შპს „ძველი ქალაქის“ სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 27, 2011
მიღების თარიღი მაისი 20, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 4 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.05.2011 N10/308-11) შპს „ძველი ქალაქის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ძველი ქალაქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2010 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ კომპანიის დამფუძნებლებმა კობა ჟორჟოლიანმა, რომელიც ფლობდა საწესდებო კაპიტალის 25%-ს და ვახტანგ კიკალეიშვილმა, რომელიც ასევე ფლობდა საწესდებო კაპიტალის 25%-ს, აღნიშნული წილები დათმეს შპს „ძველი ქალაქის“ დამფუძნებლების, ირაკლი მაჩიტიძისა და ქეთევან ბერძენიშვილის სასარგებლოდ. შპს „ძველი ქალაქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტრაციაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „ძველი ქალაქის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 19 აპრილს.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 16 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,ძველი ქალაქის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 20 მაისს, რის თაობაზეც შპს ,,ძველ ქალაქს” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (16.05.2011 N03/1013-11) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 20 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „ძველი ქალაქის“ დირექტორი ი.მაჩიტაძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით გამომდინარეობა ამავე კანონის მე-60 და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძლვისა და მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალეობის მოთხოვნიდან და ვინაიდან შპს „ძველი ქალაქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებებით არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს არ უნდა გახდეს კომპანიის სანქცირების საფუძველი.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (04.05.2011 N10/308-11) თანდართული დოკუმენტაციით;
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
3. შპს „ძველი ქალაქის“ წარმომადგენლის ი.მაჩიტაძის ახსნა-განმარტება;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ძველი ქალაქი” წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB71 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
2. შპს ,,ძველი ქალაქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2010 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, კერძოდ კომპანიის დამფუძნებლებმა კობა ჟორჟოლიანმა, რომელიც ფლობდა საწესდებო კაპიტალის 25%-ს და ვახტანგ კიკალეიშვილმა, რომელიც ასევე ფლობდა საწესდებო კაპიტალის 25%-ს, აღნიშნული წილები დათმეს შპს „ძველი ქალაქის“ დამფუძნებლების ირაკლი მაჩიტიძისა და ქეთევან ბერძენიშვილის სასარგებლოდ, რომლებიც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდგომ დამოუკიდებლად გახდნენ შპს „ძველი ქალაქის“ საწესდებო კაპიტალი 50% წილის მფლობელები. შპს „ძველი ქალაქის“ სადამფუძნებლო დოკუმენტრაციაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების თაოაბზე ინფორმაცია და ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „ძველი ქალაქის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 19 აპრილს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში 2011 წლის 19 აპრილს განხორციელდა ცვლილება (ცვლილება ძალაში შევიდა აღნიშნული ცვლილებების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე 2011 წლის 5 მაისს). აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე, 62-ე მუხლის პირველი პუნქტი თვალისწინებდა ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებას წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
კომისია აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4546-Iს საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს და ამავე დროს, შპს „ძველი ქალაქის“-ს მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი ჩადენილ იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ძველი რედაქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ძველი ქალაქის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტის დაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ცვლილებების ძალაში შესვლამდე (2011 წლის 5 მაისამდე).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ძველი ქალაქის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ ამ უკანასკნელის მიერ, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა თითქმის 4 თვის დაგვიანებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ძველი ქალაქის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაფრთხილდეს შპს „ძველი ქალაქი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ძველი ქალაქისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ძველი ქალაქისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
