სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” შპს ,,ინტელ ფონთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” განცხადებით (29.01.10. №6/320-10) მიმართა კომისიას და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა შპს ,,ინტელ ფონის” მიერ ურთიერთჩართვიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დაფარვამდე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,ინტელ ფონი” არ ასრულებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობას. კერძოდ, არ გადაიხადა ურთიერთჩართვიდან გამომდინარე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის სექტემბერში მისთვის გაწეული მომსახურებისათვის დარიცხული თანხა 59 550 ლარის ოდენობით. აღნიშნული დავალიანების დამადასტურებელ მტკიცებულებად სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” კომისიას წარმოუდგინა შპს ,,ინტელ ფონისათვის” გაგზავნილი 2009 წლის სექტემბრისა და 2009 წლის ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებები, აგრეთვე შპს ,,ინტელ ფონის” 2009 წლის 31 დეკემბრის განცხადება, რომლითაც ის კომისიისაგან ითხოვდა აეკრძალა სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” 2009 წლის სექტემბერში ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის შპს ,,ინტელ ფონისათვის” დარიცხული თანხის მოთხოვნა.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 თებერვალს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ინტელ ფონს”. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება. შეტყობინებასთან ერთად, შპს ,,ინტელ ფონს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით, ასევე გადაეგზავნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 12 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” და შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” არსებული ურთიერთჩართვის შეჩერება, ვინაიდან შპს ,,ინტელ ფონს” მის მიმართ გააჩნია ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2009 წლის 15 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შპს ,,ინტელ ფონს” არ უსარგებლია სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მომსახურებით, ვინაიდან დროის ამ პერიოდში მიმდინარეობდა შპს ,,ინტელ ფონის” საკომუნიკაციო საშუალებების განახლება და რეპროგრამირება. შესაბამისად, შპს ,,ინტელ ფონი” არ ეთანხმება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის სექტემბერში ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის მისთვის დარიცხულ თანხას.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა გაგრძელდა 2010 წლის 19 თებერვალის კომისიის სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდნენ სს ,,გაერთიანებული ტელეკომისა” და შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომის” წარმომადგენელმა შპს ,,ინტელ ფონის” მიერ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების გამო, ამ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შპს ,,ინტელ ფონთან” არსებული ურთიერთჩართვის შეჩერება, რასაც არ დაეთანხმნენ შპს ,,ინტელ ფონის” წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე მხარეთა შეპასუხებისა და მოსაზრებების მოსმენის, მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. სს ,,გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ,,ინტელ ფონს” შორის 2008 წლის 1 ივლისს გაფორმდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომელიც დღესაც მოქმედებს.
2. სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” შპს ,,ინტელ ფონს” დაარიცხა ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად 2009 წლის სექტემბერში მისთვის გაწეული მომსახურებისათვის თანხა 59 550 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც შპს ,,ინტელ ფონს” ეცნობა 2009 წლის სექტემბრისა და 2009 წლის ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებებით.
3. სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვს შპს ,,ინტელ ფონთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობას შპს ,,ინტელ ფონის” მიერ დავალიანების სრულად დაფარვამდე.
4. შპს ,,ინტელ ფონი” სადაოდ ხდის სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ 2009 წლის სექტემბერში ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის მისთვის დარიცხულ თანხას და არ აღიარებს დავალიანებას. სწორედ ამ მიზეზით შპს ,,ინტელ ფონმა” ხელი არ მოაწერა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შედგენილ 2009 წლის სექტემბრისა და 2009 წლის ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილებებს.
5. შპს ,,ინტელ ფონს”, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2009 წლის სექტემბრის თვის გარდა, სხვა თვეებში შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ არ აქვს.
კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიებს შორის არსებული ურთერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემა წარმოადგენს კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელიც მან უნდა განახორციელოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე. შესაბამისად, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისია თანხმობას იძლევა მხოლოდ უდავო, აღიარებული და შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში. ამასთანავე, კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ინტელ ფონს”, 2009 წლის სექტემბრის თვის გარდა, სხვა თვეებში შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები არ აქვს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2010 წლის 5 თებერვლის № 65/16 გადაწყვეტილებაში კომისიას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შპს ,,ინტელ ფონისათვის” ურთიერთჩართვიდან გამომდინარე 2009 წლის სექტემბრის თვეში გაწეული მომსახურების სახე და ოდენობა, აგრეთვე დარიცხული თანხის ოდენობა. მეტიც, არც სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” და არც შპს ,,ინტელ ფონს” არ მოუთხოვიათ კომისიისაგან აღნიშნული. შესაბამისად, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გამოდგება სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” შპს ,,ინტელ ფონთან” არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ლ) ქვეპუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლებისა და 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მოთხოვნა შპს ,,ინტელ ფონთან” არსებული ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების უზრუნველყოფის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ,,ინტელ ფონისთვის” და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისთვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
