წვდომის მენიუ

შპს „ტელეარხი 25“-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 171 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011

მიღების თარიღი აპრილი 01, 2011

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელეარხი 25“-მა (№6/824-11, 25.02.2011), სატელევიზიო სიგნალის თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელების მიზნით კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ტელეარხი 25“ ფლობს №B29 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 31.10.2012 წ.

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით 3db გაძლიერებით, წრიული გასხივების მქონე ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 41039`13”N,  41038`14” E, ქ.ბათუმი;

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას. შპს „ტელეარხი 25“ №B29 ლიცენზიის ამავე ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებულ მოდიფიცირებაზე კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან სიხშირული სპექტრით სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატელევიზიო სიგნალის გავრცელება თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით წარმოადგენს მხოლოდ ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილებას, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის განსხვავებული ტექნოლოგიით იგივე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც კომპანიას ეძლევა საშუალება მომხმარებელს მიაწოდოს გაუმჯობესებული ხარისხის სიგნალი, ხოლო მომხმარებელს თავის მხრივ ეძლევა სამაუწყებლო სიგნალის მიღების შესაძლებლობა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა №B29 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე საჭიროა შპს „ტელეარხი 25“-ს კუთვნილი №B29 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება და ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტელეარხი 25“-ის კერძო მაუწყებლობის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში ლიცენზია მოყვანილ იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ამავდროულად არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები, ვინაიდან, შპს „ტელეარხი 25“-ის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეარხი 25“-ის №B29 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 13 მაისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეარხი 25“-სთვის (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები