შპს ,,კიდასათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი მაისი 13, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 18 აპრილს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 15 აპრილის №10/265-11 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა (ვ.შუღლიაშვილი, ი. მახარაძე) მიერ 2011 წლის 8 აპრილს შპს ,,კიდას” მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №17, რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,კიდა” თავისი ვიდეო პორტალით www.navi.ge სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (15.04.2011, №10/265-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 28 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კიდას” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 6 მაისს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,კიდას” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 6 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,კიდას” დამფუძნებელი თემურ დანელია, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეო პორტალი www.navi.ge არ ეკუთვნის შპს ,,კიდას“ და წარმოადგენს ერთ-ერთი დამფუძნებლის საკუთრებას. კომისიის სხდომა გადაიდო 2011 წლის 13 მაისისისათვის, საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით.
2011 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,კიდას“ წარმომადგენელი. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კახი ყურაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად. კერძოდ, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცნობით ვიდეო პორტალი www.navi.ge რეგისტრირებულია ფიზიკური პირის ლევან კირვალიძის სახელზე პირადი ნომერი 20001005825.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება შპს ,,კიდას“ მიერ სამართალდარღვევის ფაქტი, შპს ,,კიდასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,კიდასათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”კიდასათვის“ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
