საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2011
მიღების თარიღი ივნისი 10, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა სამმართველომ, კომისიას მიმართა განცხადებით (№13/5/19-11ს,01.10.10), რადიოკავშირის სისტემის ფუნქციონირებისთვის, ამავე განცხადებაში აღნიშნული სიხშირული დიაპაზონის საზღვრებში, ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში, კომისიის მიერ, სიხშირეების განსაზღვრული ჯგუფის მინიჭების საკითხის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2010 წლის 26 ოქტომბერს ეცნობა წერილით №139.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით ჯერ არ არის განსაზღვრული, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირეები, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად - სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონოსძიებათა ჩატარებისთვის და გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ფუნქციების მნიშვნელოვნობიდან, კომისიამ იხელმძღვანელა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 და 471-ე მუხლის მე-3 პუნქტებით ერთდროულად, ასევე რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად და მიზანშეწონილად მიიჩნია, დროებით, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით, რადიოსიხშირეების განსაზღვრამდე უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად 1 წლის ვადით მიანიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 და 471-ე მუხლის მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის სისტემის ფუნქციონირებისთვის ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული მონაცემების მიხედვით 1 წლის ვადით 2012 წლის 10 ივნისამდე;
2. საიდუმლოდ იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
