რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011
მიღების თარიღი აპრილი 08, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 18 თებერვალს №69/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 1.7 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 10 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური თითოეულ ქალაქში;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის, ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
ვ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 28,892.70 (ოცდარვა ათა რვაას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2010 წლის 16 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2010 წლის 8 აპრილი 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,445.00 (ათას ოთხას ორმოცდახუთი ლარი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”სტერეო +”-მა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2011 წლის 8 აპრილს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტერეო +”-ს დირექტორი დავით ზილფიმიანი.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”სტერეო +”-ს დირექტორმა დავით ზილფიმიანმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის (1,445.00 ათას ოთხას ორმოცდახუთი ლარი) საერთო ოდენობის - 30,337.70 (ოცდაათი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სტერეო +” 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად, ქ. თბილისში, დუშეთის, სენაკის, ყვარელის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 30,337.70 (ოცდაათი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”სტერეო +”-მა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 9,101.31 (ცხრა ათას ასერთი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2,889.27 (ორი ათას რვაას ოთხმოცდაცხრა ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი ანუ 6,212.04 (ექვსი ათას ორას თორმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა 2011 წლის 8 მაისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (21,236.39 ოცდაერთი ათას ორას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”სტერეო +”-სთვის ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი კ.სიხარულიძე
