წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 265 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2011

მიღების თარიღი ივნისი 03, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 27 მაისს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 25  მაისის №10/383-11 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა  (გ. რატიშვილი, ვ.შუღლიაშვილი) მიერ 2011 წლის 23 მაისს ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“  მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №35, რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი” თავის საკაბელო ქსელში სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.05.11 №10/383-11) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 30 მაისს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 3 ივნისს. აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა პირადად და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 3 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ მის ქსელში ხდებოდა ისეთი არხების ტრანზიტი, რომლებზედაც არ ჰქონდა მოპოვებული რეტრანსლირების უფლება. ზურაბ მამუკელაშვილის განცხადებით, მის მიერ 2011 წლის 3 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ,,TVinside“-სა და ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილს შორის 2011 წლის პირველ მარტს გაფორმებული საკაბელო სატრანზიტო თანამშრომლობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება ზურაბ მამუკელაშვილმა 2011 წლის 3 ივნისის კომისიის სხდომაზეც წარმოადგინა. ხელშეკრულების პირველი პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად,  ინდ. მეწარმე ზურაბ მამუკელაშვილი უფლებამოსილია თავის ქსელში სხვა სამაუწყებლო არხებთან ერთად მოახდინოს  ,,Discovery science”-ის  და ,,Animal Planet“-ის მიღება-ტრანზიტი. კომისიამ გადაამოწმა ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის მიერ 2011 წლის მარტის თვეში კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არ დადასტურდა ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილსა“ და შპს ,,TVinside“-ს შორის გაფორმებული საკაბელო სატრანზიტო თანამშრომლობის ხელშეკრულების წარმოდგენის ფაქტი.

ზურაბ მამუკელაშვილმა კომისიის სხდომაზე ასევე წარმოადგინა მიღება-გადაცემის მომსახურების აქტი ,,Eurosport”–სა და  „ატენი ტვ“–ს შორის. ზურაბ მამუკელაშვილმა განმარტა, რომ მისი საკაბელო ტელევიზია აბონენტებისათვის და პარტნიორებისათვის ცნობილია, როგორც ,,ატენი ტვ“, ვინაიდან თავდაპირველად სარეგისტრაციო დოკუმენტებში ეს სახელწოდება ერთოვოდა ბრჭყალებში ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“, ამასთანავე განაცხადა, რომ  ,,Eurosport”–ის ხელშეკრულებაში დაფიქსირდება ინდ. მეწარმე  ,,ზურაბ მამუკელაშვილი“.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 23 მაისის  №35 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

2.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 25 მაისის  №10/383-11  სამსახურებრივი ბარათი;

3.   ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტთან ზურაბ გოჩიტაშვილთან ჩატარებული შემოწმების  ჩანაწერი CD-ზე;

4.   ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტის გადახდის ქვითარი;

5.  კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;

6.  ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილსა“ და შპს ,,TVinside“-ს შორის გაფორმებული საკაბელო სატრანზიტო თანამშრომლობის ხელშეკრულება;

7.  მიღება-გადაცემის მომსახურების აქტი ,,Eurosport”–სა და  „ატენი ტვ“–ს შორის, გაფორმებული 2011 წლის 1 ივნისს;

8.    კომისიის 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 წერილი, რომლის თანახმად ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ დაევალა, კომისიაში ყველა იმ სამაუწყებლო არხთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლებიც გადაიცემა მის ქსელში.

9.   2011 წლის 3 ივნისის კომისიის სხდომაზე ზურაბ მამუკელაშვილის  მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგინდა  შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2010 წლის 25 იანვარი, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

2.  2011 წლის 23 მაისს, 18:08 საათზე, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ აბონენტთან ზურაბ გოჩიტაშვილთან, მისამართზე: ქ. თბილისი, შროშის ქუჩა N8/10, ბინა 25, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ვ. შუღლიაშვილის მონაწილეობით განხორციელდა ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ, მის საკაბელო ქსელში, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №35.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: გ. რატიშვილი და  ვ. შუღლიაშვილი, ასევე აბონენტი                   ზ. გოჩიტაშვილი (პ/ნ 01008003926) და მოწმე ლ.გოჩიტაშვილი (პ/ნ 01024066326);

3.   2011 წლის 23 მაისის N35 შემოწმების აქტის თანახმად, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“ თავისი საკაბელო ქსელით, რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე,  ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,English club”, ,,Animal Planet”, National Geographic”, ,,Discovery science”, ,,Eurosport”, ,,CNN”;

4.  შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 23 მაისის №35 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);

5.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 23 მაისის №35 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

6.  შპს ,,TVinside“-თან 2011 წლის პირველ მარტს გაფორმებული საკაბელო სატრანზიტო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე  ინდ. მეწარმე  ,,ზურაბ მამუკელაშვილი“  უფლებამოსილი იყო გადაეცა 2011 წლის 23 მაისის  N35 შემოწმების აქტით დაფიქსირებული შემდეგი სამაუწყებლო არხები: ,,Animal Planet” და ,,Discovery science”. აღნიშნული ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ წარმოდგენილ იქნა კომისიის მიერ 2011 წლის 14 მარტის N04/481-11 წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კერძოდ, აღნიშნული წერილით ავტორიზებულ პირს დაევალა კომისიაში ყველა იმ სამაუწყებლო არხთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, რომლებიც გადაიცემა მის ქსელში. ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილმა“ ,,Animal Planet”-სა, და ,,Discovery science”-ის ტრანზიტის  უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულება წარმოადგინა 2011 წლის 3 ივნისის კომისიის სხდომაზე;

7.  ,,Eurosport”–სა და  „ატენი ტვ“–ს შორის  2011 წლის პირველ ივნისს გაფორმებული მიღება-გადაცემის მომსახურების აქტის საფუძველზე ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილი“  2011 წლის პირველი ივნისიდან  უფლებამოსილია თავის ქსელში გადასცეს სატელევიზიო არხი ,,Eurosport”;

8.  ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.    „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

5.   ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;  

7.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

8.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან; 

9.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,English club”, ,,National Geographic”, ,,Eurosport”, ,,CNN”, შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, ასევე შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: ,,Animal Planet”, და ,,Discovery science”, რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, კომისიის მიერ მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“ მიერ დაირღვა  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“  და „ბ”ქვეპუნქტები.

ვინაიდან, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილის“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,English club”, National Geographic”, ,,CNN”,  არამართლზომიერი გადაცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილს“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ” ქვეპუნქტების  დარღვევის გამო;

2.  ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილმა“ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: ,,English club”, National Geographic”, ,,CNN”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ,,ზურაბ მამუკელაშვილისათვის“   ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

       კომისიის წევრი                                                                                          ს. ბრიტანჩუკი  

       კომისიის წევრი                                                                                          კ. კვიტაიშვილი

       კომისიის წევრი                                                                                          ა. სიხარულიძე

      კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები