შპს ,,7 არხისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2011
მიღების თარიღი ივნისი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2011 წლის 27 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი) 2011 წლის 25 მაისის №10/382-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 20 მაისის №34 შემოწმების აქტი, რომელთა თანახმად, შპს ,,7 არხი” უფლების მოპოვების გარეშე ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ გადაცემას (ტრანზიტს).
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 30 მაისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,7 არხის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 6 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2011 წლის 6 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,7 არხის” დირექტორი დავით წერეთელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის სადავოდ არ ხდის შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტს და განმარტავს, რომ კომპანია არ ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, არამედ უზრუნველყოფს ინტერნეტის ცალმხრივ მიწოდებას, რაც გამოიხატება მისი აბონენტების სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდთან წვდომაში. მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაშიც კომპანია ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები, მაგრამ კომპანია ატარებს ამ მიმართულებით კვლევას და მოქმედი კანონმდებლობით ის არ არის ვალდებული დაიცვას საავტორო უფლებები. კვლევის მიზანია ასეთი ტექნოლოგიის გამოყენებით დადგინდეს რამდენად კარგად და სტაბილურად გადის სიგნალი. მისი განცხადებით, იმისათვის რომ კომპანიის აბონენტს თავისუფლად და სწრაფად ჰქონდეს წვდომა ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან, კომპანია შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით იღებს, ფილტრავს ინფორმაციას, 320–240 გარჩევადობიდან გადაჰყავს 640–540 გარჩევადობაზე და ტოვებს მხოლოდ ვებ-გვერდისა და ინფორმაციის დასახელებას. შპს ,,7 არხის” დირექტორმა კომისიას წარმოუდგინა ნებართვა სამაუწყებლო არხის - ,,DIVA Universal”-ის საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის თაობაზე. საბოლოოდ შპს ,,7 არხის” დირექტორმა აღიარა, რომ შპს ,,7 არხი” ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით ის არ არის ვალდებული დაიცვას საავტორო უფლებები, ვინაიდან კომპანია ატარებს კვლევას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 25 მაისის №10/382 - 11 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 20 მაისის №34 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობების მოწმობების ასლები, შპს ,,7 არხი”-ს აბონენტ ნელი გამყრელიძესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების მიწოდების თაობაზე, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - CD);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;
4. შპს ,,7 არხის” დირექტორის 2011 წლის 6 ივნისის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
5. შპს ,,7 არხის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიაში დაცული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მოპოვების თაობაზე;
6. კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტის დ.ჭანკოტაძის 2011 წლის 6 ივნისის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,7 არხი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;
2. შპს ,,7 არხს” საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;
3. 2011 წლის 20 მაისს, 13:05 საათზე, ნათელა ომიაძის ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. №1, ბინა №39, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ვ. შუღლიაშვილის მიერ, შპს ,,7 არხი”-ს აბონენტის ნელი გამყრელიძის (პირ. მოწმ. № 01024040846) და ნათელა ომიაძის (პირ. მოწმ. № 01024047475) თანდასწრებით განხორციელდა შპს ,,7 არხის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №34. შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები ნათელა ომიაძე და ნელი გამყრელიძე;
4. შპს ,,7 არხსა” და ნელი გამყრელიძეს შორის 2010 წლის 14 ივლისს დადებული №06258 მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად, ნელი გამყრელიძე არის შპს ,,7 არხის” აბონენტი;
5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,7 არხი” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,ერთსულოვნება”, ,,მზე”, ,,საქართველო”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,რეგიონ TV”, ,,რუსთავი 2-ის ახალი არხი”, ,,პირველი სტერეო”, ,,მაესტრო”, ,,კავკასია”, ,,რეალტივი საქართველო”, ,,ПИК”, ,,ენკიბენკი”, ,,ENGLISH CLUB”, ,,TDK”, ,,FASHION”, ,,CCTV”, ,,EURONEWS”, ,,FRANCE24”, ,,BBC”, ,,CNN”, ,,INTER +”, ,,ТВ БУЛЬВАР”, ,,RTVi”, ,,РОССИЯ K”, ,,EUROSPORT”, ,,EUROSPET”, ,,БОЕЦ”, ,,TV3”, ,,ИНДИЯ”, ,,МНОГО TV”, ,,КОМЕДИЯ”, ,,КОМЕДИЯ TV”, ,,LIVE”, ,,FLN”, ,,ZONE REALITY”, ,,FOX CRIME”, ,,FOX LIFE”, ,,ФЕНИКС ПЛЮС”, ,,MTV’’, ,,ШАНСОН TB”, ,,VH1”, ,,BRIGAT TV”, ,,CN”, ,,MTV”, ,,NICKELODEION”, ,,УСАДЬБА”, ,,ЗДОРОВОЕ TV”, ,,ПСИХОЛОГИЯ21”, ,,КИНОХИТ”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,S”, ,,AXF-SKIF”, ,,TV1000 ACTION”, ,,EUROКИНО”, ,,НСТ”, ,,КИНО ПЛЮС”, ,,XXI”, ,,ИЛЛЮЗИОН ПЛЮС”, ,,НАШ ФУТБОЛ”. ასევე გადასცემდა WEB TV ტექნოლოგიის საშუალებით სამაუწყებლო არხებს: www.cobrina.tv - ,,русский EXTREM”, ,,Disney Channel”, www.tv-tube.ru - ,,CTC”, www.ontvtime.ru - ,,MTV.ru”, www.tv-tuberu- ,,ДТВ”, www.tvtube.ru - ,,National Geographic”, ,,საზოგადოებრივი რადიო 1”, ,,DIVA Universal”.
6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 20 მაისის №34 შემოწმების აქტით, შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერითა და პირადობის მოწმობების მონაცემებით;
7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 20 მაისის №34 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
8. შპს ,,7 არხს” კომისიაში არა აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულებები WEB TV ტექნოლოგიის საშუალებით გადაცემული სამაუწყებლო არხების: www.cobrina.tv - ,,русский EXTREM”, ,,Disney Channel”, www.tv-tube.ru - ,,CTC”, www.ontvtime.ru - ,,MTV.ru”, www.tv-tube.ru - ,,ДТВ”, www.tv-tube.ru - ,,National Geographic”, ,,საზოგადოებრივი რადიო 1” საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;
9. შპს ,,7 არხის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლობის ტრანზიტისას გამოყენებული ტექნოლოგიები - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები, ყველა შემთხვევაში მოიცავს ინტერნეტ ქსელებსაც. ამასთან, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს, და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების გადაცემის საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე WEB TV ტექნოლოგიის საშუალებით სამაუწყებლო არხების: www.cobrina.tv - ,,русский EXTREM”, ,,Disney Channel”, www.tv-tube.ru - ,,CTC”, www.ontvtime.ru - ,,MTV.ru”, www.tv-tube.ru- ,,ДТВ”, www.tvtube.ru - ,,National Geographic”, ,,საზოგადოებრივი რადიო 1” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს ,,7 არხის” მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს ჯარიმა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,7 არხის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,7 არხს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: ,,русский EXTREM”, ,,Disney Channel”, ,,CTC”, ,,MTV.ru”, ,,ДТВ”, ,,National Geographic”, ,,საზოგადოებრივი რადიო 1” არამართლზომიერი გადაცემა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა შპს ,,7 არხის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია შპს ,,7 არხის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა შპს ,,7 არხისთვის” მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,7 არხის” წარმომადგენლის თავდაპირველ არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ კომპანია არ ახდენს ინტერნეტ-ტექნოლოგიის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტს, არამედ მის აბონენტს უზრუნველყოფს ინტერნეტის ცალმხრივი მიწოდებით, რაც გამოიხატება მისი აბონენტების სხვადასხვა ინტერნეტ ვებ-გვერდთან წვდომაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები ყველა შემთხვევაში მოიცავს ინტერნეტ ქსელებსაც. ამასთან, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს, და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, ინტერნეტ ქსელის გამოყენებით აბონენტისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ახორციელებს ინტერნეტის ცალმხრივ მიწოდებას. მეტიც, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომპანია ინტერნეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციას იღებს მის სერვერზე, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახდენს მის დამუშავებას და მისივე სერვერიდან აწვდის გადამუშავებულ ინფორმაციას აბონენტს. შესაბამისად, კომპანიის აბონენტები ციფრულ მონაცემებს ღებულობენ არა ინტერნეტიდან, არამედ კომპანიის კუთვნილი სერვერიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ციფრული მონაცემების მისაღებად აბონენტი უკავშირდება არ ინტერნეტში განთავსებულ სხვადასხვა ვებ-გვერდს, არამედ შპს ,,7 არხის” ლოკალურ სერვერს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს აბონენტისათვის ინტერნეტის ცალმხრივ მიწოდებად.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,7 არხის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე–15 მუხლის დ) ქვეპუნქტის, ბერნის კონვენციის მე–9, მე–10 და მე–10bis მუხლების შესაბამისად, ის არ არის ვალდებული დაიცვას საავტორო უფლებები ვინაიდან კომპანია ატარებს სამეცნიერო კვლევას.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე–15 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, კონვენციით მინიჭებულ დაცვაში ეროვნული კანონმდებლობით დაუშვას გამონაკლისი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენებას. ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაშვებულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის და მისი ჩანაწერის გამოყენება მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას კვლევითი მიზნებისათვის მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით. სამეცნიერო კვლევითი მიზნებისათვის რაიმე სხვა გამონაკლისებს ეროვნული კანონმდებლობა არ იცნობს.
კომისია ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,7 არხის” წარმომადგენლის მიერ მითითებული ნორმა არეგულირებს მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მისი ჩანაწერის გამოყენებას მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე და არა ინტერნეტ მომსახურებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს ,,7 არხი” ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც დაადასტურა კომპანიის დირექტორმა კომისიის სხდომაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,7 არხს” მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. შპს ,,7 არხმა” უზრუნველყოს სამაუწყებლო არხების: ,,русский EXTREM”, ,,Disney Channel”, ,,CTC”, ,,MTV.ru”, ,,ДТВ”, ,,National Geographic”, ,,საზოგადოებრივი რადიო 1” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,7 არხისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,7 არხისთვის” ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
