საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2011
მიღების თარიღი მარტი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ასევე ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ პირებს, დაევალათ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების დანართი №2–ში მითითებული პერიოდულობით. აღნიშნული ვალდებულება ამავე გადაწყვეტილების პირველი დანართით განსაზღვრულ პირებს დაეკისრათ ინდივიდუალურად. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში კომისიამ, 2009 წლის 23 ოქტომბერს N546/19 გადაწყვეტილებით ცვლილებები შეიტანა.
კომისია მიიჩნევს, რომ კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი დანართი N1 და N2-ით განსაზღვრულ ფორმები უნდა გაუქმდეს და დადგინდეს ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები, შემდეგი გარემოებების გამო:
1. საქართველო გაწევრიანებულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ITU), რაც მას მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს. კომისიამ, როგორც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, აღნიშნულ ოგრანიზაციაში ყოველწლიურად უნდა წარადგინოს განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის მონაცემები ქვეყნის საკომუნიკაციო და სამაუწყებლო ბაზარებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
2011 წლის თებერვალში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის (ITU) მიერ კომისიაში გადმოგზავნილი იქნა შესაბამისი კითხვარი. საქართველოს მიერ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ITU) წარსადგენი მონაცემები განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც განსაზღვრულია კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების დანართი N2-ით, რაც შეუძლებელს ხდის სათანადო ფორმით და ამომწურავად იქნას ინფორმაცია საქართველოს შესახებ წარდგენილი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ITU). აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მოხდეს არსებული სტატისტიკური ფორმების შეცვლა და მათი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაციის (ITU) კითხვარებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუქნტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია.
კონკურენციის წინაწარი რეგულირების უფლებამოსილების უკეთ შესრულების მიზნით, მიზანშეწონილია ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის მეტი დეტალიზება და სისტემატიზაცია. აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები, კომისიას საშუალებას მისცემს წინასწარ უკეთ შეაფასოს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე არსებული კონკურენციისათვის საფრთხის შემქმნელი ტენდენციები და საფრთხეები.
კომისია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ პირთა წრეზე ვისზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული გადაწყვეტილება. კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების N2 დანართი შეეხება, ამავე გადაწყვეტილების N1 დანართში ჩამოთვლილ პირთა წრეს, რომელიც შედგენილია 2008 წლის მდგომარეობით, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო და ავტორიზებულ პირთა რეესტრების მონაცემებზე დაყდნობით. კომისია აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა შეიცვალა, როგორც გაცემული ლიცენზიების, ასევე ავტორიზებული პირების რაოდენობის თვალსაზრისით, შესაბამისად არსებული ჩამონათვალი არ მოიცავს ახალ ლიცენზიანტებს და ახალ ავტორიზებულ პირებს. ამგვარად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების დანართი N1–ის განზოგადება, რადგან კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ფორმების შევსება უნდა დაევალოს ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია კომისიაში, ასევე ყველა ლიცენზიის მფლობელს, როგორც მაუწყებლობის საქმიანობის, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიანტებს, მათი სახელობით განსაზღვრის გარეშე.
კომისია ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ფორმების შევსება უნდა მოხდეს იმ პირების მიერაც, რომლებიც გაივლიან ავტორიზაციას ან/და გახდებიან ლიცენზიანტები ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ გადაწყვეტიელბით განსაზღვრული სტატისტიკური ფორმების შევსების ვალდებულება აისახოს ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებებში, ხოლო ახალ ავტორიზებულ პირებს განემარტოთ, რომ კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად, ავტორიზაციის გავლის შემდგომ დაეკისრებათ სტატისტიკური ფორმების წარმოდგენის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” მე-4 მუხლის, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ცნობილი იქნას ნაწილობრივ ძალადაკარგულად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, პირველი და მეორე დანართები, 2011 წლის 15 აპრილიდან;
2. დამტკიცდეს ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1).
3. ცნობილ იქნას დანართი N1 ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
4. ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
5. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ი. ხარებავა), რომ:
ა) ავტორიზებულმა პირებმა შესაბამისი სახელითა და პაროლით შეძლონ შევსებული სტატისტიკური ფორმების ინტერნეტის საშუალებით ატვირთვა კომისიის საერთო სტატისტიკურ საანგარიშო ბაზაში 2011 წლის 15 აპრილისთვის;
ბ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის შემდგომ, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას, ახალ ავტორიზებულ პირებს ან/და ლიცენზიანტებს გადასცენ წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე) სახეშეცვლილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ყველა ავტორიზებული პირისათვის ან/და ლიცენზიის მფლობელისათვის 2011 წლის 5 აპრილამდე;
7. ამ გადაწყვეტილების დანართის ფორმებში მითითებული პერიოდების მონაცემები, კომისიის საერთო სტატისტიკურ საანგარიშო ბაზაში ატვირთულ იქნას, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან, არაუგვიანეს 25 კალენდარული დღისა, ხოლო ფორმა №1-ის ნაწილი 1.2 - კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში;
8. დაევალოთ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირებს 2010 წლის და 2011 წლის პირველი კვარტლის ინფორმაცია დანართი N1-ის ფორმების შესაბამისად, ატვირთონ კომისიის სტატისტიკურ ბაზაში 2011 წლის 26 აპრილამდე;
9. დაევალოთ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირებს 2011 წლის 30 აპრილამდე კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ატვირთონ ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ის ფორმა 7 – 2011 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით და დანართი N1-ის ფორმა 8 – 2011 წლის 31 მარტის მონაცემებით, ხოლო ყოველი მომდევნო პერიოდისთვის - პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2011 წლის 5 აპრილიდან;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე);
13. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
- files/7070_8909_686306_ფორმა 8 (ტექნიკური).xls
- files/7070_8909_131673_ფორმა 7 (დაშვება) .xls
- files/7070_8909_543483_ფორმა 6 (დაშვების კოდი).xls
- files/7070_8909_192827_ფორმა 5 (ტრანზიტი).xls
- files/7070_8909_470859_ფორმა 4 (ინტერნეტი).xls
- files/7070_8909_856849_ფორმა 3 (ფიქსირებული).xls
- files/7070_8909_346543_ფორმა 2 (მობილური).xls
- files/7070_8909_436591_ფორმა 1 (ზოგადი).xls
- files/7070_8909_246214_ფორმა 9 (მაუწყებლობა).xls
