წვდომის მენიუ

სს ,,სილქნეტის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს ,,მაგთიკომისათვის“ ქმედების დავალდებულების შესახებ

ნომერი: 247 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2011

მიღების თარიღი მაისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2011 წლის 7 აპრილს   კომისიას №6/1382-11 განცხადებით მომართა სს ,,სილქნეტმა”. განცხადების თანახმად, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ საკუთარი ვებ გვერდისა (www.magticom.ge) და ტელევიზიის საშუალებით ვრცელდება რეკლამა, სადაც შპს ,,მაგთიკომი“ აბონენტებს სთავაზობს ახალ ტარიფებს. კერძოდ, ,,მაგთის“, ,,ბალის“, ,,ბანის“ და ,,მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის 1 წუთის ღირებულება - 1 თეთრი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ზარის წამოწყების ღირებულება ბალის, ბანის, მაგთიფიქსის აბონენტებისთვის შეადგენს 5 თეთრს, ხოლო მაგთის აბონენტებისთვის - 10 თეთრს, აგრეთვე 30 დღიანი სარგებლობის სააბონენტო შეადგენს 1 ლარს, რაც არ არის გახმოვანებული რეკლამაში. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ რეკლამის ბოლოს და ისიც მცირე ხნით ჩნდება წარწერა, რაც არ იძლევა ამ ინფორმაციის აღქმის საშუალებას. განმცხადებლის აზრით, შპს ,,მაგთიკომს“ აღნიშნული რეკლამის გავრცელებით შეცდომაში შეჰყავს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კომპანიის მომხმარებლები, რითაც ზიანს აყენებს, როგორც მომხმარებლებს, ასევე ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიის ინტერესებს, შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან ადგილი აქვს არასათანადო რეკლამის განთავსებას და გავრცელებას, რითაც ირღვევა ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი. აღნიშნულის საფუძველზე სს ,,სილქნეტი“ ითხოვს კომისიამ მოახდინოს რეაგირება და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

სს „სილქნეტის“ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 11 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ შპს „მაგთიკომსა“ და სს ,,სილქნეტს“, რომელიც მათ გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვნის უფლება.

სს ,,სილქნეტის“ 2011 წლის 7 აპრილის №6/1382-11 განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშემწყობის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2011 წლის 3 მაისს  წარმოდგენილ იქნა  №10/298-11 სამსახურებრივი ბარათი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ  შპს ,,მაგთიკომის“ ვებ გვერდებზე (www.magticom.ge; www.bali.ge; www.bani.ge; www.magtifix.ge ) აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად და ამომწურავად არის მიწოდებული: ოთხივე ბრენდის ვებ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს ,,მაგთის, ბალის, მაგთიფიქსის და ბანის 2 მილიონზე მეტ აბონენტთან და საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელთან წუთში 1 თეთრად. მოცემული პირობით: 30 დღიანი სარგებლობის ღირებულებაა 1 ლარი; ზარის წამოწყება: მაგთიდან - 10 თეთრი; ბალიდან, ბანიდან, მაგთიფიქსიდან - 5 თეთრი“. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2011 წლის 3 მაისის №10/298-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს ,,მაგთიკომის“ სატელევიზიო რეკლამის ხანგრძლივობა 35 წამია. აქედან 32 წამის განმავლობაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, რომ მაგთის, ბალის, მაგთიფიქსის და ბანის, აგრეთვე საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ აბონენტთან საუბრის ღირებულებაა წუთში 1 თეთრი. სარეკლამო კლიპის ბოლოს 3 წამის განმავლობაში საკმაოდ მცირე ზომის ასოებით (განსხვავებით რეკლამის ძირითად ნაწილში 1 თეთრიან ტარიფთან დაკავშირებული ინფორმაციისაგან) ეკრანზე ჩნდება წარწერა: ,,ზარის წამოწყების ღირებულება ბალი, ბანი, მაგთიფიქსი 5 თეთრი, მაგთი 10 თეთრი. 30 დღიანი სარგებლობის სააბონენტო 1 ლარი. ტარიფის გასააქტიურებლად დარეკეთ ნომერზე 111“. კომისიის აპარატის კონკურენციის დეპარტამენტის განმარტებით, რეკლამის ბოლო ნაწილი ძნელად აღქმადია და ფაქტიურად შეუძლებელია ინფორმაციის წაკითხვა, როგორც მცირე ზომის შრიფტის, ასევე დროის სიმცირის გამო. შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკლამით მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია მხოლოდ ერთი სასაუბრო წუთის ღირებულების შესახებ (1 თეთრი), რაც სრულად არ ასახავს აღნიშნული მომსახურების არსებით პირობებს.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 17 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ლევან გიორგაძე და შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური, რომელიც არ დაეთანხმა სს ,,სილქნეტის“ განცხადებას და განაცხადა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამა არ არღვევს კანონს და მასში სრულად არის გადმოცემული შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული მომსახურება და ტარიფები. მან ასევე წარმოადგინა რადიოში განთავსებული რეკლამა, სადაც გახმოვანებულია შპს ,,მაგთიკომის“ მომსახურების ტარიფები სრულად. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აქციაში ჩასართავად აბონენტმა უნდა აკრიფოს 111 და OK, რის შემდეგაც ირთვება ე.წ. IVR (Interactive Voise Response), რომლის საშუალებითაც აბონენტი კიდევ ერთხელ ეცნობა აქციის პირობებს და მხოლოდ მისი გაცნობისა და თანხმობის შემთხვევაში ერთვება აქციაში.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      სს ,,სილქნეტის“ 2011 წლის 7 აპრილის №6/1382-11 განცხადება;

2.      კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 3 მაისის №10/298-11  სამსახურებრივი ბარათი;

3.      შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლის ჩანაწერი CD-ზე;

4.      შპს ,,მაგთიკომის“ მიერ რადიოში განთავსებული სარეკლამო რგოლის ჩანაწერი      CD-ზე;

5.      შპს ,,მაგთიკომის“ წერილობითი მოსაზრება (17.05.11. N6/1980-11), რომელიც წარმოდგენილ იქნა  2011 წლის 17 მაისის კომისიის სხდომაზე;

6.      შპს ,,მაგთიკომის“ ვებ გვერდებზე (www.magticom.ge; www.bali.ge; www.bani.ge; www.magtifix.ge ) განთავსებული რეკლამები;

7.      სს ,,სილქნეტის” წარმომადგენლის ლევან გიორგაძის ახსნა-განმარტება;

8.      შპს ,,მაგთიკომის” წარმომადგენლის დავით ძიძიგურის ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2005 წლის 18 ივლისიდან;

2.      შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ტელევიზიით ვრცელდება რეკლამა, რომლის ხანგრძლივობა 35 წამია. აქედან 32 წამის განმავლობაში მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია, რომ ,,მაგთის“, ,,ბალის“, ,,მაგთიფიქსის“ და ,,ბანის“, აგრეთვე საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ აბონენტთან საუბრის ღირებულებაა წუთში 1 თეთრი. სარეკლამო კლიპის ბოლოს, 3 წამით, ეკრანზე ჩნდება წარწერა: ,,ზარის წამოწყების ღირებულება ბალი, ბანი, მაგთიფიქსი 5 თეთრი, მაგთი 10 თეთრი. 30 დღიანი სარგებლობის სააბონენტო 1 ლარი. ტარიფის გასააქტიურებლად დარეკეთ ნომერზე 111.“

3.      რეკლამის ბოლო ნაწილი ძნელად აღქმადია და ფაქტიურად შეუძლებელია ინფორმაციის წაკითხვა, როგორც მცირე ზომის შრიფტის, ასევე დროის სიმცირის გამო. ამ რეკლამით მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია მხოლოდ ერთი სასაუბრო წუთის ღირებულების შესახებ (1 თეთრი), რაც სრულად არ ასახავს აღნიშნული მომსახურების არსებით პირობებს;

4.      შპს ,,მაგთიკომის“ ვებ გვერდებზე (www.magticom.ge; www.bali.ge; www.bani.ge; www.magtifix.ge; )  და რადიოში განთავსებული რეკლამები სრულად და ამომწურავად იძლევიან ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურებისა და მისი ტარიფების ოდენობაზე;

5.      2011 წლის 2 მაისიდან შპს ,,მაგთიკომის“ რეკლამა, რომელსაც შეეხება სს ,,სილქნეტის“ 2011 წლის 7 აპრილის №6/1382-11 განცხადება, აღარ გადის სატელევიზიო სივრცეში.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.      ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში.

2.      ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში არასათანადო რეკლამა განმარტებულია, როგორც არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

3.      ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი შეცდომაში შემყვანი რეკლამა ეს არის რეკლამა, რომლის  მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს, რეკლამის გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და რომელსაც შეუძლია დააზიანოს კონკურენტი.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის” რეკლამა არ შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო,  შეცდომაში შემყვან რეკლამად. რეკლამის ბოლოს არსებული წარწერა ცხადყოფს, რომ შპს ,,მაგთიკომს“ ჰქონდა ნება ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიეწოდებინა მომხმარებლებისათვის.  მით უფრო, რომ შპს ,,მაგთიკომის“ ვებ გვერდებზე და რადიოში განთავსებული რეკლამა შეიცავს სრულად და აღქმად ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაც სატელევიზიო რეკლამაში მცირე ზომის  წარწერის სახით არის გამოსახული. ამასთანავე, აქციაში ჩასართავად აბონენტმა უნდა აკრიფოს 111 და OK, რის შემდეგაც ირთვება ე.წ. IVR (Interactive Voise Response), რომლის საშუალებითაც აბონენტი კიდევ ერთხელ ეცნობა აქციის პირობებს და მხოლოდ მისი გაცნობისა და თანხმობის შემთხვევაში ერთვება აქციაში.

კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სატელევიზიო (სამაუწყებლო) რეკლამის წარწერაში შრიფტის ზომა და დროის ის ხანგრძლივობა, რა ხანგრძლივობითაც უნდა გამოჩნდეს წარწერა ეკრანზე. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის” მიერ, სატელევიზიო რეკლამაში, ეკრანზე წარწერის განთავსებისას, მცირე ზომის შრიფტის ან მცირე ხანგრძლივობის გამოყენებით, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შპს ,,მაგთიკომს” უნდა დაევალოს უზრუნველყოს, მის მიერ ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ  ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1. სს ,,სილქნეტის“ განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,მაგთიკომს“ დაევალოს 2011 წლის 31 მაისამდე უზრუნველყოს მის მიერ ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომისა“ და სს ,,სილქნეტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                     . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                     . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები