წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 70 / 8

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 08 იანვრის  N26/8  გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი  ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორხმრივი  რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 62,582.00 (სამოცდაორი ათას ხუთას ოთხმოცდაორი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების საბოლოო ვადად  განისაზღვრა 2010 წლის 21 იანვრის 18:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად -  2010 წლის 12 თებერვლის 13:00  საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 3129.00 (სამი ათას ას ოცდაცხრა) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინა მხოლოდ შპს ”სტერეო+”-მა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია  შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2010 წლის 12 თებერვალს  კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტერეო+”-ის წარმომადგენელი, დირექტორი დავით ზილფიმიანი.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”სტერეო+”-ის წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (3129.00 სამი ათას ას ოცდაცხრა ლარი) საერთო ოდენობის -  65,711.00 (სამოცდახუთი ათას შვიდას თერთმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სტერეო+”-ი ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორხმრივი  რადიოსარელეო კავშირისთვის ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, დუშეთი, ჩოხატაური, ხარაგაული და ასპინძა,  293,5 მჰც ± 6 მჰც სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 65,711.00 (სამოცდა ხუთი ათას შვიდას თერთმეტი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს ”სტერო+”-მა  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის საფასურის 30%-ს - 19,713.30 (ცხრამეტი ათას შვიდას ცამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 6,258.20 (ექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი ანუ 13,455.10 (ცამეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა 2010 წლის 12 მარტამდე  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (45,997.70  ორმოცდახუთი ათას  ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;           

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (იოსებ აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხატია ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ინგა თოდრია) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (იოსებ აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (იოსებ ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                 კარლო კვიტაიშვილი

                                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები