შპს ,,მაგთიკომისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2011
მიღების თარიღი მაისი 13, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას 2011 წლის 6 მაისის N10/326-11 მოხსენებითი ბარათი რეაგირებისათვის, შპს ,,მაგთიკომის“ შემოწმების საფუძველზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის N00106 ოქმთან ერთად. როგორც 2011 წლის 6 მაისის N00106 სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, 2011 წლის 6 მაისს, შემოწმდა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2011 წლის 3 მაისის N209/18 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,მაგთიკომი“ ლიცენზიის და რაიმე ნებართვის გარეშე იყენებს რიგ სააბონენტო ნუმერაციას. ტესტირებისას გამოვლინდა, რომ არალიცენზირებული სააბონენტო ნომერი შპს ,,მაგთიკომს“ გააქტიურებული აქვს, თუმცა სავარაუდოდ დამისამართებულია სხვა ლიცენზირებულ ნომრებზე. მაგალითად, არალიცენზირებული ნომერი 99832610 დამისამართებულია ნომერზე 99172610, არალიცენზირებული ნომერი 99664091 დამისამართებულია ნომერზე 99244091. 2011 წლის 6 მაისის N0001106 სამართალდარღვევის ოქმში, დამრღვევის ახსნა-განმარტების გრაფაში, შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შოთა ღვინიანიძის მიერ მითითებულია, რომ არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, რადგან ლიცენზირებული ნომრები 99172616 და 99244091 არ არის დამისამართებული ნომრებზე 99832610 და 99664091. დამღვევი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნომრები არ არის სააბონენტო ნომრები და ისინი შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გამოიყენება მონაცემთა და ფაქსის გადაცემის სერვისის უზრუნველსაყოფად.
კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქედან, რომ ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ვინაიდან შპს ,,მაგთიკომი“ იგივე ქმედებისათვის, კომისიის 2011 წლის 3 მაისის N209/18 გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკვე დაჯარიმებულია 5 000 ლარით.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 6 მაისს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000106, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 13 მაისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2010 წლის 7 მაისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“. შპს ,,მაგთიკომს“ ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 13 მაისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები დავით ძიძიგური, ა. გალუმაშვილი, მ. ძოწენიძე.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას 2011 წლის 6 მაისის N10/386-11 მოხსენებითი ბარათი;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 6 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000106;
3. კომისიის 2011 წლის 3 მაისის N209/18 გადაწყვეტილება;
4. 2011 წლის 13 მაისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ა. გალუმაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით ადგილი არ ჰქონია გადამისამართებას, აღნიშნული ნომრები გამოყენებული იყო ფაქსისა და მონაცემთა გადაცემისთვის. არ მოხდა კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება 6 მაისს, დღის 11–12 საათებზე, ვინაიდან ის ნომრები, რომლებიც გამოიყენებოდა მონაცემთა გადაცემისათვის, უნდა გაუქმებულიყო საბილინგო სისტემაში და ე.წ. „სვიჩში“. საბილინგო სისტემაში აღნიშნული ნომრები გაუქმდა, რისი დასაბუთებაც შესაძლებელია, რაც შეეხება ე.წ. „სვიჩში“ ამ ნომრების გაუქმებას, ტექნიკური დავალების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ოპერაციები ხდება ღამის საათებში, ეს არის სინქრონიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს „სვიჩში“ რეგისტრირებული აბონენტების მთლიანი ბაზის სინქრონიზაციას საბილინგო სისტემასთან, რისთვისაც საჭიროა 24 საათი. ამდენად, ტექნიკურად ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება ვერ მოხერხდა.
5. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გოთოშიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება. მისი განცხადებით კომისიის 2011 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად შპს ,,მაგთიკომს“ არ ესაჭიროებოდა 24 საათი, მით უფრო, რომ შპს ,,მაგთიკომისათვის“ დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი (როცა შედგა პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000105 2011 წლის 26 აპრილს), რომ ნუმერაციის რესურს იყენებდნენ ლიცენზიის და რაიმე ნებართვის გარეშე და ნომრები უნდა გაეთიშათ.
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000106 ოქმი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის უფროსი მ. გოთოშია და შპს ,,მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე შოთა ღვინიანიძე;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აპრილის N000105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შპს ,,მაგთიკომს“ ხელმოსაწერად წარედგინა და ასლი გადაეცა 2011 წლის 26 აპრილს;
3. შპს ,,მაგთიკომს“ კომისიის 2011 წლის 3 მაისიის N209/18 გადაწყვეტილება, რომლითაც დაჯარიმდა ნუმერაციის რესურსის ულიცენზიოდ გამოყენებისათვის, ჩაბარდა 2011 წლის 5 მაისს;
4. შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიის 2011 წლის 3 მაისის N209/18 გადაწყვეტილება არ შეასრულა და არ შეწყვიტა ნუმერაციის რესურსით ულიცენზიოდ და რაიმე ნებართვის გარეშე სარგებლობა, რაც დასტურდება 2011 წლის 6 მაისის N0001006 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით;
5. შპს ,,მაგთიკომისათვის“ 2011 წლის 26 აპრილიდან (2011 წლის 26 აპრილის N000105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თარიღი) ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ იყენებდნენ ნუმერაციის რესურსს სათანადო ლიცენზიის და რაიმე ნებართვის გარეშე.
6. შპს ,,მაგთიკომს“ ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ კომისიის 2011 წლის 3 მაისიის N209/18 გადაწყვეტილება აღესრულებინა 2011 წლის 6 მაისამდე.
7. სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენას, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე, 228-ე მუხლების, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ14“ პუნქტის, 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“, ,,ჭ“, ,,ჰ2“ ქვეპუნქტების და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-15, მე-16, მე-18 პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მაგთიკომს“ დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის გამო;
2. დაევალოს შპს ,,მაგთიკომს“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნუმერაციის რესურსით ულიცენზიოდ სარგებლობა;
3. უზრუნველყოს შპს ,,მაგთიკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში და ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,მაგთიკომისათვის“;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) 10 დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს ,,მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
