შპს ”ემერჯენსი სერვისისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011
მიღების თარიღი აპრილი 26, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.03.2011 №7/133-11) მიმართა შპს ”ემერჯენსი სერვისმა” ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს ”ემერჯენსი სერვისი” ახორციელებს მოსახლეობის სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახურების ნომრებსა და კოდებს. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა მოხდება კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ემერჯენსი სერვისი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ემერჯენსი სერვისი”-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ემერჯენსი სერვისს” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-2-1 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე შპს ”ემერჯენსი სერვისი” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-1-3 (ნული-ნული-ერთი-სამი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ემერჯენსი სერვისი”-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-2-1 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის - 26 აპრილიდან, 2012 წლის 26 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-2-1 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”ემერჯენსი სერვისი” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-1-3 (ნული-ნული-ერთი-სამი) ნუმერაციის რესურსით;
3. შპს ”ემერჯენსი სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ემერჯენსი სერვისისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
