2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

ნომერი: 26 / 9

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2011

მიღების თარიღი იანვარი 25, 2011

”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და  ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2010 წლის 17 სექტემბრის N 435/23 კომისიის გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით. ზეპირი მოსმენა დაინიშნა 5 ნოემბრისათვის.

2010 წლის 5 ნოემბრის N 491/23 კომისიის გადაწყვეტილებით გადაიდო ზეპირი მოსმენის სხდომა და იმავდროულად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ორივე საკითხზე ზეპირი მოსმენა დაინიშნა 6 დეკემბერს, რომელიც განმეორებით ჩატარდა  13 დეკემბერს. 2010 წლის 13 დეკემბრის №569/23 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების  ვადების დაცვის მიზნით, შეწყდა კომისიის 2010 წლის 17 სექტემბერის  №435/23 და  5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები და ახლიდან დაიწყო იგივე საკითხებზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები. 

საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა 2010 წლის 13 დეკემბრის №569/23 კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიმართა 2011 წლის 12 იანვარს, 16:00 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: მალხაზ ჟორჟიკაშვილი - შპს ”ჯეოსელი”, ფინანსური ანგარიშგების ექსპერტი;  ალექსანდრე სადაღაშვილი - შპს ”ჯეოსელი”, იურისტი; გია კოშორიძე - შპს ”მაგთიკომი”, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; ანდრია აბაშიძე - შპს ”მაგთიკომი”, გენერალური დირექტორის  მოადგილე; ანდრია ზოდელავა - შპს ”მაგთიკომი”, გენერალური დირექტორის  მოადგილე; ზურაბ გალუმაშვილი - შპს ”მაგთიკომი”, გენერალური დირექტორის მოადგილე; დავით ძიძიგური - შპს ”მაგთიკომი”, იურისტი; ირაკლი ესართია - შპს ”მობიტელი”, იურიდიული სამსახურის უფროსი; გიორგი არღანაშვილი - სს ”გლობალ ერთი”, დირექტორის მოადგილე; რუსუდან გოგინავა - სს ”გლობალ ერთი”, იურისტი; მაგდა გაბრიჩიძე - პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო”, გენერალური მდივანი; ოთარ ჭითანავა - პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველო” - პოლიტსაბჭოს წევრი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (ე.ასანიძე) წარმოადგინა ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგები, აგრეთვე კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის საკითხის შესწავლის შედეგები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ:

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-7 მუხლის თანახმად, კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას უნდა განხორციელდეს საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის, ამ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების ჯგუფის და  ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა.  

ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე 2G და 3G ტექნოლოგიის გამოყენებით მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას ეწევა შპს ”მაგთიკომი” და შპს ”ჯეოსელი”, 2G ტექნოლოგიის გამოყენებით – შპს ”მობიტელი”, ხოლო CDMA ტექნოლოგიის გამოყენებით  – სს ”სილქნეტი”.

ოთხივე კომპანიის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ აქვთ ავტორიზაცია გავლილი კომისიაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდების თაობაზე;

შპს ”მაგთიკომი”, შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მობიტელი” და სს ”სილქნეტი” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურებას ეწევიან ერთგვაროვანი პირობებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევისა და ანალიზის მიზნით ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებელ პირებად უნდა განისაზღვრონ: შპს ”მაგთიკომი”, შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მობიტელი” და სს ”სილქნეტი”,  ხოლო სეგმენტის გეოგრაფიულ ფარგლებად მიჩნეული უნდა იქნას საქართველოს მთელი ტერიტორია.

მომსახურების სახეების ჯგუფს, რომელიც განისაზღვრა ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის მიზნისათვის, წარმოადგენს მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების მიერ წამოწყებული და  საქართველოს ფარგლებში განხორციელებული სატელეფონო ხმოვანი მომსახურების სახეები:

ა) საკუთარ (შიდა) ქსელში განხორციელებული ზარები;

ბ) სხვა მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები;

გ) ფიქსირებული ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის დადგენისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრისთვის ძირითად კრიტერიუმად შერჩეულ იქნა აბონენტების რაოდენობის მიხედვით ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ამავე დროს განისაზღვრა და გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების  და ტრაფიკის მოცულობის მიხედვით დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები.

კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგები:

კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მობილური ქსელის აქტიური აბონენტების რაოდენობა 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 30 ნოემბრის  მონაცემების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ცხრილი 1

კომპანიის დასახელება

2009 წლის 31 დეკემბერი

2010 წლის 30 ნოემბერი

აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი%

აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი%

შპს ”მაგთიკომი

1 334 638

43,61%

1 328 670

41,61%

შპს ”ჯეოსელი

1 396 874

45,64%

1 447 785

45,34%

შპს ”მობიტელი

328 926

10,75%

415 032

13,00%

სს ”სილქნეტი

0

0,00%

1 525

0,05%

სულ

3 060 438

100,00%

3 193 012

100,00%

 

ფარდობითი წილები აბონენტების რაოდენობის მიხედვით 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით გრაფიკულად  ასე გამოიყურება:

გრაფიკი 1

აბონენტების რაოდენობა მობილური კომპანიების ბრენდების მიხედვით 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შემდეგნაირად ნაწილდება:

გრაფიკი 2

შენიშვნა:

 1. კვლევისა და ანალიზის მიმდინარე წარმოების დროს ფარდობითი საბაზრო წილის გაანგარიშებისთვის აბონენტების რაოდენობად აღებულია აქტიური აბონენტების რაოდენობა 2010 წლის 30 ნოემბრის  მდგომარეობით  შემდეგი განმარტების შესაბამისად: აქტიურია აბონენტი, თუ მან საანგარიშო თვის განმავლობაში ერთხელ მაინც განახორციელა გამავალი  სატელეფონო ზარი, გააგზავნა მოკლე ტექტური შეტყობინება, ისარგებლა მონაცემთა გადაცემის სერვისით.

2. აბონენტთა რაოდენობა შედგება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების რაოდენობის ჯამისაგან.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა შეადგენს 1525 -ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”სილქნეტის” მონაცემები გათვალისწინებულია მხოლოდ აბონენტების მიხედვით ფარდობითი წილების განსაზღვრის დროს. ტრაფიკის და შემოსავლების მიხედვით ფარდობითი წილების განსაზღვრა განხორცილდა სს ”სილქნეტის” მონაცემების გარეშე, ვინაიდან  ბაზრის სეგმენტის მოცულობის განსაზღვრისა და საბაზრო წილების დადგენისას სს ”სილქნეტის” ტრაფიკის და შემოსავლების შესახებ მონაცემები  რაიმე გავლენას ვერ მოახდენს კვლევისა და ანალიზის შედეგებზე.

მობილური  ქსელიდან  საქართველოს ტერიტორიაზე  განხორციელებული გამავალი საცალო (საკუთარ, სხვა მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში განხორციელებული) ტრაფიკის მოცულობა  2010 წლის 11 თვის მონაცემების საფუძველზე გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი 3            

მონაცემები მობილურ ქსელში განხორციელებული საცალო და საბითუმო ტრაფიკის (შიდა, გამავალი და შემომავალი) ჯამური რაოდენობის შესახებ  2010 წლის 11 თვის მონაცემების საფუძველზე შემდეგნაირად გამოიყურება:                                                                                                                                   

 გრაფიკი 4

მობილური ქსელში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზარებიდან  მიღებული შემოსავლები 2010 წლის  11 თვის მონაცემებით შემდეგია:

 

                                                                                                                   ცხრილი 2

 

კომპანიის დასახელება

ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე

”მაგთიკომი”

134 901 092

”ჯეოსელი”

146 897 954

”მობიტელი”

35 055 329

სულ

316 854 375

 

გრაფიკულად გამოსახული  კომპანიების ფარდობითი წილები მობილური ქსელში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზარებიდან  მიღებული შემოსავლების მიხედვით  შემდეგია:

 

 გრაფიკი 5

მობილურ ქსელში ყველა სახის საცალო და საბითუმო მომსახურებიდან  მიღებული შემოსავლები 2010 წლის  11 თვის მონაცემებით წარმოდგენილია № 3 ცხრილში:

ცხრილი 3

  კომპანიის დასახელება

 

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი 2G/3G- დან მიღებული შემოსავლები, ლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე

”მაგთიკომი”

272 604 530

”ჯეოსელი”

285 684 265

”მობიტელი”

70 367 068


კომპანიების გრაფიკულად გამოსახული  ფარდობითი წილები მობილურ ქსელში საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგია: 

გრაფიკი 6

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს წარმოადგენენ - შპს ”მაგთიკომი” და შპს ”ჯეოსელი”.    

განხორციელდა შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” საცალო სატარიფო პოლიტიკის ანალიზი, რომლის შედეგები ასეთია:

1.    შპს ”მაგთიკომი”

ძირითადი სატარიფო გეგმები, რომლებსაც შპს “მაგთიკომი“ აბონენტებს სთავაზობს ბრენდების მიხედვით, შემდეგია:

ა) ბრენდი  “მაგთი“ 

ამ ბრენდის აბონენტებს სატელეფონო ხმოვანი მომსახურება მიეწოდებათ სტანდარტული და ალტერნატიული ტარიფებით:

ა.ა.სტანდარტული ტარიფი:

მაგთის/მაგთი ფიქსის/ბალის/ბანის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასურია - 5 თეთრი/წუთი, ზარის წამოწყება 10 თეთრი;

საქართველოს სხვა ნებისმიერი  კომპანიის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასურია  - 18 თეთრი/წუთი (ზარის წამოწყება 10 თეთრი);

ა.ბ. ალტერნატიული ტარიფი:

მაგთის/მაგთი ფიქსის/ბალის/ბანის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნებისმიერი ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასურია  -25 თეთრი/წუთი (07.00 სთ-დან 24.00სთ- მდე);  - 15 თეთრი/წუთი (00.00 სთ-დან 07.00 სთ-მდე).

ბ) ბრენდი “ბალი“

ამ ბრენდის აბონენტებს სატელეფონო ხმოვანი მომსახურება მიეწოდებათ  შემდეგი ტარიფებით:

საქართველოს ნებისმიერი სხვა ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური - 25 თეთრი/წუთი;

შპს ”მაგთიკომის” ბრენდების (გარდა ბალისა) მიმართულებით  განხორციელებული ზარის საფასური - 10 თეთრი/წუთი;

ბრენდის აბონენტებს შორის განხორციელებული ზარის საფასური - 5 თეთრი/წუთი;

გ) ბრენდი “ბანი“

ამ ბრენდის აბონენტებს სატელეფონო ხმოვანი მომსახურება მიეწოდებათ  შემდეგი ტარიფებით:

გ.ა. პირველი სტანდარტული ტარიფი:

ბრენდის აბონენტებს შორის განხორციელებული ზარის საფასური - 4 თეთრი/წუთი;

შპს ”მაგთიკომის” ბრენდების (გარდა ბანისა) მიმართულებით  განხორციელებული ზარის საფასური  - 12 თეთრი/წუთი;

საქართველოს ნებისმიერი სხვა ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური - 16 თეთრი/წუთი;

გ.ბ. მეორე სტანდარტული ტარიფი:

ბრენდის აბონენტებს შორის განხორციელებული ზარის საფასური - 2 თეთრი/წუთი;

შპს ”მაგთიკომის” ბრენდების (გარდა ბანისა), აგრეთვე შპს ”ჯეოსელის” და საქართველოს ფიქსირებული ქსელების მიმართულებით  განხორციელებული ზარის საფასური  - 15 თეთრი/წუთი;

შპს ”მობიტელის” მიმართულებით  განხორციელებული ზარის საფასური  - 21,8 თეთრი/წუთი;

გარდა ძირითადი სატარიფო გეგმებისა, შპს ”მაგთიკომის” თითოეული ბრენდის აბონენტებისთვის მოქმედებს აქციები, რომელთა ფარგლებში გათვალისწინებულია დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებული პირობები.

შპს “მაგთიკომში“ ერთ წუთზე საშუალო სატარიფო შემოსავლის დადგენისას გათვალისწინებულ იქნა, როგორც სტანდარტული სატარიფო გეგმებისა და აქციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლები, ასევე კორპორაციული აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლები. შპს “მაგთიკომში“ მობილური ქსელის აბონენტებისათვის დადგენილი ტარიფები არ არის გამიჯნული მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებების მიხედვით. აქედან გამომდინარე  კომპანიის მობილური ქსელიდან შიდა მობილურ და ფიქსირებულ ქსელში განხორციელებული ზარების სატარიფო გეგმები ერთმანეთის  იდენტურია. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კომპანიების მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით მოქმედ ტარიფებზეც.

2010 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის  1 დეკემბრამდე პერიოდში:

ა) ბრენდი “მაგთიდან“ განხორციელებული ზარების 69% “მაგთიკომის“ შიდა ქსელებში (”მაგთი”, ”ბალი”, ”ბანი”, ”მაგთი ფიქსი”) განხორციელებული ზარებია, ხოლო 31% - სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს, საკუთარი ქსელის შიგნით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 45%, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა- 55%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 11,6 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით  განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 31,2 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით. ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 17,7 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

ბ) ბრენდი “ბალიდან“ განხორციელებული ზარების 92% “მაგთიკომის“ შიდა ქსელებში (”მაგთი”, ”ბალი”, ”ბანი”, ”მაგთი ფიქსი”) განხორციელებული ზარებია, ხოლო 8% - სხვა კომპანიის მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს, საკუთარი ქსელის შიგნით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 75%, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან - 25%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 6,4 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 25,1 თეთრი აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით. ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 7,8 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

გ) ბრენდი “ბანიდან“ განხორციელებული ზარების 67% შპს “მაგთიკომის“ შიდა ქსელებში (”მაგთი”, ”ბალი”, ”ბანი”, ”მაგთი ფიქსი”) განხორციელებული ზარებია, ხოლო 33% - სხვა კომპანიის მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს შიდა ქსელში განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 52%, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან შემოსავლებმა - 48%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 7,8 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 15,0 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით. ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 10,2 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

საერთო ჯამში 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში შპს  “მაგთიკომის“ მობილური ქსელებიდან განხორციელებული ზარების 77% შპს “მაგთიკომის“ შიდა ქსელებში შემდგარი ზარებია, ხოლო 23% - სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს შიდა ქსელში განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინეს 52%, ხოლო გარე ქსელში განხორციელებული ზარებიდან - 48%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და  დღგ-ს  ჩათვლით შეადგინა 9,1 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 28,7 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით. ზოგადად, კომპანიის  საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 13,6 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

გრაფიკი 7

არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბრენდი “მაგთიდან“ სხვა კომპანიების ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების ერთ წუთზე საშუალო შემოსავალი 2,69-ჯერ აღემატება შიდა ქსელებში განხორციელებული ზარების ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალს. შესაბამისად ბრენდ “ბალში“ - 3,92 ჯერ, ხოლო ბრენდ “ბანში“ - 1,92 ჯერ. ზოგადად კომპანია “მაგთიკომში“ მობილური ქსელებიდან სხვა კომპანიების ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების საშუალო შემოსავალი ერთ წუთზე  3,15-ჯერ აღემატება შიდა ქსელებში განხორციელებული ზარების ერთ წუთზე საშუალო შემოსავალს;

გრაფიკი 8

2.    შპს ”ჯეოსელი”

ძირითადი სატარიფო გეგმები, რომლებსაც შპს “ჯეოსელი“ აბონენტებს სთავაზობს ბრენდების მიხედვით, შემდეგია:

ა) ბრენდი ”ჯეოსელი”

ამ ბრენდის აბონენტებს სატელეფონო ხმოვანი მომსახურება მიეწოდებათ  შემდეგი ტარიფებით:

 ძირითადი ტარიფი:

ჯეოსელის/ლაილაის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური - 25,9 თეთრი;

საქართველოს სხვა ნებისმიერი ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური  - 28,8 თეთრი;

ბ) ბრენდი ”ლაი-ლაი”

 ამ ბრენდის აბონენტებს სატელეფონო ხმოვანი მომსახურება მიეწოდებათ  შემდეგი ტარიფებით:

 ძირითადი ტარიფი:

ჯეოსელის/ლაილაის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური - 28.8 თეთრი/წუთი;

საქართველოს სხვა ნებისმიერი ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარის საფასური  - 28,8 თეთრი/წუთი;

გარდა ძირითადი სატარიფო გეგმებისა, შპს ”ჯეოსელის” თითოეული ბრენდის აბონენტებისთვის მოქმედებს აქციები, რომელთა ფარგლებში გათვალისწინებულია დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებული პირობები.

კომპანია “ჯეოსელის“  ერთ წუთზე საშუალო სატარიფო შემოსავლის დადგენისას გათვალისწინებულ იქნა, როგორც სტანდარტული  სატარიფო გეგმებისა და აქციების გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლები, ასევე კორპორაციული აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლები. შპს “ჯეოსელის“ აბონენტებისათვის დადგენილი ტარიფები არ არის გამიჯნული მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებების მიხედვით. აქედან გამომდინარე  კომპანიის მობილური ქსელიდან სხვა კომპანიების მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების სატარიფო გეგმები ერთმანეთის იდენტურია.

2010 წლის 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში:

ა) ბრენდი “ჯეოსელიდან“ განხორციელებული ზარების 86% კომპანიის შიდა ქსელში (”ჯეოსელი”, ”ლაი-ლაი”) განხორციელებული ზარებია, ხოლო 14% - ბრენდიდან სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს, შიდა ქსელის შიგნით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 46%, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავალებმა - 54%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 3,7 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 26,3 თეთრი აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით.  ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 6,9 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

ბ) ბრენდი “ლაი-ლაიდან“ განხორციელებული ზარების 75% კომპანიის შიდა ქსელში (”ჯეოსელი”, ”ლაი-ლაი”) განხორციელებული ზარებია, ხოლო 25% - ბრენდიდან სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარები. ამავე დროს, შიდა ქსელის შიგნით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 57%, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა - 43%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 9,8 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 21,9 თეთრი აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით. ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 12,9 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

საერთო ჯამში, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის  1 დეკემბრამდე პერიოდში კომპანია “ჯეოსელიდან“ განხორციელებული ზარების 78% შიდა ქსელებში შემდგარი ზარებია, ხოლო 22% - სხვა კომპანიის ქსელებში შემდგარი ზარებია. ამავე დროს შიდა ქსელში განხორციელებული ტრაფიკიდან შემოსავლებმა შეადგინეს 55%, ხოლო გარე ქსელში განხორციელებული ტრაფიკიდან - 45%. შიდა ქსელებში განხორციელებული ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 7,7 თეთრი, ხოლო სხვა კომპანიებზე გამავალი ზარებიდან ერთ წუთზე საშუალო შემოსავალმა - 22,8 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით. ზოგადად საშუალო შემოსავალმა ერთ წუთზე შეადგინა 11,0 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

გრაფიკი 9

არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბრენდი “ჯეოსელიდან“ სხვა კომპანიების ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალი 7,1-ჯერ აღემატება შიდა ქსელებში განხორციელებული ზარების  ერთ წუთზე საშუალო შემოსავალს; ხოლო ბრენდი “ლაი-ლაიდან“ სხვა კომპანიების ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების  ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალი 2,23-ჯერ აღემატება შიდა ქსელებში განხორციელებული ზარების  ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალს. ზოგადად კომპანია “ჯეოსელში“ სხვა კომპანიების ქსელების მიმართულებით განხორციელებული ზარების ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალი 3,74-ჯერ აღემატება შიდა ქსელებში განხორციელებული ზარების ერთ წუთზე  საშუალო შემოსავალს.

გრაფიკი 10

შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” საცალო სატარიფო პოლიტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორივე კომპანია, მომხმარებელს სთავაზობს საკუთარ ქსელში რამდენჯერმე ნაკლებ ტარიფს, ვიდრე სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით. ამას ადასტურებს განხორციელებული ტრაფიკის და მიღებული შემოსავლების სტრუქტურაც. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატმენტის მოსაზრებით, აღნიშნული სახის სატარიფო პოლიტიკით, ფლობენ რა მომხმარებელთა მნიშვნელოვან რაოდენობას, შპს ”მაგთიკომს” და შპს ”ჯეოსელს” აქვთ შესაძლებლობა ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი ქსელის მიმზიდველობა აბონენტებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ საცალო სატარიფო პოლიტიკის ანალიზისთვის  კომპანიებისაგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2010 წლის ნოემბრის თვის მონაცემების ჩათვლით. წინამდებარე გადაწყვეტილებაში წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაში მოცემულია ბოლო სამი თვის მონაცემები, კერძოდ, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდი, ვინაიდან ეს პერიოდი განსხვავდებოდა 2010 წლის წინა თვეებისაგან იმით, რომ 1 სექტემბრიდან ამოქმედდა აქციზით დაბეგვრის ვალდებულება, 1 აგვისტოდან შემცირდა ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფები, შპს ”მაგთიკომის” მიერ 2010 წლის 23 აგვისტოს შეიცვალა კომპანიის ძირითადი ბრენდის ”მაგთის” სტანდარტული სატარიფო გეგმა; გარდა ამისა, ანალიზი წარმოდგენილი იქნა უახლესი პერიოდის მიხედვით, რომელშიც ასახულია  კომპანიებში მოქმედი ტარიფებისა და მიმდინარე აქციების შედეგები.  თუმცა, ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ 2010 წლის 11 თვის ჯამური მონაცემები არსებითად არ ცვლის წარმოდგენილი ანალიზის შედეგებს.

გარდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად  ცნობისათვის განსაზღვრული პირველადი კრიტერიუმისა,  შპს ”მაგთიკომისა” და შპს ”ჯეოსელის” შემთხვევაში, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ცნობის  რამდენიმე  მეორეული კრიტერიუმი, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” თანახმად. კერძოდ,  შპს ”მაგთიკომს”  და შპს ”ჯეოსელს”:

ა) გააჩნიათ  მათი საქმიანობის სტრუქტურული დივერსიფიცირების მაღალი ხარისხი, რომელიც განპირობებულია განხორციელებული საქმიანობის შედარებით მაღალი მოცულობით და მრავალფეროვნებით;

ბ) წარმოადგენენ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ეკონომიკურ აგენტებს, ფლობენ უპირატესობას საქსელო ინფრასტრუქტურის და ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური ელემენტების, მათი რესურსების და სიმძლავრეების მიხედვით, აგრეთვე ტექნოლოგიურ უპირატესობას;

გ) ფლობენ მომხმარებელთა ისეთ რაოდენობას, რის გამოც მსურველი პირი უპირატესობას მიანიჭებს მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ავტორიზებული პირის არჩევისას;

დ) აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ სატარიფო ზეწოლა ბაზრის შესაბამის  სეგმენტზე;

ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის არაგარდამავალი ხასიათის რთულად დასაძლევი დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

კომისიის მიერ შესწავლილი იქნა შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელების შესაბამისობა  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებთან“.

შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის”  მიერ მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების შედეგები:

1. შპს ”მაგთიკომი”

კომპანიის მიერ საცალო სატელეფონო და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დანახარჯების განაწილების მოდელის საბოლოო ვარიანტი წარმოადგენილია 2010 წლის 10 დეკემბრის N10/232-3 წერილით.

კომპანიის მიერ მოწოდებული დანახარჯების განაწილების მოდელში წარმოდგენილია 4 ვარიანტი:  2009 წლის ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებით, 2010 წლის პროგნოზის მიხედვით და 2011 წლის  საპროგნოზო მონაცემების მიხედვით.

კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვაში გამოყენებული დანახარჯთა მუხლების მონაცემები დაჯგუფებულია შემდეგ კატეგორიებად: საოპერაციო დანახარჯები; ამორტიზაცია; კაპიტალის ღირებულება; ურთიერთჩართვისა და როუმინგის დანახარჯები; არასაოპერაციო დანახარჯები.

საოპერაციო დანახარჯები მოიცავს: ქსელის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯებს; რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაცემულ საკომისიოებს; მარკეტინგის დანახარჯებს; ზედნადებ და საწარმოო მმართველობით დანახარჯებს; გადასახადებს.

კომპანიის მიერ საოპერაციო დანახარჯები, ამორტიზაცია და კაპიტალის  ღირებულება განაწილდა ქსელის შემდეგ ელემენტებზე:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელი (მობილური);

ბ) უსადენო ფიქსირებული ქსელი (მაგთი ფიქსი);

გ) სადენიანი ფიქსირებული ქსელი;

დ) სხვა.

კომისიამ განიხილა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი 2010 წლის 9 თვის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ვინაიდან, ამ ვარიანტში წარმოდგენილია კომპანიის მიერ უახლოეს გასულ პერიოდში ფაქტიურად გაწეული ხარჯები, მიღებული შემოსავლები და განხორციელებული ტრაფიკი. აღნიშნული მონაცემებით გაანგარიშების შემთხვევაში მიიღება ინფორმაცია  მომსახურების რეალური ღირებულების შესახებ.

კომისიამ გამოარკვა, რომ დანახარჯების განაწილების პირველ ეტაპზე, მობილურ, სადენიან ფიქსირებულ და უსადენო ფიქსირებულ ქსელებს შორის ხარჯების გადანაწილებისათვის კომპანიის მიერ შერჩეული იქნა შემოსავლების პროპორციულობის პრინციპი. მობილური ქსელებიდან მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიის საერთო შემოსავალში 85,78 პროცენტი შეადგინა. შემდეგში, მობილურ ქსელში, ხმოვან სატელეფონო მომსახურებასა (ტრაფიკთან) და მონაცემთა გადაცემის მომსახურებებთან (ინტერნეტი, SMS, MMS, როუმინგი და სხვა) დაკავშირებული დანახარჯების განაწილების მიზნით, განისაზღვრა ამ საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი კომპანიის მიერ მობილური ქსელიდან მიღებულ  შემოსავალში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით სატელეფონო ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი (საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებიდან) კომპანიის მიერ მობილური ქსელიდან მიღებულ შემოსავალში 78,78 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საოპერაციო ხარჯი და ამორტიზაციის თანხები განაწილებულია, ზემოაღნიშნული შემოსავლების პროპორციულობის პრინციპის განაწილების წესიდან განსხვავებით. კერძოდ, საბაზო სადგურების მოვლასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები როგორიცაა: იჯარა, ელექტროენერგია, საწვავი, რემონტი და მომსახურება, მობილურ და უსადენო ფიქსირებულ ქსელებზე განაწილებული იქნა მობილური და უსადენო ფიქსირებული ქსელების რადიო დაშვების საიტების რაოდენობის პროპორციულად. ანალოგიურად მოხდა ამორტიზაციის თანხების გადანაწილებაც. აღნიშნული ხარჯების მობილურ ხმოვან მომსახურებაზე მიკუთვნების შემდეგ იგი პროპორციულად გადანაწილდა ზარის წამოწყება/დასრულებისა  და საცალო მომსახურების ხვედრითი წილის შესაბამისად.

არასაოპერაციო ხარჯებისა და როუმინგთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მოდელში, კომპანიის ქსელის ელემენტებზე და მომსახურების სახეებზე განაწილებულია ფაქტიურად გაწეული ყველა დანახარჯი.

უშუალოდ მობილურ ქსელში საცალო და ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების მიზნით დადგენილი იქნა კომპანიის მობილური ქსელის მთლიან ტრაფიკში საცალო მომსახურების ტრაფიკისა და წამოწყება/დასრულების ტრაფიკის ხვედრითი წილები.

მოდელის მიხედვით, მობილურ ქსელში საცალო და ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე 2010 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიის მობილურ ქსელში განხორციელებულმა შიდა ტრაფიკმა 691 259 639 წუთი შეადგინა, სხვა ქსელში (მობილური, ფიქსირებული) გამავალმა ტრაფიკმა 291 773 666 წუთი, ხოლო სხვა ქსელებიდან (მობილური, ფიქსირებული) შემომავალმა ტრაფიკმა 433 866 644 წუთი.

იმის გამო, რომ მობილური ქსელში განხორციელებული შიდა ზარი კომუტირდება საკომუტაციო სადგურში და რადიოდაშვების ქსელის ელემენტებს მოიხმარს როგორც ზარის წამომწყები აბონენტიდან საკომუტაციო სადგურამდე, ასევე საკომუტაციო სადგურიდან გამოძახებულ აბონენტთან სიგნალის მიწოდებისას, განხორციელებული შიდა ტრაფიკი დანახარჯების განაწილების მოდელში ასახულია როგორც ზარის წამოწყების, ისე ზარის დასრულების ტრაფიკის ოდენობაში.

ხარჯების განაწილების მოდელში გამოყენებული შემოსავლებისა და ტრაფიკის  მონაცემები, შეესაბამება შემოსავლებისა და ტრაფიკის შესახებ კომპანიის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში ასახულ მონაცემებს.

კომპანიის მიერ გამოანგარიშებულმა კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილმა წლიურმა განაკვეთმა 34,83 პროცენტი შეადგინა, რომელიც გამოანგარიშებულია შემდეგი მონაცემებისა და კოეფიციენტების გამოყენებით. კერძოდ,

ა) ”r” ურისკო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 6,73 პროცენტი;

ბ) ე.წ. ”ბეტა” კოეფიციენტის მნიშვნელობად აღებულია ”ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვ­ნებთან შესაბამისობის შესწავლის თაობაზე” კომისიის 2008 წლის 25 მარტის დასკვნა N2-ის დანართი N8, რომელიც უდრის - 1,11;

გ) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობა (Rm) – 32,05;

კომპანიის განმარტების თანახმად აღნიშნული კოეფიციენტის გამოთვლისას, ევროპული კომპანიების მონაცემები დაკორექტირებულია საქართველოს რეალობისათვის;

დ) რისკ-შეწონილი საბაზრო პრემია - 25,32.

”ავტორიზირებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილების შესაბამისად “r” - წლიური საპროცენტო განაკვეთი იანგარიშება, 182 დღიანი ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი განთავსების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობიდან. იმასთან დაკავშირებით, რომ 182 დღიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების განთავსება შეწყდა 2007 წლის ბოლოს, კომპანიამ გამოიყენა 91 დღიანი ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების პირველადი განთავსების აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობა.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარჯების განაწილების მოდელით, საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებზე ზემოაღნიშნული ხარჯების განაწილების შემდეგ (რომელშიც კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი 34,83 პროცენტია) ერთ წუთის ღირებულება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

2009 წლის ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების მიხედვით, საცალო მომსახურების ერთ წუთის ღირებულებამ აქციზისა და დღგ-ს გარეშე შეადგინა - 14,25 თეთრი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით - 18,50 თეთრი.

2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებით,  საცალო მომსახურების ერთ წუთის ღირებულებამ აქციზის და დღგ-ს გარეშე შეადგინა - 18,52  თეთრი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით - 24.04 თეთრი.

2010 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, საცალო მომსახურების ერთ წუთის ღირებულებამ აქციზის და დღგ-ს გარეშე შეადგინა - 16,85 თეთრი, ხოლო აქციზის და დღგ-ს ჩათვლით - 21,87 თეთრი.

2011 წლის კომპანიის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, საცალო მომსახურების ერთ წუთის ღირებულებამ აქციზის და დღგ-ს გარეშე შეადგინა - 18,81 თეთრი, ხოლო აქციზის და დღგ-ს ჩათვლით - 24,41 თეთრი. 

კომისიას მიაჩნია, რომ ხარჯების განაწილების წარმოდგენილ მოდელში კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთის გაანგარიშება (34,83 პროცენტი) არ შეესაბამება ”ავტორიზირებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებას.

”ავტორიზირებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობა გაიანგარიშება კომისიის მიერ საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების  მიერ წარმოდგენილი 2009 წლის ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი) მიხედვით საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობა 19 პროცენტია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის 32,05 პროცენტის ნაცვლად, მოდელში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალოებული ოდენობის (19%) გათვალისწინების შემთხვევაში, კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი წლიური განაკვეთი (WACC)  20,35 პროცენტის ტოლია. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება დანახარჯის მუხლი - კაპიტალის ღირებულება.

გარდა ამისა, კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილის წლიური განაკვეთი 2010 წლის 9 თვის მოდელის გაანგარიშებისას პროპორციულად იქნა გადაანგარიშებული შესაბამის (ანუ 9 თვიან) პერიოდზე. 

აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინების შედეგად 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებით საცალო სატელეფონო და ურთიერთჩართვის მომსახურებებზე გადასანაწილებელმა ხარჯებმა 128,817,854 ლარი შეადგინა. ხარჯების სტრუქტურა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ქსელის მომსახურების ხარჯები (შრომის ანაზღაურება, ტექნიკური უზრუნველყოფა, არხების იჯარა და სხვა), ამორტიზაცია (მატერიალური და არამატერიალური აქტივები), ზედნადები და საწარმოო მმართველობითი დანახარჯები, კაპიტალის ხარჯი, სხვა დანარჩენი (მარკეტინგი, საკომისიოები, ბიუჯეტში გადასახადები და ა.შ.).

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, საცალო სატელეფონო მომსახურების ერთ წუთის ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა:

 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებით, შიდა მობილური ქსელის საცალო მომსახურების ერთ წუთის ღირებულებამ (კაპიტალის ღირებულების გათვალისწინებით) აქციზისა და დღგ-ს  გარეშე - 12,57 თეთრი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით - 16,31 თეთრი შეადგინა. საკუთარი მობილური ქსელიდან საკუთარ ფიქსირებულ ქსელში საცალო მომსახურებაზე ერთი წუთის ღირებულებამ (კაპიტალის ღირებულების გათვალისწინებით) აქციზისა და დღგ-ს  გარეშე შეადგინა - 10,54 თეთრი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით - 13,67 თეთრი.

ვინაიდან  დანახარჯების განაწილების წარმოდგენილ მოდელში გათვალისწინებული არ არის სხვა მობილური და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებული ხარჯები, 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე განხორციელებული ტრაფიკების პროპორციულად, აგრეთვე დღეისათვის ბაზარზე მობილურ და ფიქსირებულ ქსელებში არსებული ურთიერთჩართვის მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კომისიის მიერ განხორციელდა საშუალო დანახარჯების განსაზღვრა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საშუალოდ ერთი წუთის ღირებულებამ (კაპიტალის ღირებულების გათვალისწინებით) ერთ წუთზე სხვა კომპანიების მობილურ და  ფიქსირებულ ქსელებში განხორციელებული ზარებისათვის შეადგინა 20,15 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საშუალოდ ერთი წუთის   ღირებულებამ კომპანიის შიდა და სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებისათვის შეადგინა 17,1 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

2. შპს ”ჯეოსელი”

შპს ”ჯეოსელის” მიერ 2010 წლის 27 დეკემბრის N2/337-10 წერილით წარმოდგენილ იქნა საცალო სატელეფონო და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დანახარჯების განაწილების მოდელი.

კომპანიის მიერ შერჩეული მოდელის თანახმად, ხმოვან სატელეფონო მომსახურებასა (ტრაფიკთან) და მონაცემთა გადაცემის მომსახურებებთან (ინტერნეტი, SMS, MMS)  დაკავშირებული დანახარჯების განაწილების მიზნით, პირველ ეტაპზე, განისაზღვრა ამ საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი კომპანიის საერთო შემოსავალში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით სატელეფონო ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი (საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებიდან) კომპანიის მთლიან შემოსავალში 78,81 პროცენტია.

მეორე ეტაპზე, საცალო და ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე დანახარჯების განაწილების მიზნით დადგენილი იქნა კომპანიის მთლიან ტრაფიკში აღნიშნული მომსახურების სახეების ხვედრითი წილები.

მოდელის მიხედვით, მობილურ ქსელში საცალო და ურთიერთჩართვის მომსახურების სახეებზე 2010 წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიის მობილურ ქსელში განხორციელებულმა შიდა ტრაფიკმა 746 151 423 წუთი შეადგინა, სხვა ქსელში (მობილური, ფიქსირებული) გამავალმა ტრაფიკმა - 235 527 752 წუთი, ხოლო სხვა ქსელებიდან (მობილური, ფიქსირებული) შემომავალმა ტრაფიკმა - 351 639 393  წუთი.

იმის გამო, რომ მობილური ქსელში განხორციელებული შიდა ზარი კომუტირდება საკომუტაციო სადგურში და რადიოდაშვების ქსელის ელემენტებს  მოიხმარს როგორც ზარის წამომწყები აბონენტიდან საკომუტაციო სადგურამდე, ასევე საკომუტაციო სადგურიდან გამოძახებულ აბონენტთან სიგნალის მიწოდებისას, განხორციელებული შიდა ტრაფიკი დანახარჯების განაწილების მოდელში ასახულია როგორც ზარის წამოწყების, ისე ზარის დასრულების ტრაფიკის ოდენობაში.

მოდელში ხარჯები განაწილებულია მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) საცალო მომსახურების სახეებზე.

კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვაში გამოყენებული დანახარჯთა მუხლების მონაცემები დაჯგუფებულია შემდეგ კატეგორიებად: საოპერაციო დანახარჯები; ამორტიზაცია; კაპიტალის ღირებულება; ურთიერთჩართვისა და როუმინგის დანახარჯები; არასაოპერაციო დანახარჯები.

საოპერაციო დანახარჯები მოიცავს: ქსელის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას და გაცემულ საკომისიოებს; მარკეტინგის დანახარჯებს; ზედნადებ და საწარმოო მმართველობით დანახარჯებს; გადასახადებს.

თავდაპირველად, განსაზღვრულია დანახარჯების ის კატეგორიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მოდელში, კერძოდ, საოპერაციო დანახარჯები, ამორტიზაცია და კაპიტალის ღირებულება.

შემდგომში, კომპანიის მიერ საოპერაციო დანახარჯები, ამორტიზაცია და კაპიტალის ღირებულება განაწილდა სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულებისა და მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) საცალო მომსახურების სახეებზე.

მთლიანმა ხარჯებმა, რომლებიც განაწილებულია მოდელში 142,410,616 ლარი შეადგინა. ხარჯების სტრუქტურა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ქსელის მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯები (ტექნიკური საშუალებების მოვლა-შეკეთების (მართვის) ხარჯი, ტრანსმისიის ხარჯი, საკრედიტო და წინასწარი გადახდის ბილინგ სისტემის მოვლის ხარჯი, ტექნიკური საშუალებების ფართის იჯარა და სხვა); საოპერაციო აქტივების ამორტიზაცია (ცვეთა) (ცვეთა გამოანგარიშებულია აქტივების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის პერიოდის გათვალისწინებით); ზედნადები და საწარმოო მმართველობითი ხარჯები,  კაპიტალის ღირებულება, ბიუჯეტში გადასახადები, სხვა ხარჯები (მარკეტინგი, მომსახურების საკომისიო, და ა.შ.).

კომპანიის მიერ გამოანგარიშებულმა კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილმა წლიურმა განაკვეთმა (WACC) 18,84 პროცენტი შეადგინა, რომელიც გამოანგარიშებულია შემდეგი მონაცემებისა და კოეფიციენტების გამოყენებით. კერძოდ,

ა) ”r” ურისკო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 6,68 პროცენტი;

ბ) ე.წ. ”ბეტა” კოეფიციენტი - 1,002.

გ) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის წლიური განაკვეთის გასაშუალებული ოდენობა (Rm) – 19,02.

შედეგად კაპიტალის ღირებულების წლიური ხარჯი გადაანგარიშდა 9 თვიან პერიოდზე, რაც დაფიქსირებულ იქნა ხარჯების განაწილების მოდელში.

მარკეტინგისა და საკომისიოების თანხები, აგრეთვე ბიუჯეტში გადასახადები და სხვა ხარჯები მიკუთვნებულია უშუალოდ საცალო მომსახურებაზე.

საერთო საწარმოო მმართველობითი ზედნადები და კაპიტალის ხარჯი განაწილებულია კომპანიის მთლიან ტრაფიკში საბითუმო და საცალო ტრაფიკის ხვედრითი წილების პროპორციულად.

ამორტიზაციის თანხები ზარის წამოწყება/დასრულებისა (ურთიერთჩართვა) და საცალო მომსახურების სახეებზე განაწილებულია იმ აქტივების მიხედვით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ მომსახურების განხორციელებაში.

საცალო და საბითუმო მომსახურების სახეებზე ზემოაღნიშნული ხარჯების განაწილების შემდეგ, 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებით საცალო მომსახურების ერთი წუთის ღირებულებამ (კაპიტალის ღირებულების გათვალისწინებით)  აქციზის  და  დღგ-ს გარეშე  შეადგინა 13,68  თეთრი, ხოლო აქციზისა და დღგ-ს  ჩათვლით - 17,75 თეთრი.

 2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემებიდან გამომდინარე განხორციელებული ტრაფიკების პროპორციულად მოხდა საშუალო დანახარჯების განსაზღვრა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანია “ჯეოსელში“ შიდა ქსელში განხორციელებული ზარებისათვის ერთი წუთის საშუალო ღირებულებამ  შეადგინა 17,8 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით, სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებისათვის - 20,8 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით, ხოლო საშუალო ღირებულებამ შიდა და სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარებისათვის შეადგინა ერთ წუთზე 18,5 თეთრი აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი შეესაბამება ”ავტორიზირებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების არსებითი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი ბოროტად გამოყენების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ არ უნდა მოხდეს კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებმა უნდა უზრუნველყონ შეთავაზებული საბითუმო და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალობა;   მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირმა უნდა უზრუნველყოს  აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ უნდა დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირებს, უნდა დაეკისროთ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულება დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის შესახებ და ამავე კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულება სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; 35-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში დადგენილი უნდა იქნას ხმოვანი სატელეფონო მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი საქართველოს ფარგლებში განხორციელებული ზარებისათვის - 24 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით.

აღნიშნული ზედა ზღვრული ტარიფის ოდენობის დადგენისას, კომისიამ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები:

ა) ზედა ზღვრული ტარიფი შეზღუდავს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების ქცევას, დაადგინონ შიდა ქსელის და სხვა კომპანიების მიმართულებით განხორციელებული ზარების იმგვარად დიფერენცირებული საფასური, რომელიც შექმნის დაბრკოლებას ბაზარზე ახალი შემომსვლელისთვის;

ბ) დანახარჯების განაწილების მოდელის მიხედვით, შპს  ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” სატელეფონო ხმოვანი მომსახურების ერთ წუთზე განაწილებული დანახარჯის და კაპიტალის ღირებულების ჯამის ოდენობა ნაკლებია 24 თეთრზე, მაგრამ, ვინაიდან კომისიის მიერ დგინდება ზედა ზღვრული ტარიფი საცალო მომსახურების სახისათვის ბაზრის იმ სეგმენტზე, სადაც მომხმარებლებს  მომსახურებას აწვდის სამი ავტორიზებული პირი, მობილური კომპანიებს უნარჩუნდებათ შესაძლებლობა ზედა ზღვრული ტარიფის ფარგლებში,  მომხმარებლებს შესთავაზონ სხვადასხვა სატარიფო გეგმები, აქციები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს  მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებას და არჩევანის თავისუფლებას;

გ) კომისია ითვალისწინებს რა კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-4 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მინიმალური საჭირო რეგულირების პრინციპს (ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი არსებითი პირობები უნდა დადგინდეს იმ მინიმალური მოცულობის ფარგლებში, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას, შესვლის დაბრკოლებების შემცირებას და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის მხრიდან საბაზრო უპირატესობის უხეშად გამოყენების შეუძლებლობას), ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედა ზღვრული ტარიფის 24 თეთრი/წუთზე ნაკლები ოდენობის დადგენა; ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გაგრძელდება ბაზრის სეგმენტზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებულ სატარიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის შესწავლა, მათ შორის პორტაბელურობის ვალდებულების ამოქმედების შემდგომ პერიოდში, და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განხილული იქნას საკითხი დაკისრებული ვალდებულებების ცვლილების თაობაზე;

დ) ზედა ზღვრული ტარიფის დადგენით მომხმარებელი დაცული იქნება არაგონივრულად მაღალი და დისკრიმინაციული ტარიფისაგან;

ე) კომისიას მიაჩნია, რომ ზედა ზღვრული ტარიფის დაცვის ვალდებულება უნდა გავრცელდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ დადგენილ ყველა იმ ტარიფის, სატარიფო გეგმის, აქციის და ა.შ. მიმართ, რომელიც აბონენტს ჩაერთვება ავტომატურად, აბონენტის თანხმობის გარეშე.

ვ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, საცალო ტარიფების კომისიის  გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი იქნა შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აქციზით დაბეგვრის ვალდებულება.

შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მაგთიკომის” მიერ წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელების შესაბამისად, რომელშიც ასახულია 2010 წლის 9 თვის ფაქტიური დანახარჯები და განხორცილებული ტრაფიკი, ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელფონო ზარის წამოწყება/დასრულება) ერთ წუთის ღირებულება, მათ შორის აქციზის და დღგ-ს გათვალისწინებით, არ აღემატება  2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ზედა ზღვრულ ოდენობას, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის (სატელფონო ზარის წამოწყება/დასრულება)  დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფი 8 თეთრი/წუთზე, უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, მე-20, 21-ე, 22-ე,  23-ე, 33-ე და 35-ე მუხლების, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრად - საქართველოს მთელი ტერიტორია;

2. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ჯგუფი განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) შპს ”ჯეოსელი”;

ბ) შპს ”მაგთიკომი”;

გ) შპს ”მობიტელი”.

დ) სს „სილქნეტი“

3. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები:

ა) შპს ”ჯეოსელი”;

ბ) შპს ”მაგთიკომი”.

4. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის  სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს შემდეგი ვალდებულებები:

4.1. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი  ვალდებულია უზრუნველყოს შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;

ბ) კომისიის მიერ  2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული, “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით;

გ) 2011 წლის 30 აპრილამდე წარმოადგინოს 2010 წლის ფაქტიური მონაცემების საფუძველზე შედგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი საცალო და საბითუმო მომსახურების სახეების მიხედვით;

დ) უზრუნველყოს საბითუმო და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალება.

4.2. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი კონკრეტული პირობებით:

ა)  ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირმა უზრუნველყოს   ბოლო მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით, არ დაუშვას საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა;

ბ) ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს საკუთარი აბონენტის მიერ წამოწყებულ, სატელეფონო ხმოვან მომსახურებაზე ( ა) საკუთარ (შიდა) ქსელში განხორციელებული ზარები; ბ) სხვა მობილური ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები; გ) ფიქსირებული ქსელის მიმართულებით განხორციელებული ზარები) ზედა ზღვრული ტარიფი - 24 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით, შემდეგი პირობებით:

ბ.ა. ზედა ზღვრული ტარიფის დაცვის ვალდებულება მოქმედებს  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ დადგენილ ყველა იმ ტარიფის, სატარიფო გეგმის, აქციის და ა.შ. მიმართ, რომელიც ბოლო მომხმარებელს (აბონენტს)  ჩაერთვება ავტომატურად, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის)  არჩევანის გარეშე;

       ბ.ბ. ნებისმიერი ასეთი ტარიფის, სატარიფო გეგმის, აქციის და ა.შ. ფარგლებში დადგენილი ხმოვანი სატელეფონო მომსახურების საფასური არ შეიძლება აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფის ოდენობას, როგორც სრული წუთისათვის, აგრეთვე მისი ნებისმიერი მონაკვეთისთვის; წუთობრივი მომსახურების საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს გაწეული მომსახურების წამობრივი სიზუსტით;

ბ.გ. ნებისმიერი ასეთი ტარიფის, სატარიფო გეგმის, აქციის და ა.შ. ფარგლებში დაუშვებელია  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ ისეთი გადასახადის/საფასურის დაწესება (ყოველთვიური, ყოველდღიური, ზარის წამოწყების გადასახადი/საფასური, სააბონენტო და ა.შ.), თუ იგი გამოიწვევს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ სატელეფონო ხმოვანი მომსახურებისთვის  გადასახდელი საფასურის გადამეტებას კომისიის მიერ დადგენილ ზედა ზღვრული ტარიფის ოდენობაზე;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია ტარიფების, აქციების და ა.შ. პირობების შესახებ ბოლო მომხმარებელს (აბონენტს) მიაწოდოს ინფორმაცია გამჭვირვალედ და სრულად. ბოლო მომხმარებელს (აბონენტს), მისთვის გასაგები ფორმით, უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გადასახადელი თანხის ოდენობისა და მომსახურების მოცულობის შესახებ;

დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა უზრუნველყოს საცალო ტარიფების კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა 2011 წლის 1 აპრილამდე; ინფორმაცია 2011 წლის 1 აპრილიდან მოქმედი ტარიფების და პირობების  შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას კომისიაში 5 სამუშაო დღით ადრე.

ე) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა კომისიაში წარმოადგინოს ინფორმაცია ტარიფების, აქციების და ა.შ. შესახებ  ამოქმედებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”მაგთიკომმა”, შპს ”მობიტელმა” და სს ”სილქნეტმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, შემოსავლების, აგრეთვე სატარიფო გეგმების და აქციების ფარგლებში განხორციელებული ტრაფიკისა და მიღებული შემოსავლების შესახებ კომისიის მიერ მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად;

6. შევიდეს ცვლილება 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების 4.5 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის, და დღგ-ს  ჩათვლით.“

7. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.№6)  ერთი თვის ვადაში;

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                          ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                           ი. მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები