საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011
მიღების თარიღი ივნისი 13, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/54-11, 09.06.11), რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2011 წლის 14-15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა რადიოკავშირის სიხშირის მინიჭება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი დროებით ითხოვს სიხშირის მინიჭებას 14 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, საქართველოში შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებელს მოთხოვნილი სიხშირე მიენიჭოს ორი დღის ვადით.
სიხშირე გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ იქნება გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიხშირე დანართი 1-ში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ორი დღის ვადით 14 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
