შპს ,,სუპერ ტვ”-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2011
მიღების თარიღი მაისი 31, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 5 მაისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 3 და 4 მაისის სამსახურებრივი ბარათები (№10/301-11 და №10/309-11), რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ კომისიას 2011 წლის 14 აპრილს მომართა ტელეკომპანიების ,,სერვინკომ პლუსის“ და ,,რედ მედიას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში შპს ,,სტეპკომმა“, რომელიც წარმოადგენს ტელეარხების ,,ИНТЕР+“, ,,ИНДИЯ“ და ,,МНОГО ТВ“-ის უფლებების მფლობელს და განაცხადა, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ ხდება ზემოაღნიშნული სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება უფლების მოპოვების გარეშე და კომისიისაგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. კომისიამ 2011 წლის 27 აპრილს N04/790-11 წერილით მიმართა შპს ,,სუპერ ტვ“-ს, აცნობა შპს ,,სტეპკომის“ წერილების შესახებ და მოსთხოვა მის ქსელში განთავსებული ადგილობრივი და უცხოური არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 2 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოდგენა. ამასთანავე, კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა, შპს ,,სტეპკომის“ მომართვის საფუძველზე 2011 წლის 27 აპრილს შემოწმება ჩაატარა შპს ,,სუპერ ტვ“-ის აბონენტთან არჩილ ბებიაშვილთან და შეადგინა შემოწმების აქტი №20. შემოწმების აქტის შესაბამისად, ირკვევა, რომ შპს ,,სუპერ ტვ“ სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.
შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2011 წლის 29 აპრილს კომისიაში წარმოადგინა N6/1792-11 წერილი თანდართულ მასალებთან ერთად. წერილის თანახმად, შპს ,,სუპერ ტვ“ წარმოადგენს ახალ კომპანიას, მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს 2011 წლის პირველი თებერვლიდან და დროის ამ მონაკვეთში ვერ შეძლო ყველა სატელევიზიო არხთან მოლაპარაკების დასრულება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ რამოდენიმე სატელევიზიო არხთან გაგზავნილია ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები და უახლოეს დღეებში ელოდებიან სატელევიზიო არხებისგან ხელმოწერილ ვერსიებს. ამასთანავე შპს ,,სუპერ ტვ“-მ მოითხოვა დამატებით 1 თვიანი ვადა ხელშეკრულებების წარმოსადგენად. აღნიშნულ წერილს დართული აქვს რეტრანსლაციის შესახებ ხელშეკრულებები და შეთანხმებები გაფორმებული შემდეგ სატელევიზიო არხებთან: ,,Discover Channel”, ,,Animal Planet”, ,,Discovery Science”, ,,Discovery World TLC” and ,,ID: investigation Discovery”, ,, ტელეკომპანია საქართელო“, ,,რუსთავი 2“ და ,,რუსთავი 2-ის ახალი არხი“, ,,ტელეიმედი“, ,,რეალტვი-საქართველო“, ,,კავკასია“, ,,ტელეკომპანია მზე“, ,,სტუდია მაესტრო“, ,,ივერია ინტერმედია“ (,,ენკი ბენკი“), ,,ღია აფხაზეთისათვის“, ,,ერთსულოვნება“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ,,ალანია“ (,,RTV”), ,,ტელეკომპანია აჭარა“, ,,GMG“ (6 არხი), ,,Euronews“, ,,Deutche Welle”, ,,English club”, ,,CNN”, ,,Cartoon Network”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№10/301-11 და №10/309-11) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 18 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სუპერ ტვ“-ს სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 24 მაისს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სუპერ ტვ“-ს ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 24 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სუპერ ტვ”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები სოფო ნემსაძე და არჩილ თაბაგარი. მათ კომისიის სხდომის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კომისიაში წარმოადგინეს N6/2156-11 წერილი თანდართულ დოკუმენტებთან (სატელევიზიო არხებთან გაფორმებული ხელშეკრულებები რეტრანსლირების თაობაზე) ერთად და მოითხოვეს შპს ,,სუპერ ტვ“-ის სანქცირების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილია შპს ,,სტეპკომის“ წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შპს ,,სტეპკომს“ შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მათ განემარტათ, რომ ,,სუპერ ტვ“-ის სანქცირების თაობაზე წარმოება დაწყებულია არა მხოლოდ იმ არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო, რომლებზედაც პრეტენზიას გამოთქვამდა შპს ,,სტეპკომი“, არამედ იმ არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამოც, რომლებიც დაფიქსირებულია 2011 წლის 27 აპრილის N20 შემოწმების აქტში. შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლებმა მოითხოვეს კომისიის სხდომის გადადება სხვა ხელშეკრულებების წარმოდგენის მიზნით. კომისიის მიერ დაკმაყოფილდა შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა და სხდომა გადაიდო ერთი კვირით 2011 წლის 31 მაისისათვის.
კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 24 მაისს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაქტობრივად იგივე ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რაც შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2011 წლის 29 აპრილს, გარდა ,,BBC“-თან გაფორმებული ხელშეკრულებისა და შპს ,,სტეპკომის“ 2011 წლის 1 მაისის N6/2157-11 წერილისა, სადაც შპს ,,სტეპკომის“ განცხადებით შპს ,,სუპერ ტვ“-სთან გაფორმდა 2 რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის: ხელშეკრულება N01/05/11/51 სატელევიზიო არხზე ,,ИНТЕР+“ და ხელშეკრულება N01/05/11/50 სატელევიზიო არხებზე ,,ИНДИЯ“ და ,,МНОГО ТВ“. შპს ,,სტეპკომის“ წერილში აღნიშნულია, რომ ამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადა არის 2011 წლის პირველი მაისიდან ა/წ პირველ ივლისამდე და აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიმართ შპს ,,სტეპკომის“ პრეტენზიები მოხსნილია.
კომისიის 2011 წლის 31 მაისის სხდომაზე შპს ,,სუპერ ტვ“-ის წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა კომისიაში წარმოადგინა წერილი (31.05.11 N6/2285-11) შემდეგ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად: ა) შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯია“-სა და შპს ,,სუპერ ტვ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების (,,ОХОТА И РЫБАЛКА“, ,,РЕТРО“, ,,RTVI”) რეტრანსლირების შესახებ; ბ) ,,Media Broadcasting”-ის წერილები, რომელთა თანახმად შპს ,,სუპერ ტვ“ უფლებამოსილია 2011 წლის 1 აპრილიდან თავის ქსელში გადასცეს სატელევიზიო არხები ,,Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“, ,,Nickelodeon” და ,,VH1 EUROPIAN"; გ) სატელევიზიო არხების ,,Fashion one”-ისა და ,,Mezzo”-ს ოფიციალური წარმომადგენლის ,,Универсал дистрибьюшн“-ის საგარანტიო წერილი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნულ არხებზე ხელშეკრულებები ხელმოსაწერად იმყოფება უფლებების მფლობელებთან საფრანგეთსა და ფილიპინებზე; დ) ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მცხოვრები ექვსი აბონენტის ხელწერილი, სადაც აბონენტები ხელისმოწერით ადასტურებენ, რომ 2011 წლის 10 აპრილს მათ ქსელში გაითიშა რამოდენიმე არხი, მათ შორის (და არა მხოლოდ) ,,Travel”, ,,Fox Crime”, Disney Channel”, National Geographic”; ე) რიგი არხების ექსკლუზიური წარმომადგენელი და რიგი არხების დილერი კომპანიის ,,Niltex holding Limited”-ის 2011 წლის 24 მაისის წერილი, რომლის თანახმადაც იგი ადასტურებს, რომ 2011 წლის აპრილში შპს ,,სუპერ ტვ“-ს ჰქონდა უფლება ტესტურ რეჟიმში გადაეცა არხები: ,,TV 1000” და ,,Viasat history”; ვ) შპს ,,სუპერ ტვ“-სა და შპს ,,პირველ სტერეოს“ შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება რეტრანსლირების შესახებ;
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 27 აპრილის №20 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 3 და 4 მაისის სამსახურებრივი ბარათები (№10/301-11 და №10/309-11);
3. შპს ,,სუპერ ტვ“-ის აბონენტთან განხორციელებული შემოწმების ჩანაწერი CD-ზე;
4. შპს ,,სუპერ ტვ“-ს აბონენტის გადახდის ქვითარი;
5. კომისიის 2011 წლის 27 აპრილის N04/790-11 წერილი, რომლითაც სპს ,,სუპერ ტვ“-ის დაევალა 2 დღის ვადაში წარმოედგინა კომისიაში რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები. აღნიშნული წერილი შპს ,,სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 2011 წლის 27 აპრილს;
6. შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიერ 2011 წლის 29 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი N6/1792-11 წერილი თანდართულ მასალებთან (ხელშეკრულებები, შეთანხმებები) ერთად;
7. შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიერ 2011 წლის 24 მაისს კომისიაში წარმოდგენილი N6/2156-11 წერილი თანდართულ მასალებთან (ხელშეკრულებები, შეთანხმებები) ერთად;
8. შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიერ 2011 წლის 31 მაისს კომისიაში წარმოდგენილი N6/2285-11 წერილი თანდართულ მასალებთან ერთად;
9. შპს ,,სტეპკომის“ ოთხი წერილი (14.04.2011 N6/1462-11; 14.04.11 N6/1463-11; 27.04.11 N6/1761-11; 27.04.11 N6/1762-11), სადაც იგი აცნობებს კომისიას, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ ხდება სატელევიზიო არხების: ,,ИНТЕР+“, ,,ИНДИЯ“ და ,,МНОГО ТВ“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება უფლების მოპოვების გარეშე და კომისიისაგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება;
10. შპს ,,სტეპკომის“ 2011 წლის 1 მაისის N6/2157-11 წერილი, სადაც შპს ,,სტეპკომის“ განცხადებით შპს ,,სუპერ ტვ“-სთან გაფორმდა ორი რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიმართ შპს ,,სტეპკომის“ პრეტენზიები მოხსნილია.
11. კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;
12. 2011 წლის 24 მაისისა და 31 მაისის კომისიის სხდომებზე, შპს ,,სუპერ ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის არჩილ თაბაგარის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
13. 2011 წლის 24 მაისისა და 31 მაისის კომისიის სხდომებზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;
კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2011 წლის 31 იანვარი, ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;
2. 2011 წლის 27 აპრილს 18:23 საათზე, ქ.თბილისში, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობით განხორციელდა, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, აბონენტთან არჩილ ბებიაშვილთან, მისამართზე: ქ. თბილისი, მირცხულავას ქ. N1 ბინა 29, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №20. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ. შუღლიაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები არჩილ ბებიაშვილი (პ/ნ 01007004226) და ნათელა ფურცელაძე (პ/ნ 01007006894);
3. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 27 აპრილის №20 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD), შემოწმების ჩამტარებელი პირებისა (გ. რატიშვილი, ვ. შუღლიაშვილი) და დამსწრე პირების: არჩილ ბებიაშვილისა და ნათელა ფურცელაძის ხელმოწერებით;
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 27 აპრილის №20 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
5. შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2011 წლის 29 აპრილს, 2011 წლის 24 მაისს კომისიაში წარმოადგინა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, კერძოდ შემდეგი სამაუწყებლო არხების: ,,ტელეკომპანია საქართველო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „რუსთავი 2”, ,,რუსთავი 2-ის ახალი არხი“ „ტელეიმედი”, „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК), „მზე” , „რეალტივი საქართველო”, „კავკასია”, „მაესტრო”, ,,ივერია ინტერმედია“, ,,ღია აფხაზეთისათვის“, ,,ერთსულოვნება“, ,,ალანია“, ,,აჭარის ტელევიზია“, ,,GMG“ (6 არხი), ,, EURONEWS”, ,,DEUTSCHE WELLE”, ,,ENGLISH CLUB TV”, ,,CNN”, ,,CN”, ,,DISCOVERY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY TRAVEL & LIVING/TLC”, ,,DISCOVERY SCIENCE”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,INVESTIGATION DISCOVERY”, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები;
6. შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2011 წლის 24 მაისს კომისიაში დამატებით წარმოადგინა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით: ,,ИНДИЯ“ ,,МНОГО ТВ“, ,,ИНТЕР+“ ,,BBC“;
7. შპს ,,სუპერ ტვ“-მ 2011 წლის 31 მაისს კომისიაში წარმოადგინა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით: ,,ОХОТА И РЫБАЛКА“, ,,РЕТРО“, ,,RTVI”, ,,Эс-Пи-Ти-Ай Нетворкс Восток“, ,,Nickelodeon”, ,,VH1 EUROPIAN", ,,TV 1000”, ,,Viasat history” და ,,პირველი სტერეო“;
8. შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილი აბონენტთა ხელწერილების თანახმად, შპს ,,სუპერ ტვ“-ის ქსელში 2011 წლის 10 აპრილს გაითიშა შემდეგი არხები: ,,Travel”, ,,Fox Crime”, Disney Channel”, National Geographic”, თუმცა კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სუპერ ტვ“-ს 2011 წლის პირველი აპრილიდან უკვე არ ჰქონდა ზემოაღნიშნული არხების რეტრანსლირების უფლება, ვინაიდან შპს ,,სუპერ ტვ“-სა და შპს ,,TVinside“-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შეეძლო შპს ,,სუპერ ტვ“-ის განეხორციელებინა აღნიშნული არხების ტრანზიტი, ვადა გაუვიდა 2011 წლის 1 აპრილს და არ გაგრძელებულა;
9. შპს ,,სუპერ ტვ“ 2011 წლის 27 აპრილს, შემოწმების ჩატარების დღისათვის, რეტრანსლირების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე გარეშე ახორციელებდა შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირებას: „National Geographic“, ,,Disney Channel”, ,,Travel”, ,,Fox Crime”, ,,Inter+”, ,,IndiaTV“, ,,Mezzo“, ,,Fashion one“;
10. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის შპს ,,სუპერ ტვ“-ს საკუთარ ქსელში გათიშული აქვს შემდეგი არხების ტრანზიტი: „National Geographic“, ,,Disney Channel”, ,,Travel”, ,,Fox Crime”;
11. შპს ,,სტეპკომის“ 2011 წლის პირველი მაისის N6/2157-11 წერილის თანახმად დგინდება, რომ 2011 წლის პირველი მაისიდან შპს ,,სუპერ ტვ“ საკუთარ ქსელში მართლზომიერად ახორციელებს სატელევიზიო ტრანზიტს შემდეგ არხებზე: ,,Inter+”, ,,IndiaTV“, თუმცა 2011 წლის 27 აპრილს, შემოწმების დღისათვის შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ ხდებოდა აღნიშნული არხების არამართლზომიერი ტრანზიტი;
12. კომისიის 2011 წლის 27 აპრილის N04/790-11 წერილით გამოთხოვილი ინფორმაცია - ხელშეკრულებები რეტრანსლირებაზე, რომელიც შპს ,,სუპერ ტვ“-ს 2 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 24 მაისს და 31 მაისს. ამდენად შპს ,,სუპერ ტვ“-მ კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით წარმოადგინა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) რეტრანსლირების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: ,,ОХОТА И РЫБАЛКА“, ,,РЕТРО“, ,,RTVI” ,,Nickelodeon”, ,,TV 1000”, ,,BBC”, ,,პირველი სტერეო“;
13. შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ არამართლზომიერად, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე მიმდინარეობს შემდეგი არხების რეტრანსლირება: ,,Mezzo“, ,,Fashion one“;
14. შპს ,,სუპერ ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „National Geographic“, ,,Disney Channel”, ,,Travel”, ,,Fox Crime”, ,,Inter+”, ,,IndiaTV“, ,,Mezzo“, ,,Fashion one“ - შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, ასევე შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: ,,ОХОТА И РЫБАЛКА“, ,,РЕТРО“, ,,RTVI” ,,Nickelodeon”, ,,TV 1000”, ,,BBC”, ,,პირველი სტერეო“, რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ”ქვეპუნქტები.
ვინაიდან, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,სუპერ ტვ”-ს ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,MEZZO”, ,,FASHION TV” არამართლზომიერი გადაცემა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების შესახებ ხელშეკრულებების ასლების კომისიაში წარმოდგენამდე, კომისიას არ უმსჯელია, შპს ,,სუპერ ტვ“-ის მიერ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სუპერ ტვ”-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. შპს ,,სუპერ ტვ“-მ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,MEZZO”, ,,FASHION TV”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სუპერ ტვ“-სათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
