წვდომის მენიუ

შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 264 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2011

მიღების თარიღი ივნისი 03, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 19 მაისს განცხადებით (19.05.2011 N6/2051-11) მომართა შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“. განცხადების თანახმად, ირკვევა, რომ შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2011 წლის 26 აპრილს მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ სააბონენტო ნომრების  პორტირების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო 2011 წლის 28 აპრილს კვლავ მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ პორტირების გაუქმების მოთხოვნით. შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შპს ,,მაგთიკომმა“ უარი უთხრა პორტირების გაუქმებაზე. შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ უარი პორტირების გაუქმებაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი  და ითხოვს შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 2011 წლის 19 მაისს წარმოდგენილი N6/2051-11 განცხადება და მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IX თავიდან გამომდინარე და შესაბამისად, მიზანშეწონილია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით კომისიამ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

2011 წლის 3 ივნისის კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა დააყენა შუამდგომლობა, შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განხილვაში ჩართულ იქნას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი შპს ,,მედიაპრო ჯორჯია“, ვინაიდან პორტირების გაუქმებაზე შპს ,,მაგთიკომის“ უარს საფუძვლად დაედო  შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ უარი პორტირების გაუქმებაზე.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის IX თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

1.  დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2011 წლის 19 მაისის N6/2051-11 განცხადების საფუძველზე;

2.  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 17 ივნისს 16:00  საათზე, შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

3.   ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი შპს ,,მედიაპრო ჯორჯია“;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიასათვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.

 კომისიის წევრი                                                                                    ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                    კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები