შპს ,,TV ERA” სანქცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2011
მიღების თარიღი მაისი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 2 მაისს ქ.ბათუმში კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარდა მონიტორინგი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შპს ,,TV ERA”-ს მიერ ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურების განხორციელების ფარგლებში, საკაბელო ქსელით გადაცემული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერების შემოწმების მიზნით და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N21, რომლის შესაბამისადაც, შპს „TV ERA” ახორციელებს რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ ტრანზიტს. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შპს „TV ERA”-ს კომისიაში წარმოდგენილი არ აქვს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,IНТЕР”, ,,KАРУСЕЛЬ”, ,,TV 25”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ К”, ,,НОВОЕ КИНО”, “TV 1000 ACTION”, “DIVA UNIVERSAL”, ,,НТВ + ФУТБОЛ”, “THT”, “CTC” ,,ДТВ”, ,,НТВ КИНОХИТ”, “НТВ ПРЕМЬЕРА”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “HISTORY”, ,,РОССИЯ 2”, НТВ БАСКЕTБОЛ”, “ZONA ROMANTICA”, “BBC”.
კომისია აღნიშნავს რომ N21 შემოწმების აქტის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 4 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,TV ERA”-ს სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 11 მაისს, რის თაობაზეც შპს ,,TV ERA”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (04.05.2011 N03/898-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 11 მაისის სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „TV ERA”-ს იურისტი დავით მიქაბერიძე, რომელმაც კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა კომისიის სხდომის გადადების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ შეტყობინება შპს „TV ERA”-ს ჩაბარდა 2011 წლის 10 მაისს და დირექტორმა მერაბ მეტრეველმა ვერ უზრუნველყო კომისიის სხდომაზე დასწრება, ხოლო დავით მიქაბერიძეს არ აქვს დირექტორისგან რწმუნებულება და კომისიის სხდომაზე იგი ვერ შეძლებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მასში მონაწილეობის მიღების თაობაზე შპს ,,TV ERA”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (04.05.2011 N03/898-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „TV ERA”-ს ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2011 წლის 10 მაისს და ჩაბარებას ხელს აწერს მ.მეტრეველი; აღნიშნული დაადასტურა კომისიის სხდომაზე დამსწრე პირმა შპს „TV ERA”-ს იურისტმა ბატონმა დავით მიქაბერიძემ; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV ERA”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ 2011 წლის 2 მაისს შედგენილი შემოწმების აქტი N21;
2. N21 შემოწმების აქტზე თანდართული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - CD;
3. N21 შემოწმების აქტზე თანდართული ხელშეკრულება N10 გაფორმებული 2010 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შპს „TV ERA”-ს შორის;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
5. კომისიაში დაცული და შპს ,,TV ERA”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება გაფორმებული შპს „TVINSIDE“-სა და შპს „TV ERA”-ს შორის (01.01.2011) სამაუწყებლო არხების საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მოპოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ შესწავლილ და დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,TV ERA” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 31.05.06. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული ტელემაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;
2. შპს ,,TV ERA”-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3. კომისიაში შპს „TV ERA”-ს მიერ წარმოდგენილია საკაბელო სატრანზიტო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული შპს “TVINSIDE”-სა და შპს “TV ERA”-ს შორის, რომლის შესაბამისადაც, შპს “TVINSIDE” უფლებამოსილებას ანიჭებს შპს “TV ERA”-ს განახორციელოს ხელშეკრულების დანართში აღნიშნული სამაუწყებლო არხების საკუთარი საკაბელო ქსელით მიღება-გადაცემა რეალურ დროში ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.
4. 2011 წლის 2 მაისს, 11:45 საათზე, ქ.ბათუმში მისამართზე მემედ აბაშიძის 16/18, საქართველოს საკონსტიტუცისო სასამართლოში (საორგანიზაციო სამსახურის უფროსის ლია ბაგაშვილის კაბინეტში), რომელიც წარმოადგენს შპს ,,TV ERA”-ს აბონენტს (აღნიშნული დადასტურებულია შპს „TV ERA”-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ძალაშია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის - ნინო ნიჟარაძის მიერ, მოწმეების - ანა რევაზიშვილის (პირადობის მოწმობის N01013001844) და სოსო მაზმიშვილის (პირადობის მოწმობის N43001038153) თანდასწრებით განხორციელდა შპს ,,TV ERA”-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №21. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნიჟარაძე და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები: ანა რევაზიშვილი და სოსო მაზმიშვილი;
5. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა შპს “TV ERA”-ს მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით გადაცემული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების კანონიერება და დაფიქსირდა, რომ შპს ,,TV ERA” საკუთარი საკაბელო ქსელით არამართლზომიერად, არხების რეტრანსლირებაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,IНТЕР”, ,,KАРУСЕЛЬ”, ,,TV 25”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ К”, ,,НОВОЕ КИНО”, “TV 1000 ACTION”, “DIVA UNIVERSAL”, ,,НТВ + ФУТБОЛ”, “THT”, “CTC” ,,ДТВ”, ,,НТВ КИНОХИТ”, “НТВ ПРЕМЬЕРА”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “HISTORY”, ,,РОССИЯ 2”, НТВ БАСКЕTБОЛ”, “ZONA ROMANTICA”, “BBC”.
6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 2 მაისის №21 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD), შემოწმების აქტზე თანდართული ხელშეკრულებით და შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერით;
7. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N146/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,TV ERA”-ს მიეცა გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.
5. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
6. ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,IНТЕР”, ,,KАРУСЕЛЬ”, ,,TV 25”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ К”, ,,НОВОЕ КИНО”, “TV 1000 ACTION”, “DIVA UNIVERSAL”, ,,НТВ + ФУТБОЛ”, “THT”, “CTC” ,,ДТВ”, ,,НТВ КИНОХИТ”, “НТВ ПРЕМЬЕРА”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “HISTORY”, ,,РОССИЯ 2”, НТВ БАСКЕTБОЛ”, “ZONA ROMANTICA”, “BBC”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს ,,TV ERA”-ს მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,TV ERA”- ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2011 წლის 25 მარტის N146/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო და შპს “TV ERA”-ს მიერ დარღვევის ფაქტი ატარებს განგრძობით ხასიათს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „TV ERA”-ს მიმართ ამჯერად გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა, გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის შესაბამისადაც, კომისია უფლებამოსილია დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10,000.00 და არა უმეტეს 30,000.00 ლარისა.
კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (05.05.2011 N10/323-11) შესაბამისად, შპს „TV ERA”-ს ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 (ათი ათასი) ლარს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „TV ERA”-ს უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით 10,000.00 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,TV ERA”-ს ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი:,,IНТЕР”, ,,KАРУСЕЛЬ”, ,,TV 25”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ К”, ,,НОВОЕ КИНО”, “TV 1000 ACTION”, “DIVA UNIVERSAL”, ,,НТВ + ФУТБОЛ”, “THT”, “CTC” ,,ДТВ”, ,,НТВ КИНОХИТ”, “НТВ ПРЕМЬЕРА”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “HISTORY”, ,,РОССИЯ 2”, НТВ БАСКЕTБОЛ”, “ZONA ROMANTICA”, “BBC”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,TV ERA”-ს მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,TV ERA”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი/დილერი კომპანიის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,TV ERA”-სთვის“ მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაჯარიმდეს შპს ,,TV ERA”-ს 10,000.00 (ათი ათასი) ლარით ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „TV ERA”-მ ჯარიმის 10,000.00 (ათი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300693251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. უზრუნველყოს შპს ,,TV ERA”-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,IНТЕР”, ,,KАРУСЕЛЬ”, ,,TV 25”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ К”, ,,НОВОЕ КИНО”, “TV 1000 ACTION”, “DIVA UNIVERSAL”, ,,НТВ + ФУТБОЛ”, “THT”, “CTC” ,,ДТВ”, ,,НТВ КИНОХИТ”, “НТВ ПРЕМЬЕРА”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, “HISTORY”, ,,РОССИЯ 2”, НТВ БАСКЕTБОЛ”, “ZONA ROMANTICA”, “BBC”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე), ხოლო მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
