შპს ”საქართველოს რკინიგზისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2011
მიღების თარიღი მარტი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.02.2011 №7/83-11) მიმართა შპს ”საქართველოს რკინიგზამ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 055 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს ”საქართველოს რკინიგზა” ზემოაღნიშნული რესურსით გეგმავს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: მატარებლების განრიგი, მატარებელში თავისუფალი ადგილების, მგზავრობის ღირებულების, ბილეთების დაჯავშნის და საქართველოს რკინიგზაში არსებული სხვადასხვა მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა. ამასთან „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რკინიგზის მოძრაობის საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 133X ფორმატი, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად შპს ”საქართველოს რკინიგზას” ენიჭება უვადოდ.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”საქართველოს რკინიგზა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”საქართველოს რკინიგზის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან“ გამომდინარე მიანიჭოს შპს ”საქართველოს რკინიგზას” ნუმერაციის რესურსი 1-3-3-1 (ერთი-სამი-სამი-ერთი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამასთან, გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”საქართველოს რკინიგზას” შესაძლებელია მიენიჭოს უფლება ზემოაღნიშნული მომსახურება გაწიოს სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-5-5 (ნული-ხუთი-ხუთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”საქართველოს რკინიგზას” ნუმერაციის რესურსი - 1-3-3-1 (ერთი-სამი-სამი-ერთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, 2011 წლის 18 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-3-3-1 (ერთი-სამი-სამი-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”საქართველოს რკინიგზა” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა (საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება) განახორციელოს 0-5-5 (ნული-ხუთი-ხუთი) ნუმერაციის რესურსით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”საქართველოს რკინიგზისათვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
