წვდომის მენიუ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის აღსრულების უზრუნველყოფად, ერთი მხრივ, შპს ,,ახალ ქსელებსა” და მეორე მხრივ, სს „სილქნეტს” შორის, სს ,,სილქნეტის” ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან და ჭაში დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმ

ნომერი: 208 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2011

მიღების თარიღი აპრილი 29, 2011

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2009 წლის 14 დეკემბერს შპს ,,ახალმა ქსელებმა” განცხადებით მიმართა  კომისიას სს ,,გაერთიანებულ ტელეკომთან”  დავის განხილვის მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან ადგილი აქვს კომისიის 2008 წლის 14 მარტის № 122/16  გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. კერძოდ, სს ,,გაერთიანებული ტელეკომი”  უფლებას არ აძლევს შპს ,,ახალ ქსელებს” განახორციელოს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” საკომუნიკაციო კანალიზაციიდან   მისი კუთვნილი კაბელის დემონატაჟი, რომელიც განთავსებულია სოფელი დიღმის გადასახვევიდან, სოფელ დიღომში შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო კანალიზაციამდე. აღნიშნულ კაბელზე შპს ,,ახალი ქსელების” საკუთრების უფლება დადასტურებულია მხარეთა შორის 2007 წლის 14 თებერვალს შედგენილი აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. ამასთან, სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომის” 2008 წლის 12 ნოემბერის № 4-15/1054  წერილით შპს ,,ახალ ქსელებს” ნება მიეცა კაბელის დემონტაჟზე თუ მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების განმახორციელებელი პირების სია, მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს ,,ახალმა ქსელებმა” 2008 წლის 26 სექტემბრის №869 წერილით  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს“  სთხოვა მიევლინა თავისი უფლებამისილი წარმომადგენლები კაბელის დემონტაჟის მიზნით, ხოლო 2008 წლის 17 ნოემბერს № 1060 წერილით, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა კაბელების ამოღებასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვის ძალაში შესვლისთვის სს ,,გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ პირობების განსაზღვრას, აცნობა რომ კონკრეტული სამუშოების წარმოების ვადა სამივე კაბელის ამოღებისთვის იქნებოდა ერთი კვირა, შპს „ახალი ქსელების“ მხრიდან კაბელების დემონტაჟს განახორციელებდნენ ვ.მარტიაშვილი და ა.მელაძე, შპს „ახალი ქსელები“ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა სატელეფონო კანალიზაციის დაზიანების შემთხვევაში და ეთანხმებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ შედგენილ კაბელების ამოღების აქტის ფორმას, რომელიც მათ მიერ უკვე გამოყენებულ იქნა ქ.თბილისში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადაო კაბელზე სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” განაგრძობს კანალიზაციაში განთავსების მომსახურების საფასურის დარიცხვებს.  შპს ,,ახალი ქსელები” ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს არა კაბელების კუთვნილება, არამედ საკანალიზაციო არხებში არსებულ კაბელებთან დაშვება, რასაც არ აქვს ქონებრივი ხასიათი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს ,,გაერთიანებულ ტელეკომის”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  მიერ ხორციელდება მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში და დენადი ხასიათის დარღვევა.

მოთხოვნები:

1. სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” უპირობოდ შეასრულოს კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და მისცეს საშუალება შპს ,,ახალ ქსელებს” განახორციელოს საკუთარი კაბელების დემონტაჟი.

2. სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” მიმართ გამოყენებულ იქნას ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა შპს ,,ახალ ქსელებსა” და სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” შორის არსებული დავა და  თავისი 2010 წლის 12 იანვრის № 23/16 გადაწყვეტილებით აღნიშნულ დავაზე შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მხრიდან დარღვევის ჩადენის დაუსაბუთებლობისა და მხარეთა შორის კაბელებზე ქონებრივი დავის დაუსრულებლობის გამო.

კომისიის 2010 წლის 12 იანვრის № 23/16 გადაწყვეტილება შპს ,,ახალმა ქსელებმა” გაასაჩივრა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ახალი ქსელების” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ახალმა ქსელებმა”, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს ,,ახალი ქსელების” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ახალმა ქსელებმა”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ახალი ქსელების” საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ახალი ქსელების” სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის № 23/16 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირევლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 1 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ახალმა ქსელებსა” და  სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს”  შორის არსებული დავის განხილვისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2011 წლის 15 აპრილს, რის შესახებ დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებებით ეცნობათ შპს „ახალ ქსელებს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოსამზადებელ სხდომამდე კომისიაში წარმოდგენა.

2011 წლის 8 აპრილს, შპს ,,ახალი ქსელებმა” მტკიცებულებების სახით კომისიაში წარმოადგინეს სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” შუამდგომლობა თანდართული დოკუმენტებით, რომლითაც მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სადაც იხილებოდა  სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” უფლებამონაცვლე სს ,,სილქნეტის” სარჩელი  შპს ,,ახალ ქსელებისა”  და  შპს ,,ახტელს” მიმართ დავალიანების გადახდისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა”, შპს ,,ახალი ქსელების” ვალის დასაბუთების მიზნით, სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 8 იანვარს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის აქტები, მათ შორის 2007 წლის 14 თებერვლის ინვენტარიზაციის აქტი, და ამ აქტების მიხედვით დათვლილი კაბელების რაოდენობა ცხრილის სახით. შპს ,,ახალი ქსელების” განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტაციებით დამატებით დასტურდება, რომ  სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” საკომუნიკაციო კანალიზაციაში, სოფელი დიღმის გადასახვევიდან, სოფელ დიღომში შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო კანალიზაციამდე, განთავსებული ტპპ 300 2 2625 მეტრი კაბელი წარმოადგენს შპს ,,ახალი ქსელების” საკუთრებას.

2011 წლის 12 აპრილს, სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა”  კომისიაში  წარმოადგინა შეპასუხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, ხოლო კომისია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შორის არსებული დავა. შესაბამისად, მოითხოვა შპს ,,ახალი ქსელების” განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

2011 წლის 12 აპრილს, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” შეპასუხება გადეგზავნა შპს ,,ახალ ქსელებს”.   2011 წლის 13 აპრილს შპს ,,ახალმა ქსელებმა” კომისიაში წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” შეცვლა სს  ,,სილქნეტით”, ვინაიდან სს ,,გაერთიანებულმა ტელეკომმა” თავისი მატერიალური და არამატერიალური აქტივები გადასცა სს ,,სილქნეტს” და კომისიის 20101 წლის 30 აპრილის №215/19 გადაწყვეტილებით სს ,,სილქნეტს” 2010 წლის 1 მაისიდან დაეკისრა სს ,,გაერთიანებული ტელეკომისათვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, საკომუნიკაციო საკანალიზაციო ჭებთან დაშვების ვალდებულება. შპს ,,ახალმა ქსელებმა” ძალაში დატოვა მოთხოვნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  შპს ,,ახალი ქსელების” განცხადებით, 2007-2008 წლებში, როდესაც სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს და ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, მან არ შეასრულა კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილება. ამასთან, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა არ შეიძლება გასულად იქნეს მიჩნეული, რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი დენადი ხასიათის  სამართალდარღვევის დროს შეიძლება დაედოს პირს არაუგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ვინაიდან კომისიამ შპს ,,ახალი ქსელების” თავდაპირველი განცხადება არ დააკმაყოფილა და შესაბამისად არ ცნო სამართალდარღვევის ფაქტი, იგი დადგენილი იქნება მას შემდეგ, რაც კომისია აღასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებას. შპს ,,ახალი ქსელების” განცხადებით, სამართალდარღვევა გამოვლენილად უნდა მივიჩნიოთ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, ხოლო პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად პირს უნდა დაეკისროს სამართალდარღვევის ჩადენის დღისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

შპს ,,ახალი ქსელების” 2011 წლის 8 აპრილის შუამდგომლობა და 2011 წლის 13 აპრილის შეპასუხება გადაეგზავნა სს ,,გაერთიანებულ ტელეკომს” გაცნობის მიზნით.

2011 წლის 15 აპრილს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ  შპს „ახალი ქსელების“ და სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები (ხ.ინჯია, ნ.ჟღენტი და ლ.გიორგაძე).

შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს შეპასუხებაში დაფიქსირებულ პოზიციას და ითხოვეს მოპასუხე სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” შეცვლა სს ,,სილქნეტით” საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში დაშვების  ნაწილში და მის მიერ კომისიის 2008 წლის №122/16 გადაწყვეტილების შესრულება, კერძოდ  შპს ,,ახალი ქსელების” დაშვების ვალდებულების დაკისრება კაბელის დემონტაჟის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოთხოვნა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების თაობაზე კომისიის 2008 წლის №122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეპასუხებაში დაფიქსირებულ პოზიციას და ითხოვა შპს ,,ახალი ქსელების” განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან სს ,,გაერთიანებული ტელეკომი” არ წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს, ხოლო კომისია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შორის არსებული დავა. ამასთან ის არ დაეთანხმა შპს ,,ახალი ქსელების” მოთხოვნას მისი სს ,,სილქნეტით” შეცვლის თაობაზე, ვინაიდან სს ,,სილქნეტი” 2008 – 2009 წლებში არ არსებობდა და სს ,,გაერთიანებული ტელეკომისთვის” დაკისრებული ვალდებულებების შესრულება კომისიის 2010 წლის 30 აპრილის №215/19 გადაწყვეტილებით სს ,,სილქნეტს”  დაეკისრა 2010 წლის 1 მაისიდან.

მხარეთა ახსნა-განმარტებისა და წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, კომისიამ თავისი 2011 წლის 15 აპრილის №180/16 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა შპს ,,ახალი ქსელების” შუამდგომლობა სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” ნაცვლად მისი უფლებამონაცვლე სს ,,სილქნეტის” მოპასუხედ ჩართვის თაობაზე საკომუნიკაციო საკანალიზაციო ჭებში დაშვების ნაწილში, ხოლო შპს ,,ახალი ქსელების” მოთხოვნასთან დაკავშირებით, სს ,,გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების  თაობაზე მის მიერ  2007 – 2008 წლებში კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება უსაფუძვლობის გამო. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ახალ ქსელებსა” და სს ,,სილქნეტს” შორის დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2011 წლის 29 აპრილს.

2011 წლის 29 აპრილს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ  შპს „ახალი ქსელების“ და სს „სილქნეტის” უფლებამოსილი წარმომადგენლები (ხ.ინჯია, ნ.ჟღენტი და ლ.გიორგაძე).

შპს ,,ახალი ქსელების” წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს მოთხოვნა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:  სს ,,სილქნეტმა” უპირობოდ შეასრულოს კომისიის 2008 წლის 14 მარტის №122/16 გადაწყვეტილება, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და მისცეს საშუალება შპს ,,ახალ ქსელებს” განახორციელოს საკუთარი კაბელების დემონტაჟი, მდებარე  სოფელი დიღმის გადასახვევიდან, სოფელ დიღომში შპს „ახალი ქსელების“ სატელეფონო კანალიზაციამდე, ხოლო სს ,,სილქნეტის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტი” მზადაა მორიგებით დაამთავროს აღნიშნული დავა.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც სს „სილქნეტი“, ასევე შპს „ახალი ქსელები” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა სს ,,სილქნეტის” საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხთან და ჭაში დაშვებასთან დაკავშირებით,  კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ შპს ,,ახალ ქსელებსა” და, მეორე მხრივ, სს ,,სილქნეტს” შორის და შესაბამისად, დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2011 წლის 10 მაისი, 16 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ერთი მხრივ, შპს ,,ახალ ქსელებსა” და, მეორე მხრივ, სს ,,სილქნეტს” შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2011 წლის 10 მაისს  16:00 საათზე;

2. დავის დღის განხილვის შესახებ შპს ,,ახალ ქსელები” და სს „სილქნეტი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 29 აპრილის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                   სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                   კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                   ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები