შპს ”სერვისსა” და შპს ”სერვისნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების დროებით გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011
მიღების თარიღი აპრილი 01, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა” (14.02.2011 №6/592-11) და წარმოუდგინა შპს ”სერვისნეტთან” 2011 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით დროებით გადაპირების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”სერვისის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”სერვისნეტისათვის” გადაპირებას დროებით, 2012 წლის 1 იანვრამდე. კომისაიში ასევე წარმოდგენილია შპს „სერვისნეტის“ წერილი (09.03.11, №6/906-11), რომლის შესაბამისად კომპანია ითხოვს, რომ გადაპირება ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისი“ კომისიის 2006 წლის 24 მაისის №219/2 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიას, ხოლო კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №237/2 გადაწყვეტილებით - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N55 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-6-9 (ერთი-ნული-ექვსი-ცხრა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.11.2014 წ- მდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N55 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 485XXX-487XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2485XXX-2487XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 09.07.2014 წ- მდე.
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისის” მიერ გადახდილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2010 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილი კომპანიის მიერ გადახდილ უნდა იქნას კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. კომისიაში წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების თანახმად, შპს „სერვისნეტი“ იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაფაროს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური. კერძოდ: ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ოდენობა 2,237.22 (ორი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარი, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით 2011 წლის 12 დეკემბრამდე. რაც შეეხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილ ნაწილს, 4,474,44 (ოთხი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობით, აღნიშნულის გადახდის ვალდებულება კვლავ რჩება შპს „სერვისს“.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, ნაწილობრივ ან მთლიანად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი“. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად შპს „სერვისნეტი“ არ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები.
”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი არის ”პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება”. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების გადაპირების შემთხვევაში, შპს ”სერვისნეტი” ხდება ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შესრულებაზე ლიცენზიით სარგებლობის პერიოდში.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, შპს „სერვისნეტი“ გახდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების მფლობელი და მასზე, როგორც ლიცენზიის მფლობელზე გადავა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები. მომხმარებლებისა და შპს „სერვისთან“ ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით, შპს „სერვისნეტს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „სერვისის“ აბონენტების და მასთან ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების მიწოდება შპს „სერვისის“ მიერ გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების დროებით მფლობელად შპს ”სერვისსა” და შპს ”სერვისნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის 1 იანვრამდე, უნდა განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი”. აღნიშნულმა კომპანიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) პუნქტის და მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიის დროებით მფლობელად 2012 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-6-9 (ერთი-ნული-ექვსი-ცხრა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 2,237.22 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2011 წლის 12 დეკემბრამდე, კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.11.2014 წლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N55 ლიცენზიის დროებით მფლობელად 2012 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 485XXX-487XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2485XXX-2487XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 09.07.2014 წლამდე.
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. შპს „სერვისნეტი“ ვალდებულია შპს „სერვისის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „სერვისის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;
4. შპს „სერვისი“ ვალდებულია გადაიხადოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხა, 4,474,44 (ოთხი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი, კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2011 წლის 1 აპრილიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ) და ე) ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენს (მ. გოთოშია);
10. კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ე) ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
