სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის, ნუმ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011
მიღების თარიღი მაისი 13, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ (№6/1246-11, 23.03.2011) და წარმოადგინა 2010 წლის 10 მარტის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, სამნიშნა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც გაფორმდა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“-ს შორის 2007 წლის 6 მარტს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ ითხოვს ძალადაკარგულად იქნას ცნობილი კომისიის მიერ 2007 წლის 16 მარტს მიღებული №152/5 გადაწყვეტილება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილების შესაბამისად სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ მიეცა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზია. 2007 წლის 7 მარტს კომისიას მიმართა სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ (სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება 2008 წლის 24 ნოემბერს, ბრძანება №319-რ რეგისტრირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ და ეწოდა სს „გაერთიანებული ტელეკომი“) და წარმოადგინა „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე. კომისიის მიერ 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“და კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირება, რომლის თანახმად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ დაეკისრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილი საფასურის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“ გახდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მფლობელი და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2007 წლის 23 თებერვლიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა ნუმერაციის რესურსით (ციფრების ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა კომბინაციით) სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირება აღნიშნული ლიცენზიების ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ამავე გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
“ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-0 (რვა-შვიდი-ნული) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;”
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ შეისწავლა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59–ე მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“-ს შორის 2007 წლის 6 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამნიშნა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტი წარმოადგენს კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველს, კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
კომისია დამტებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილება, რომელშიც კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და მოდიფიცირდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზია მისი ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მიზანშეწონილია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირების და აღნიშნული ლიცენზიის ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილება „სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა“ და კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი.“-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების შესახებ“ კომისიის 2007 წლის 16 მარტის №152/5 გადაწყვეტილების მიღების დღიდან;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
3. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 17 ივნისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს:
ა) სათანადო ცვლილების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გადაპირების გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისა“და „მინეტა ვენჩერზ ეს. ეი.“-სათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
დ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილების მე-2 და მე–3 პუნქტები გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 და მე–3 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
