წვდომის მენიუ

შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 255 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011

მიღების თარიღი მაისი 27, 2011

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რეალტივი საქართველომ“ (№7/152-11, 13.04.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „რეალტივი საქართველო“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 21 იანვრის №34/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მედიავალს“ მიეცა ლიცენზია №1445, რომელიც 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა და განისაზღვრა როგორც კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზია. კომისიის 2009 წლის 7 აგვისტოს №381/22 გადაწყვეტილებით შპს „მედიავალს“ მიეცა წინასწარი თანხმობა შპს „რეალტივი საქართველოსათვის“ აღნიშნული ლიცენზიის გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, შპს „რელატივი საქართველო“ 2009 წლის 7 აგვისტოდან ფლობს კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 21 იანვრამდე;

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის სახეობასთან შეუსაბამობა. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის, ხოლო რაც შეეხება მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა ლიცენზია მოყვანილ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, კომპანია, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემებისა და ორბიტალური მიწისზედა სადგურების მეშვეობით, ხოლო მეორე მხრივ, ლიცენზია შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” და  დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B84 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და  კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 28 ივნისს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „რეალტივი საქართველოსთვის“ (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები