შპს ,,მაგთიკომისათვის “ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2011
მიღების თარიღი მაისი 03, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას 2011 წლის 26 აპრილის N10/278-11 მოხსენებითი ბარათი რეაგირებისათვის შპს ,,მაგთიკომის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის N00105 ოქმთან ერთად. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ 2011 წლის 11 აპრილის N07-04 წერილის საფუძველზე შემოწმდა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,მაგთიკომი“ ლიცენზიისა და რაიმე ნებართვის გარეშე იყენებს სააბონენტო ნუმერაციას, რასაც ადასტურებს თავად შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 18 აპრილის N11/06-1 წერილი (მასალები თან ერთვის).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ იგივე ქმედებისათვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხსიმგებლობის რაიმე ფორმა.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 26 აპრილს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 2 მაისი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 27 აპრილს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“. მხარეს განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 2 მაისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას 2011 წლის 26 აპრილის N10/278-11 მოხსენებითი ბარათი;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აპრილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000105;
3. შპს ,,მედიაპრპო ჯორჯიას“ 2011 წლის 11 აპრილის N6/1419-11 წერილი კომისიის სახელზე;
4. შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 18 აპრილის N6/1571-11 წერილი კომისიის სახელზე;
5. ნუმერაციის რესურსის ჩამონათვალი, რომელიც არ იყო მითითებული კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში დატანილი CD დისკზე;
6. 2011 წლის 4 მაისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიცემული ახსნა-განმარტება, რომელმაც დაადასტურა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000105 ოქმი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი მ.გოთოშია და შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ა. ზოდელავა;
2. შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიას 2011 წლის 18 თებერვლის N11/032-1 წერილით მიმართა და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება და მის სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის ნაწილობრივ უკან დაბრუნება. შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიისათვის მიწოდებულ იქნა ნუმერაციის რესურსის ის ნაწილი, რომლის სარგებლობაში დატოვებაც სურდა. აღნიშნული სია არ შეიცავდა 4557 სააბონენტო ნომერს, რომელიც ფაქტობრივად სარგებლობაში დაიტოვა შპს ,,მაგთიკომმა“.
3. შპს ,,მედიაპრო ჯორჯიამ“ 2011 წლის 11 აპრილის N6/1419-11 წერილით კომისიას აცნობა, რომ 2011 წლის 8 აპრილს შპს ,,მაგთიკომის“ ერთ-ერთმა აბონენტმა (ნომერი 8 98 08 01 64) მიმართა შპს ,,ჯეოსელს“ მის ქსელში პორტირების თხოვნით. როგორც გაირკვა ნომერი არ იყო შეტანილი მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, როგორც შპს ,,მაგთიკომის“ სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსი და შესაბამისად პორტირება ვერ განხორციელდა.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ძიძიგურის ახსნა-განმარტების თანახმად, შპს ,,მაგთიკომი“ აღიარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;
5. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე, 35-ე, 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის დაა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მაგთიკომს“ დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ 4557 (ოთხიათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გამო;
2. დაევალოს შპს ,,მაგთიკომს“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თანდართული 4557 (ოთხიათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ნუმერაციის რესურსით ულიცენზიოდ სარგებლობა;
3. უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,მაგთიკომისათვის“;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) 10 დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
