წვდომის მენიუ

ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის და მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების და

ნომერი: 232 / 5

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2011

მიღების თარიღი მაისი 11, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართა ასოციაცია ახალგაზრდულმა ცენტრმა „ჯიხამ“ და მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ (N7/188-11, 11.05.2011), ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა.ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება საქმიანობის განხორციელების უფლება და უკავშირდება სუბიექტს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხა“ ფლობს მაუწყებლობის №B32 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა  და მისი მიმდებარე ტერიტორია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიებს, ქ. ზუგდიდში, ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ.ბათუმში; შესაბამისად, მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში არ იქნება დარღვეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული მონაცემების შესაბამისად, მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ დამფუძნებელი არ არის: ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი, რასაც ადასტურებს ასევე თავად მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია; შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა არ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომელთა შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ასევე საჭიროა ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, აღნიშნული ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მისი მოქმედების შეჩერება და გაუქმება, აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას ამ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე მიაჩნია, რომ არ არსებობს  ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ ასოციაცია ახალგაზრდულ ცენტრ „ჯიხას“ და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ მისცეს წინასწარი თანხმობა მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის გადაცემაზე. ამასთან, საჭიროა მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისად, აღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 37–ე, 38-ე, 48-ე და მე–60 მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა ასოციაცია ახალგაზრდულ ცენტრ „ჯიხას“ კუთვნილი მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისათვის“ გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;

3. მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მიღების თარიღად განისაზღვროს ასოციაცია ახალგაზრდულ ცენტრ „ჯიხასთან“ №B32 ლიცენზიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენის დღე;

4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006  წლის 3 თებერვლის N43/2 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით;

5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს  3 თვიანი ვადა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–100 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად;

6. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 29 ივლისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ მიერ მაუწყებლობის №B32 ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ასოციაცია ახალგაზრდული ცენტრი „ჯიხასთვის“ და მედია ცენტრ „ღია აფხაზეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილების მე-4, მე-5 და მე–6 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. გადაწყვეტილება (მე-4, მე-5 და მე–6 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები