpha Telecom”-ის, შპს   ” გლობალკომის”, შპს ”ალტერნეტის” და  შპს ” სერვისის” მიმართ.

    ზემოაღნიშნულ პირებს 2010 წლის 20 იანვრის შეტყობინებით განმეორებით   განემარტათ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული  უფლებები და ვალდებულებები და აგრეთვე ეცნობათ სხდომის დღის შესახებ.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 29 იანვრის  სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”C.T.S”-ის, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას”, შპს ”პელიკომის”, შპს ”დიდგორი-2”-ის, შპს ”ბადაგის”,  შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, შპს ”გლობალ სელის”,  სს ”ინფოჯორჯია XXI”-ეს, შპს ”Alpha Telecom”-ის, შპს ”გლობალკომის”, შპს ”ალტერნეტის” და შპს ” სერვისის” წარმომადგენლები. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”კოსმო-TV”-ის წარმომადგენელი, რომელსაც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის გამნარტებით შეტყობინება ჩაბარდა, ხოლო მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე.

           2010 წლის 29 იანვრის სხდომაზე, კომისიამ მიიღო  №53/18 გადაწყვეტილება შპს ”C.T.S”-ის, შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას”, შპს ”დიდგორი-2”-ის,  შპს ”კოსმო-TV”-ის, შპს ”ვოიპნეტის”, შპს ”მშენპროექტკომპანიის”, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ეს,  შპს ”Alpha Telecom”-ის, შპს ”გლობალკომის”, შპს”ალტერნეტის” და შპს ”სერვისის” მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

       გამომდინარე იქიდან, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”პელიკომის”, შპს ”ბადაგისა” და შპს ”გლობალ  სელის” ნაწილში საქმე მოითხოვდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებით გამოკვლევას, მათ მიმართ საკითხის განხილვა  გადაიდო 2010 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე.

    2010 წლის 5 თებერვალს გაიმართა  კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის”, შპს ”პელიკომის”, შპს ”ბადაგისა” და შპს ”გლობალ  სელის” წარმომადგენლები.

ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათის შესწავლის შედეგად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

1. შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” 2006 წლის 16 მარტიდან  რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება, ინტერნეტით მომსახურება, საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო  მომსახურება და საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურება. გარდა აღნიშნულისა, 2009 წლის 14 აგვისტოდან შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას.

კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი სს ”ეგრისი” შეიცვალა შპს ”სისტემ ნეტით”, რის თაობაზეც შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”  წერილობით აცნობა კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე  2009 წლის 04 დეკემბერს. 2009 წლის 08 დეკემბერს, შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ”   წარუდგინა კომისიას დამფუძნებელ პარტნიორთა 2009 წლის 26 ოქტომბრის კრების  ოქმი  და ამონაწერი პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრიდან, გაცემული 2009 წლის 02 დეკემბერს დამოუკიდებელი რეგისტრატორი შპს ”კაპიტალ რეგისტრის” მიერ. კომისიამ გამოიკვლია წარმოდგენილი ინფორმაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილება არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის წილის შეძენასთან და მისი მიზეზი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორის სს ”ეგრისის” რეორგანიზაცია, რომლის  შედეგად  2008 წლის 14 ნოემბერს შეიქმნა შპს ”სისტემ ნეტი”.

კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” დამფუძნებელი პარტნიორი სს ”ეგრისი” შეიცვალა შპს ”სისტემ ნეტით” პარტნიორთა შეთანხმებით, საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია, ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-52 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ 2010 წლის 02 დეკემბერს, რის თაობაზეც შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ” კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა 2010 წლის 8 დეკემბერს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტით დადგენილი ვადის დაცვით.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” არ უდასტურდება  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების დარღვევის ფაქტი, რის გამოც ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად,  მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა  შეწყდეს.

2. შპს ”პელიკომი” 2007 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ფიქსირებული  ადგილობრივი სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, ფიქსირებული საერთაშორისო  სატელეფონო ხმოვანი მომსახურება და  ფიქსირებული საქალაქთაშორისო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება.

2009 წლის 1 დეკემბერს, შპს ”პელიკომმა” კომისიას აცნობა ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორის, სს”ეგრისის” ცვლილების თაობაზე, ხოლო  2010 წლის 04 თებერვალს, შპს ”პელიკომმა” კომისიას წარუდგინა დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი - დამფუძნებელ პარტნიორთა 2009 წლის  25 ნოემბრის  კრების ოქმი, რომელიც არ არის ნოტარიულად დამოწმებული და რომლის თანახმადაც დამფუძნებელი პარტნიორი სს ”ეგრისი” შეიცვალა შპს ’სისტემ ნეტით”.

კომისიამ გამოიკვლია შპს ”პელიკომის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”პელიკომის” დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილება არ არის დაკავშირებული ავტორიზებული პირის წილის შეძენასთან და მისი მიზეზი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორის სს ”ეგრისის” რეორგანიზაცია, რომლის  შედეგად  2008 წლის 14 ნოემბერს შეიქმნა შპს ”სისტემ ნეტი”. კომისიამ აგრეთვე გამოარკვია, რომ შპს ”პელიკომის” დამფუძნებელი პარტნიორი სს ”ეგრისი” შეიცვალა შპს ”სისტემ ნეტით” პარტნიორთა შეთანხმებით, საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლის 25 ნოემბერს, თუმცა შპს ”პელოკომს” დღემდე არ წარმოუდგინა კომისიაში ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით (როგორც 2010 წლის 1 იანვრამდე, ისე 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ მოქმედი რედაქციით)  გათვალისწინებული პარტნიორთა წილობრივი ცვლილების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას  მიაჩნია,  რომ  შპს ”პელიკომმა” დამფუძნებლი პარტნიორის ცვლილების თაობაზე კომისიას წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია.  რითაც  დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა)   ქვეპუნქტი.

 3. შპს ”ბადაგი” 2006 წლის 22 მაისიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში როგორც ავტორიზებული პირი შემდეგი საქმიანობის და მომსახურების მითითებით: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებების უზრუნველყოფა და ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

     2009 წლის 3 ივლისს შეიცვალა შპს ”ბადაგის”  იურიდიული მისამართი,  რის თაობაზეც  შპს  ”ბადაგმა”  წერილობით აცნობა კომისიას კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის  10 დეკემბერს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, 2010 წლის 1 თებერვალს შპს ”ბადაგმა” წარუდგინა კომისიას 2009 წლის 19 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება წილის შეძენის თაობაზე, რითაც დასტურდება, რომ  ფიზიკური პირი მარინა ცირეკიძის წილი შპს ”ბადაგში” შეიძინა ფიზიკურმა პირმა, მერაბ მახარობლიშვილმა.  დამფუძნებელი პარტნიორის ცვლილების თაობაზე შპს ”ბადაგმა” წერილობით აცნობა კომისიას  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, მხოლოდ 2009 წლის 10 დეკემბერს და  დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა 2010 წლის 1 თებერვალს, რითაც დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და მ)  ქვეპუნქტები.

გარდა აღნიშნულისა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი, შპს ”ბადაგი” ვალდებული იყო კომპანიის წილების შეძენის განზრახვის შესახებ ეცნობებინა კომისიისთვის, კომპანიაში წილის შეძენის განხორციელებამდე.

4. შპს ”გლობალ სელი” 2009 წლის 29 აპრილიდან რეგისტრირებულია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში, როგორც ავტორიზებული პირი, შემდეგი საქმიანობისა და მომსახურების სახეების მითითებით: ფიქსირებული  ადგილობრივი სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, ფიქსირებული საერთაშორისო  სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, ფიქსირებული საქალაქთაშორისო სატელეფონო ხმოვანი მომსახურება, ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, როუმინგული კავშირით მომსახურება, ტექსტური შეტყობინების მომსახურება, მულტიმედიური მომსახურება, ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა), მოძრავი ინტერნეტ მომსახურება და მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.         

2009 წლის 30 ნოემბერს,  შპს ”გლობალ სელმა”  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე წერილობით აცნობა კომისიას კომპანიის დამფუძნებელთა ცვლილების თაობაზე. კომისიის  2010 წლის 29 იანვრის კომისიის სხდომაზე, შპს ”გლობალ სელმა” წარმოადგინა  წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც დამფუძნებელთა ცვლილება საწარმოში არ განხორციელებულა, ხოლო  2010 წლის 05 თებერვლის კომისიის სხდომაზე, მან წარმოადგინა კიდევ ერთი წერილობითი ახსნა-განმარტება და სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერი გაცემული 2010 წლის 04 თებერვალს, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელთა ცვლილება შპს ”გლობალ სელში” განხორციელდა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა თუ როდის და რა გზით განხორციელდა აღნიშნული ცვლილება.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”გლობალ სელმა”, 2009 წლის 30 ნოემბერს  წარუდგინა კომისიას არასრულყოფილი  ინფორმაცია, ხოლო  2010 წლის 29 იანვარს წარუდგინა კომისიას არასწორი ინფორმაცია დამფუძნებელთა ცვლილებასთან დაკავშირებით, რითაც მან დაარღვია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა)  ქვეპუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას დადგენილად მიაჩნია, რომ არ დადასტურდა შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19  და 26-ე მუხლების დარღვევის ფაქტი, რის გამოც ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად,  მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა  შეწყდეს.

     კომისიას აგრეთვე დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ”პელიკომმა” დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის  ა) ქვეპუნქტი, შპს ”ბადაგმა” დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის  ბ) და მ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი, ხოლო შპს ”გლობალ სელმა” დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ა)  ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს მათ მიმართ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საფუძველს.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

    იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”პელიკომის”, შპს ”ბადაგის” და შპს ”გლობალ სელის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ა), ბ) და მ) ქვეპუნქტების,  26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 45-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 54-ე და 167-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” მიმართ, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების დარღვევის დაუდასტურებლობის გამო;

2.   გაფრთხილდეს შპს ”პელიკომი” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3.  გაფრთხილდეს შპს ”ბადაგი” „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის  ბ) და მ)  ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის  დარღვევის გამო;

4. გაფრთხილდეს შპს ”გლობალ სელი” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე  პუნქტის ა)  ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნინო ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის”, შპს ”პელიკომისათვის”, შპს ”ბადაგისათვის” და შპს ”გლობალ სელისათვის”  გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის”, შპს ”პელიკომისათვის”, შპს ”ბადაგისათვის” და შპს ”გლობალ სელისათვის”   ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კახი ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები