სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” და შპს ,,ინტელ ფონისათვის” მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრისა და საკითხის არსებითი განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით (29.01.10. №6/320-10) მიმართა კომისიას და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა შპს ,,ინტელ ფონის” მიერ ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დაფარვამდე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ინტელ ფონი” არ ასრულებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობას. კერძოდ, არ გადაიხადა ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის სექტემბერში მისთვის გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხა 59 550 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების დამადასტურებელ მტკიცებულებად სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას წარმოუდგინა შპს ,,ინტელ ფონისათვის” გაგზავნილი 2009 წლის სექტემბრისა და 2009 წლის ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებები, აგრეთვე შპს ,,ინტელ ფონის” 2009 წლის 31 დეკემბრის განცხადება, რომლითაც ის კომისიისაგან ითხოვდა აეკრძალა სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” 2009 წლის სექტემბერში ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის შპს ,,ინტელ ფონისათვის” დარიცხული თანხის მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 თებერვალს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ინტელ ფონს”. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება. შეტყობინებასთან ერთად, შპს ,,ინტელ ფონს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, ასევე გადაეგზავნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 12 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” და შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” არსებული ურთიერთჩართვის შეჩერება, ვინაიდან შპს ,,ინტელ ფონს” მის მიმართ გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონს” არ უსარგებლია სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მომსახურებით, ვინაიდან დროის ამ პერიოდში მიმდინარეობდა შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო საშუალებების განახლება და რეპროგრამირება. შესაბამისად, შპს ,,ინტელ ფონი” არ ეთანხმება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის სექტემბერში ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის მისთვის დარიცხულ თანხას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე მხარეების ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მხარეებს მიეცეთ ვადა საკუთარი პოზიციების დასაბუთებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხის განხილვის გაგრძელება 2010 წლის 19 თებერვლის სხდომაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეთ ვადა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ,,ინტელ ფონს” საკუთარი პოზიციების დასაბუთებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით;
2. სს ,,გაერთიანებულ ტელეკომის” განცხადების არსებითი განხილვა გაგრძელდეს კომისიის სხდომაზე 2010 წლის 19 თებერვალს, 16 საათზე;
3. საკითხის განხილვის გაგრძელების დღის შესახებ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” და შპს ,,ინტელ ფონი” გაფრთხილდნენ კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
