წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებები

ნომერი: 260 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011

მიღების თარიღი მაისი 31, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი.

   კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტის კომისიის №1 დადგენილებით დამტკიცდა კომისიის დებულება ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დასახელებები, ფუნქციები და ვალდებულებები.

       კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წლის 17 მაისს ძალაში შევიდა ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  24-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 55-ე პუნქტი:

 ”55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.“  

      შესაბამისად, კომისიას, როგორც ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს განესაზღვრა სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-11 პუნქტის და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 1 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე პუნქტის და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ზ) ქვეპუნქტი:

”ზ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობის ნიმუში (თან ერთვის)”;

2. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის” მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის გ) ქვეპუნქტი:

”გ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობა.”

3. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების  შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები);”

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა.

1. კომისიის მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე გაიცემა მხოლოდ სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა, ცალკე ლიცენზია/ნებართვა არ გაიცემა;

2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;

3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;

4. რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს ან ნუმერაციის რესურსს,  ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;

5. სანებართვო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობა შეიცავს: ნებართვის ნომერს, ნებართვის სახეს, ნებართვის მფლობელის დასახელებას, ნებართვის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ნებართვით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, ნებართვით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის თარიღს და ნებართვის მოქმედების ვადას;

7. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები”.

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ლიცენზიების/ნებართვების ნუმერაცია

1. ლიცენზიები/ნებართვები ინომრება რეესტრში შეტანის მიზნით;

2.  სამაუწყებლო ლიცენზიას ენიჭება კოდი B და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი № და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.

5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ..

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების ნუმერაცია.

სამაუწყებლო, რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.”.

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის გაცემა ლიცენზიის/ნებართვის ცვლილებისას.

ლიცენზიის/ნებართვის მოდიფიცირების (ცვლილების) შემთხვევაში, როცა იცვლება სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის რეკვიზიტები, ლიცენზიის/ნებართვის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა. ამ შემთხვევაში ძველი სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები”.

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და რეგისტრაცია.

1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებს  ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას ახორციელებენ ნუმერაციის რესურსის მართვის, მაუწყებლობის რეგულირების და რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტები, ხოლო რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ადმინისტრაციული დეპარტამენტი .

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 6) ახორციელებს  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტი.”

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა.

შევსებული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა ხდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის უფლებამოსილ პირზე – დირექტორზე ან საამისოდ უფლებამოსილ წარმომადგენელზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც სარეგისტრაციო ჟურნალში ადასტურებს ხელმოწერით სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მიღებას”.

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა.

1. გაცემული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, კომისია გასცემს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;

2. დაკარგული სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის მფლობელმა დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;

ბ) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დაკარგვის შესახებ;

გ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში კომისია გასცემს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.

4. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”;

5. გაცემული დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 3 და დანართი 7)”.

ი) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით წარედგინება აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს;”

კ) მე- 13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. მკაცრი  აღრიცხვის  ფორმებით  დროული უზრუნველყოფისა და  სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.”

ლ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში;”

მ)  მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შესთანხმებლად წარდგენის ორგანიზება;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშის შპს „კაბადონი +”-თვის საკონტროლო ეგზემპლარის დასამზადებლად წარდგენის ორგანიზება;

გ) შპს „კაბადონი +”-დან მკაცრი აღრიცხვის ფორმის საკონტროლო ეგზემპლარის მიღებისთანავე მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის სარეგისტრაციოდ წარდგენის ორგანიზება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები