ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2011
მიღების თარიღი მაისი 17, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (07.04.2011 N6/1381-11) მიმართა სს ”სილქნეტმა”, შპს საქართველოს რკინიგზასთან“ დავის განხილვის მოთხვნით.
კომისიაში სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ საკუთრებაში ჰქონდა შპს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელის ოთხი წყვილი. 2008 წლის 11 ივლისს შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #სად/08–011, რომლის შესაბამისადაც, შპს „საქართველოს რკინიგზამ“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურება, ასევე გამართული მუშაობისათვის აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. თავის მხრივ, სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია“ იღებდა ვალდებულებას შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ გადაეხადა 314,171.00 ლარი ყოველწლიურად. 2009 წლის 3 ივნისს შპს „საქართველოს რკინიგზამ“ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა “ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების ბაზრის სეგმენტზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტომბრის #656/22 და 2007 წლის 17 აპრილის #191/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს #475/9 გადაწყვეტილებას, გადაწყვიტა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის“ მომსახურების ტარიფის გაზრდა 779,980.00 ლარამდე (მომსახურების ყოველწლიური ტარიფი).
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ 31.07.2009 წელს გაგზავნილი #8-14/938 წერილით შპს „საქართველოს რკინიგზას“ აცნობა, რომ მის ინტერესებში არ შედიოდა საკითხის გართულება, დროის გაჭიანურება და სთავაზობდა ერთობლივად შეთანხმებულიყვნენ იმ მედიატორზე (მაგ. ცნობილ აუდიტორულ ფირმაზე) რომელიც შეისწავლიდა სადაო საკითხს (რკინიგზის ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში „გაერთიანებული ტელეკომის“ საკუთრებაში არსებული წყვილების მომსახურების ტარიფს) და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა ორივე მხარისათვის. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ გამოთქვავდა აგრეთვე მზადყოფნას განხილულიყო მოსარჩელის ნებისმიერი ხედვა, რომელიც მიმართული იქნებოდა სადაო საკითხის კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისაკენ. მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შპს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან არ განხორციელებულა არანაირი ქმედებები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2010 წლის მარტიდან ყველა ის საშუალება (როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივები და ნუმერაციის რესურსები), რითაც სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ახორციელებდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას გადაეცა შპს „სილქნეტს“, რომელმაც შეიცვალა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა როგორც სს „სილქნეტი“. შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზა“ 2010 წლის 12 მარტიდან სს „სილქნეტს“ ყოველთვიურად უგზავნის ოპტიკური წყვილების მომსახურებაზე გაზრდილი ტარიფით ანგარიშწორების შესახებ მოთხოვნას. მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, დღემდე ვერ მოხერხდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქართველოს რკინიგზა“ ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურებასა და მათი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაში ყოველწლიურად ითხოვს 779,980.00 ლარის გადახდას.
მოთხოვნები:
1. კომისიამ დაავალოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ სს „სილქნეტის“ შეუზღუდავი დაშვება მის კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციასთან/ქსელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა სს „სილქნეტმა“ უზრუნველყოს საკუთარი ოპტიკურ ბოჭკოვანი წყვილების ექპლუატაციისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება;
2. განემარტოს შპს „საქართველოს რკინიგზას“, რომ მის მიერ მოთხოვნილი ტარიფებით (აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაკეთებული გაანგარიშება) სს „სილქნეტთან“ შესაბამისი დაშვების ხელშეკრულების გაფორმება უსაფუძვლოა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, დავის განხილვის მიზნით კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას და მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღის დროისა და ადგილის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის თაობაზე სს „სილქნეტს“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ ეცნობათ შეტყობინებებით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „საქართველოს რკინიგზას“ გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ეთხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 27 აპრილამდე.
მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2011 წლის 29 აპრილს 16:00 საათზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ბატონი ლევან გიორგაძე და შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები ქალბატონი ნანა კლარჯეიშვილი და ბატონი დავით წივწივაძე.
კომისიის 2011 წლის 29 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „საქართველოს რკინიგზის“ შუამდგომლობა, სს „სილქნეტის“ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო თუ კომისია დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე. შპს „საქართველოს რკინიგზა“ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ დავაზე. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს, შპს „საქართველოს რკინიგზა“ ითხოვს კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.
მოსამზადებელ სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მართლაც მიმდინარეობს დავა სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს კრინიგზას“ შორის, მაგრამ აღნიშნულ დავაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ Nსად/08-011 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაო თანხის 363,827.46 ლარის (ძირითადი თანხა) და 56,147.55 (პირგასამტეხლო) ლარის სს „გაერთიანებულ ტელეკომისთვის“ (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს „სილქნეტი“), გადახდევინების დავალდებულება და ამავე დროს, იმ ფაქტის აღიარება, რომ შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ Nსად/08-011 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 779,980 ლარს დღგ-ს გარეშე.
შესაბამისად, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიაში შპს „საქართველოს რკინიგზასთან“ დავის განხილვის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადება არ არის დაკავშირებული ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაო საქმეთა კოლეგიაში მხარეებს შორის მიმდენარე დავასთან, დავის საგანი განსხვავებულია და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი განიხილოს დავა მხარეებს შორის.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 29 აპრილის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2011 წლის 6 მაისისთვის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების დაზუსტების მიზნით; აგრეთვე შპს „საქართველოს რკინიგზას“ დაევალა კომისიაში დამატებითი მტკიცებულებების სახით იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის სასამართლოში არის დავა იმავე საკითხზე, რაც სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში იქნა წარმოდგენილი.
კომისია აღნიშნავს, რომ განმეორებითი მოსამზადებელი სხომა გაიმართა 2011 წლის 6 მაისს, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ და შპს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
შპს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარე დავა დაკავშირებულია შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ Nსად/08-011 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდევინებასთან და შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა მოხსნა შუამდგომლობა ამ საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ იმავდროულად კომისიის წინაშე დააყენა ახალი შუამდგომლობა, რომელიც ასევე ითვალისწინებს დავის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის არ არსებობს დავის საგანი. კერძოდ, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სს “სილქნეტს“ არ მიუმართავს შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ოპტიკური წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების მოთხოვნით და შესაბამისად, არც შპს „საქართველოს რკინიგზას“ უთქვამს უარი სს „სილქნეტისთვის“ ხელშეკრულების გაფორმებაზე. შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის დაშვების თაობაზე დავა და დავის არ არსებობის გამო ადმინისტრაციული წარმოება დავის განხილვის მიზნით უნდა შეწყდეს.
სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „სილქნეტმა“ მიმართა წერილობით შპს „საქართველოს რკინიგზას“ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით და სს „სილქნეტი“ მზადაა კომისიას წარმოუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამზადებელი სხდომა, კომისიის გადაწყვეტილებით გადაიდო 2011 წლის 17 მაისის 16:00 საათზე და სს „სილქნეტს“ დაევალა დამატებითი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა.
კომისიის 2011 წლის 17 მაისის სხდომაზე სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ იქნა შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელზე გაგზავნილი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „სილქნეტის“ ერთობლივი წერილი (10.03.2010 N8-15/257) და შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2010 წლის 22 მარტის N3-1760 საპასუხო წერილი. აღნიშნულ ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ 2010 წლის 12 მარტიდან წყვეტს ყველანაირ სამართლებრივ ურთიერთობას შპს „საქართველოს რკონიგზასთან“ და 2010 წლის 12 მარტიდან, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აფილირებული პირი - შპს „სილქნეტი“ უზრუნველყოფს შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მომსახურების უწყვეტად მიწოდებას და შპს „საქართველოს რკინიგზისგანაც“ მომსახურების უწყვეტად მიღებას იმავე საშუალებებითა და პირობებით, მათ შორის ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად, შპს „სილქნეტმა“ შესთავაზა შპს „საქართველოს რკინიგზას“ არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისისა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „საქართველოს რკინიგზამ“ აცნობა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ და შპს „სილქნეტს“ (წერილი N3-1760 22.03.2010), რომ მათ მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილს განიხილავს, როგორც შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის არსებული ყველა სახის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რაც შეეხება შპს „სილქნეტის“ ოფერტაზე პასუხის გაცემას, აღნიშნულ შეთავაზებას შპს „საქართველოს რკინიგზა“ განიხილავს მხოლოდ შპს „სილქნეტის“ სამართლებრივი სტატუსისა და მის საკუთრებაში არსებული აქტივების შეფასების შემდეგ.
მოსამზადებელ სხდომაზე შპს „საქართველოს რკინიგზის“ წარმოამდგენელმა აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული იქნა ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ Nსად/08-011 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა შპს „საქართველოს რკინიგზის“ ვალდებულებას, განეხორციელებინა ოპტიკური წყვილების მოვლა და ცალკეული დაზინებების აღმოფხვრა, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ოპტიკურ წყვილებთან დაშვების ვალდებულებას; შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არეგულირებდა არა დაშვების, არამედ ოპტიკური წყვილების მოვლასთან და ცალკეული დაზიანებების აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
დავის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და შუამდგომლობების შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2008 წლის 11 ივლისს გაფორმებული იქნა ოპტიკური წყვილების მომსახურების შესახებ Nსად/08-011 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „საქართველოს რკინიგზა“ იღებს ვალდებულებას სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ გაუწიოს მომსახურება, რომელიც მოიცავს ოპტიკური წყვილების მოვლას, ცალკეული დაზიანებების აღმოფხვრას, აგრეთვე ოპტიკური წყვილების საკაბელო არხით მომსახურებას, წყვილების გამართული მუშობისათვის საჭირო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური და სამონტაჟო სამუშოების შესრულებას.
2. სს „გაერთიანებული ტელეკომმა“ და შპს „სილქნეტმა“ ერთობლივი წერილით (10.03.2010 N8-15/257) მიმართეს შპს „საქართველოს რკინიგზას“ და აცნობეს, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ 2010 წლის 12 მარტიდან წყვეტდა ყველანაირ სამართლებრივ ურთიერთობას შპს „საქართველოს რკონიგზასთან“ და 2010 წლის 12 მარტიდან, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აფილირებული პირი - შპს „სილქნეტი“ უზრუნველყოფდა შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მომსახურების უწყვეტად მიწოდებას და ამ უკანასკნელიდანაც მომსახურების უწყვეტად მიღებას იმავე საშუალებებითა და პირობებით, მათ შორის ტარიფებით, რაც განსაზღვრული იყო სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით. ამავე დროს, ზემოაღნიშნულ წერილში სს „სილქნეტმა“ მოსთხოვა შპს „საქართველოს რკინიგზას“, სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესაბამისი ხელშეკრულებების, მათ შორის ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, სს „სილქნეტსა“ და შპს „საქარველოს რკინიგზას“ შორის დღემდე არ არის გაფორმებული ხელშეკრულება ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურების თაობაზე.
3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) პუნქტის შესაბამისად, დაშვება განმარტებულია როგორც „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;
ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „საქართველოს რკინიგზის“ არგუმენტაციას, რომ სს „სილქნეტს“ არ მიუმართავს შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ოპტიკური წყვილების საკაბელო არხებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით.
გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილი დავების განხილვა და გადაწყვეტა, ხოლო როგორც სს „სილქნეტი“ ასევე შპს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ამ ორ სუბიექტს შორის არსებობს დავა ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებთან დაშვების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია დაიწყოს დავის განხილვა, ერთი მხრივ სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის და შესაბამისად, დავის განხილვის დღედ განისაზღვროს 2011 წლის 31 მაისის 16:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს „საქართველორ რკინიგზის“ შუამდგომლობა დავის განხილასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო;
2. ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და, მეორე მხრივ, შპს „საქართველოს რკინიგზას“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2011 წლის 31 მაისს 16:00 საათზე;
3. დავის დღის განხილვის შესახებ სს „სილქნეტი“ და შპს „საქართველოს რკინიგზა“ გაფრთხილდნენ კომისიის 2011 წლის 17 მაისის სხდომაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
