საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011
მიღების თარიღი მარტი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისია განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.
მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლა კომისიის მხრიდან ამ ფუნქციის განხორციელების წინაპირობაა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, შეიძლება გამოიცეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დასრულებულია, კომისიის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისა და სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, მიზანშეწონილია დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 5 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები:
კ. კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
