წვდომის მენიუ

სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირების შესახებ

ნომერი: 109 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2011

მიღების თარიღი მარტი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 28 თებერვალს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის სამსახურებრივი ბარათი (28.02.2011 N10/139-11) და ამავე დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა  (გ. რატიშვილი, ი.მახარაძე) მიერ, 2011 წლის 15 თებერვალს, ქ.თბილისში, მისამართზე: მ.წინამძღვრიშვილის N57-59 შედგენილი შემოწმების აქტი N9, სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით სს „ჯი ენ ენი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “GMG ფეხბურთი”, “GMG სპორტი, “HTV +СпорСоюз”, “HTV+Теннис, “Euronews”, “Deutche Welle”, “TV5”, “აჭარის ტელევიზია”, “ერთსულოვნება”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი”, “რეალტივი საქართველო”, Усадьба, “Охота и рыбалка”, “Fox life”, “BBC”, “იმედი”, “მზე”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, “საქართველო”, “კავკასია“, „მაესტრო“, „რეგიონ ტვ“, “RTVI”, „AXN-Scifi“, „Animal plannet“, “TLC”, “National Geographic”, “Wild”, “Disney”, “24 Texно”,  “History”, “Explorer”,  ,,Россия Культура”, «Наше Любимое Кино” „GMG გურმანი“, ,,HTV + Кино Плюс“ “TV1000”, “TV1000 action”, ”Индия”, “Zona romantica”, “ენკი ბენკი“, „Cartoon Network”, “Discovery”, „Детский Мир”, “English Club”, “MTV”, “Mezzo”, “Fashion”, “CNN”, “IHTER+”, “Шансон ТВ“, “Shant TV”, “AZ TV”, “Kurd 1”.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (28.02.2011 N10/139-11)  აღნიშნულია შემდეგი:

„კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2011 წლის 15 თებერვალს განხორციელდა სს ”ჯი ენ ენ”-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №9 (შემოწმების აქტს თან ერთვის შემოწმების ვიდეო ჩანაწერი).

კომისიის 2011 წლის 16 თებერვლის №04/306-11 წერილით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სს ”ჯი ენ ენ”-ს დაევალა კომისიაში სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ნოტარიალურად დამოწმებული ასლების წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად, სს ”ჯი ენ ენ”-მა კომისიას მიმართა შუამდგომლობით, დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ სს ”ჯი ენ ენ”-ს ნოტარიალურად დამოწმებული და სათანადოდ თარგმნილი ასლების წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა ორიგინალი ხელშეკრულებებისა და მათი ასლების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 21 თებერვლის წერილით (№04/337-11) დაავალა დაუყოვნებლივ.

2011 წლის 23 თებერვალს სს ”ჯი ენ ენ”-მა კომისიაში წარმოადგინა სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები (331 გვ.).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი.

შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ სამაუწყებლო არხების ”რეალტივი-საქართველოს”, “TV 5”-ის, და “Disney Channel”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები სს ”ჯი ენ ენ”-ს არ გააჩნია.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სს ”ჯი ენ ენ”-ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს წერილი ქურთული სამაუწყებლო არხი ”ROJ TV”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების თაობაზე, თუმცა 2011 წლის 15 თებერვლის შემოწმების შედეგად, სს ”ჯი ენ ენ”-ის მართვაში არსებულ საკაბელო ქსელში ფიქსირდებოდა ქურთული სამაუწყებლო არხი “Kurd 1”-ს რეტრანსლირების ფაქტი, რაც სულ სხვა სამაუწყებლო არხია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (28.02.2011 N10/139-11) და N9 შემოწმების აქტის საფუძველზე,  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის  01 მარტს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ჯი ენ ენ”-ის სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინებით (01.02.2011 N03/389-11) ეცნობა სს „ჯი ენ ენ“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 4 მარტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორი ბატონ მ.კიკნაძე.

კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება და დამატებითი მტკიცებულებები.

კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის დორექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიას შპს „რელატივი საქართველოსთან“ და სამაუწყებლო არხ “Kurd 1”-თან აქვს ზეპირი გარიგება აღნიშნული სამაუწყებლო არხების საკუთარი საკაბელო ქსელით რეტრანსლირების თაობაზე.  წარმომადგენელმა მიუთითა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით“. შესაბამისად, სს „ჯი ენ ენ“-ს მიაჩნია, რომ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტორს შორის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ფორმით და გარიგების ნამდვილობისთვის არ არის აუცილებელი წერილობითი ფორმის დაცვა, მით უფრო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, თუ გარიგების ნამდვილობისთვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი სპეციალური ფორმა, მაშინ მხარეებს თვითონ შეუძლიათ განსაზღვრონ გარიგების ფორმა და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული მაუწყებლობის ტრანზიტზე აუცილებლად წერილობითი ფორმის ხელშეკრულების არსებობა, თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების ზეპირი ფორმა.

კომისიის სხოდმაზე, სს“ ჯი ენ ენ“-ის დირექტორის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა სამაუწყებლო არხის “Kurd 1”-ს საკონტაქტო ინფორმაცია.

სამაუწყებლო არხის „TV5 MONDE S.A.” რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა სს „ჯი ენ ენ“-სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „TV5 MONDE S.A.” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე და ამავე დროს, „TV5 MONDE S.A.”-სგან 2011 წლის 2 მარტს მიღებული ნებართვის წერილი, აღნიშნული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებასთან დაკავშირებით.

სამაუწყებლო არხის „Disney Channel”-ის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა კომპანია „ტელკო მედიას“ წერილი, სადაც კომპანია, როგორც სამაუწყებლო არხის „Disney Channel“-ის ოფიციალური წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში, ადასტურებს სს „ჯი ენ ენ“-ის უფლებას, ზემოაღნიშნული არხის რეტრანსლირების თაობაზე, სს „ჯი ენ ენ“-სა და „Jetix Europa Properties S.a.r.l“ შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. წერილში დამატებით აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, 2010 წლის 8 აგვისტოდან გადაეცა „Disney Chanel CIS”-ს; დღესდღეობით სამმხრივი ხელშეკრულება  „Disney Channel CIS“-ს, „Jetix Europa Properties S.a.r.l“ და სს „ჯი ენ ენ“-ს შორის გაფორმების სტადიაშია და გადაცემულია ხელმოსაწერად „Disney Channel CIS“-სთვის; აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე გადაეგზავნება სს „ჯი ენ ენ“-ს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაგრძელებულია ფაქტობრივი ურთიერთობები 2010 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ იქნა ასევე მიმოწერა კომპანია „ტელკო მედიასა“ და სს „ჯი ენ ენ“-ს შორის და სს „ჯი ენ ენ“-სა და „Disney Chanel CIS”-ს შორის განხორციელებული ანგარიშსწორების დამადასტურებელი ინვოისები. (30.09.2010; 31.12.2010; 17.01.2011; 02.03.2011)

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 15 თებერვლის №9 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

2.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ.რატიშვილის 2011 წლის 28 თებერვლის სამსახურებრივი ბარათი;

3. 2011 წლის 23 თებერვალს სს ”ჯი ენ ენ”-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები (331 გვ.);

4. კომისიაში სს „ჯი ენ ენის“ მიერ წარმოდგენილი “Roj TV”-სგან მიღებული წერილი;

5. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

6.  კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროს გ. რატიშვილის მიერ ზეპირად ახსნა-განმარტება;

7. კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენის“ წარმომადგენლის ზეპირი ახსნა-განმარტება;

8. სს“ ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები;

9. სს „ჯი ენ ენსა“ და „Jetix Europa Properties S.a.r.l“ შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება;

10. „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და „TV5 MONDE S.A.”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

11. შპს „რეალტივი საქართველოს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (04/03/2011 12:51:28);

12. კომისიის სხდომაზე შპს „რეალტივი საქართველოს“ დირექტორის ქალბატონ ია პაიჭაძის ზეპირი ახსნა-განმარტება, მიღებული მობილური სატელეფონო კავშირით ლაუდ-სფიქერის გამოყენებით (ასახულია ახდომის ოქმში);

13. შპს „რელატივი საქართველოს“ 2011 წლის 1 მარტის წერილი (N6/848-11);

14. შპს „რეალტივი საქართველოს“ 2011 წლის 4 მარტის წერილი (N6/883-11).

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.    სს „ჯი ენ ენი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.

2.  2011 წლის 15 თებერვალს, 18:20 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, მ.წინამძღვრიშვილის ქ. №57-59, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის და ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის ი.მახარაძის მიერ განხორციელდა სს ”ჯი ენ ენის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №9.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ი.მახარაძე, სს „ჯი ენ ენის“ დირექტორი მ.კიკნაძე და კომპანიის თანამშორმელი შ.გამზარდია.

3. შემოწმების აქტი N9-ს შესაბამისად, 2011 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, სს „ჯი ენ ენი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: “GMG ფეხბურთი”, “GMG სპორტი, “HTV +СпорСоюз”, “HTV+Теннис, “Euronews”, “Deutche Welle”, “TV5”, “აჭარის ტელევიზია”, “ივერია“ (ერთსულოვნება), “საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი”, “რეალტივი საქართველო”, Усадьба, “Охота и рыбалка”, “Fox life”, “BBC”, “იმედი”, “მზე”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, “საქართველო”, “კავკასია“, „მაესტრო“, „რეგიონ ტვ“, “RTVI”, „AXN-Scifi“, „Animal plannet“, “TLC”, “National Geographic”, “Wild”, “Disney”, “24 Texно”,  “History”, “Explorer”,  ,,Россия Культура”, «Наше Любимое Кино” „GMG გურმანი“, ,,HTV + Кино Плюс“ “TV1000”, “TV1000 action”, ”Индия”, “Zona romantica”, “ენკი ბენკი“, „Cartoon Network”, “Discovery”, „Детский Мир”, “English Club”, “MTV”, “Mezzo”, “Fashion”, “CNN”, “IHTER+”, “Шансон ТВ“, “Shant TV”, “AZ TV”, “Kurd 1”.

4. 2011 წლის 23 თებერვალს სს ”ჯი ენ ენ”-მა კომისიაში წარმოადგინა სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ასლები.

5. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ სამაუწყებლო არხების ”რეალტივი-საქართველოს”, „TV5 MONDE S.A.”-ს, “Disney Channel”-სა და „Kurd 1” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები სს ”ჯი ენ ენ”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია.

6. სს ”ჯი ენ ენის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია.

კომისიის სხდომაზე სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად გამოირკვა შემდეგი:

1. სს „ჯი ენ ენ“ უდასტურდება „TV5 MONDE S.A.” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების კანონიერება, სს „ჯი ენ ენ“-სა და „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2011 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება, მიუხედავად კომისიის არაერთგზის წერილობითი მოთხოვნისა არ ყოფილა წარმოდგენილი კომისიაში 2011 წლის 4 მარტამდე;

2. სს „ჯი ენ ენ“-ს უდასტურდება სამაუწყებლო არხის “Disney Channel”-ს რეტრანსლირების უფლების კანონიერება, მასსა და „Jetix Europa Properties S.a.r.l“ შორის 2010 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ

ა) ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები 2010 წლის 8 აგვისტოდან გადაეცა „Disney Chanel CIS”-ს;

ბ) დღესდღეობით სამმხრივი ხელშეკრულება  „Disney Channel CIS“-ს, „Jetix Europa Properties S.a.r.l“ და სს „ჯი ენ ენ“-ს შორის გაფორმების სტადიაშია, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაგრძელებულია ფაქტობრივი ურთიერთობები 2010 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რასაც ადასტურებს  სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ დამატებითი მტკიცებულებების სახით, კომისიაში წარმოდგენილი მიმოწერა კომპანია „ტელკო მედიასა“ და სს „ჯი ენ ენ“-ს შორის და სს „ჯი ენ ენ“-სა და „Disney Chanel CIS”-ს შორის განხორციელებული ანგარიშსწორების დამადასტურებელი ინვოისები. (30.09.2010; 31.12.2010; 17.01.2011; 02.03.2011);

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას დადასტურებულად მიაჩნია სს „ჯი ენ ენ“-სა და „Disney Channel CIS“-ს შორის, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ზეპირი გარიგების მოქმედების ფაქტობრივი გარემოება, რაც ადასტურებს სს „ჯი ენ ენ“-ს მიერ სამაუწყებლო არხის „Disney Channel“ მართლზომიერ ტრანზიტს.

3. კომისიის მიერ, სხდომაზე გადამოწმებულ იქნა სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კომპანიას აქვს ზეპირი გარიგება შპს „რეალტივი საქართველოსთან“, სამაუწყებლო არხის „რეალტივი საქართველო“ რეტრანსლირების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია კომისიის სხდომაზევე გადამოწმებულ იქნა შპს „რელატივი საქართველოს“ დირექტორთან ქალბატონ ია პაიჭაძესთან, რომელმაც არ დაადასტურა სს „ჯი ენ ენ“-თან სამაუწყებლო არხ „საქართველო“-ს რეტრანსლირებასთან დაკავშირებით ზეპირი გარიგების არსებობის ფაქტი. სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორის მიერ ეჭვ ქვეშ იქნა დაყენებული ია პაიჭაძის უფლებამოსილების საკითხი, რის შემდეგაც, კომისიის სხდომაზე ასევე გადამოწმდა ია პაიჭაძის უფლებამოსილების კანონიერება როგორც კომისიის უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php) არსებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (04/03/2011 12:51:28), რომლის შესაბამისადაც დადასტურებულ იქნა, რომ შპს „რეალტივი საქართველოს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის დირექტორი - ია პაიჭაძე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ჯი ენ ენ“-ს უდავოდ უდასტურდება საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით სამაუწყებლო არხ „რეალტივი საქართველოს“ არამართლზომიერად, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, რეტრანსლირების ფაქტი.

4. რაც შეეხება სამაუწყებლო არხ „Kurd 1”-ს მართლზომიერ რეტრანსლირებას ზეპირი გარიგების საფუძველზე, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ კომისიის სხომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზეპირი გარიგების არსებობის თაობაზე მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სს „ჯი ენ ენ“-ის დირექტორის განცხადებას, კერძოდ, სამაუწყებლო არხის ზეპირი გარიგების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერებას.

კომისია განმარტავს, რომ ზეპირი გარიგების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, დამკვიდრებული პრაქტიკაა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელის სანებართვო წერილის (permission letter)  წარმოდგენა, რაც სს “ჯი ენ ენ”-ს უნდა წარმოედგინა წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ნაცვლად, კომისიის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობით, კომპანიამ ხელი შეუშალა კომისიას, ამ უკანასკნელის კანონისმიერი ფუნქციების (სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის მონიტორინგი) შესრულებაში, რითაც ფაქტიურად ვლინდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1.    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. ”ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   “საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და “შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

3.  “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. “შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.

4.   ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

5. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე;

6.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. 

7. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

8.  ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ”ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ”ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. 

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ: 

1. უნდა შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება „TV5 MONDE S.A.”-ს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

2. უნდა შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო არხის “Disney Channel”-ს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

3. უნდა შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო არხის „Kurd 1”-ს რეტრანსლირებისას “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტისა და  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევის გამო, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

4. დადასტურებულად იქნას მიჩნეული სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხ ”რეალტივი-საქართველოს” შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემის ფაქტი, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა  “ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტი და  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი.

5. დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ სამაუწყებლო არხ „Kurd 1” და „TV5 MONDE S.A.”-ს მართლზომიერ ტრანზიტთან დაკავშირებით, კომისიის მიერ  2011 წლის 16 თებერვლის №04/306-11 და 2011 წლის 21 თებერვლის №04/337-11 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა და შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევა.

გამომდინარე იქიდან, რომ სს “ჯი ენ ენის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი სანქცია, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ჯი ენ ენის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს ”ჯი ენ ენ”-ს ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხ ”რეალტივი-საქართველოს” არამართლზომიერი გადაცემა, ხოლო  “Kurd 1”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებასთან დაკავშირებით, სამაუწყებლო არხისგან ნებართვის წერილის კომისიაში დაუყოვნებლივ წარმოდგენა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ, კომისიის მიერ მოთხოვნილი უცხოური სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების კომისიაში წარმოდგენამდე, კომისიას არ უმსჯელია, სს „ჯი ენ ენ“-ის მიერ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა სს „ჯი ენ ენ“-ისთვის  მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-14, მე-15, მე-17 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს ”საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო არხ „TV5 MONDE S.A.”-ს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ტრანზიტთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

2. შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო არხ “Disney Channel”-ს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ტრანზიტთან დაკავშირებით, დარღვევის ფაქტის არ არსებობის გამო;

3. შეწყდეს სს „ჯი ენ ენ“-ის სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება სამაუწყებლო არხ „Kurd 1”-ს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ტრანზიტთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

4. მიეცეს გაფრთხილება სს ”ჯი ენ ენს” ”ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს ”საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ”შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და ”ბ” ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

5.      უზრუნველყოს სს “ჯი ენ ენმა” საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხ ”რეალტივი-საქართველოს” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

6. უზრუნველყოს სს „ჯი ენ ენ“-მა სამაუწყებლო არხ „Kurd 1”-თან არხის მართლზომიერად ტრანზიტის თაობაზე ზეპირი გარიგების მოქმედების შესახებ სამაუწყებლო არხ „Kurd 1”-სგან, ან არხის უფლებამოსილი დისტრიბუტორისგან ოფიციალური ნებართვის წერილის (Permission Letter) კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში;

7.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”ჯი ენ ენ“-ისთვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილით დაუყოვნებლივ გაგზავნა;

8.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ჯი ენ ენ”-ისთვის ჩაბარების დღიდან;

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები