წვდომის მენიუ

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 259 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2011

მიღების თარიღი მაისი 31, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განცხადებას  დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

            „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლი ითვალისწინებს სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებას, ყოველწლიურად, საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

            ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაამტკიცოს შესაბამისობის დეკლარაციის თანდართული ფორმა.

            „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 და 61-ე მუხლების, 76-ე მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

            გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი და სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებელი პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა (დანართი N1);

2.  ცნობილ იქნას დანართი N1 ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  უზრუნველყონ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელმა პირებმა არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით  საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა) შესაბამისობის დეკლარაციით გათვალისწინებული მონაცემების კომისიის ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებლივ რეესტრში შეტანა, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ დეკლარაციის წარმოდგენის შემდეგ;

ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) კომისიაში ლიცენზიის გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს (ი.ხარებავა; გ.რატიშვილი);

კომისიის წევრი                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                  კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                   ი. მოსეშვილი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები