წვდომის მენიუ

ინდივიდუალური მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 289 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2011 წლის 31 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი) 2011 წლის 27  მაისის  №10/396-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 13 მაისის № 27 შემოწმების აქტი,  რომელთა თანახმად,  ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” უფლების მოპოვების გარეშე ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ გადაცემას (ტრანზიტს).  

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 3 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის  17 ივნისს, რის თაობაზეც მას  გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 17 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა    ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით მიქაბერიძე, რომელმაც აღიარა ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ უფლების მოპოვების გარეშე მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა (ტრანზიტი).  მისივე განმარტებით მიმდინარეობს სამუშაოები დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 27 მაისის №10/396-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 13  მაისის № 27 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობის მოწმობების ასლები, სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი);

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

4.   ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

5.  ინდ. მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიაში დაცული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მოპოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ  დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 06.06.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;

2. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს”  საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

3.  2011 წლის 13 მაისს, 18:19 საათზე, ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” აბონენტ რუხანა ხრიმიანის ბინაში, მისამართზე: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქ. №107, ბინა №46, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ვ. შუღლიაშვილის მიერ, რუხანა ხრიმიანისა (პირ. მოწმ. № 61001042469)  და  ჟენია ხრიმიანის (პირ. მოწმ. № 61005006731)  თანდასწრებით განხორციელდა ინდ. მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №27.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმეები რუხანა და ჟენია ხრიმიანები;

4. სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრიდან დგინდება, რომ რუხანა ხრიმიანი არის ინდ. მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” აბონენტი;

5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი”  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,СОЮЗ”, ,,CTC”, ,,ДТВ”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,TV 25”, ,,TB 3”, ,,ФЕНИКС + КИНО”, ,,ОХОТА и РЫБАЛКА”,  ,, 7”,  ,,РВК”,  ,,ТНТ”,  ,,ПРЕМЬЕРА”, ,,RU TV”,  ,,КУХНЯ TV”, ,,CNL”, ,,DISCIVERY”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,КИНОХИТ”, ,,IНТЕР+”, ,,ИНДИЯ”, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,РОССИЯ K”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,ДОМ КИНО”, ,,EUROSPORT”, ,,МНОГО TV”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,БОЕЦ”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,WILD”, ,,EUROCANLI”, ,,ПИК”,  ,,НТВ+ ФУТБОЛ”,  ,,ТВ ШАНСОН”.

6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 13  მაისის № 27 შემოწმების აქტით, შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის მონაცემებით;

7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 13 მაისის №27  შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

8. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” კომისიაში არა აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულებები მის მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების: ,,СОЮЗ”, ,,CTC”, ,,ДТВ”, ,,TB 3”,  ,,ОХОТА и РЫБАЛКА”,  ,, 7”,  ,,РВК”,  ,,ТНТ”,  ,,ПРЕМЬЕРА”, ,,RU TV”,  ,,CNL”, ,,КИНОХИТ”, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,РОССИЯ K”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,ДОМ КИНО”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ 2”, ,,WILD”, ,,EUROCANLI”, ,,ПИК”,  ,,НТВ+ ФУТБОЛ” საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;

9. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” კომისიის 2011 წლის 18 თებერვლის №77/18 გადაწყვეტილებით მიეცა გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო.

,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:  ,,СОЮЗ”, ,,CTC”, ,,ДТВ”, ,,TB 3”,  ,,ОХОТА и РЫБАЛКА”,  ,, 7”,  ,,РВК”,  ,,ТНТ”,  ,,ПРЕМЬЕРА”, ,,RU TV”,  ,,CNL”, ,,КИНОХИТ”, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,РОССИЯ K”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,ДОМ КИНО”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ 2”, ,,WILD”, ,,EUROCANLI”, ,,ПИК”,  ,,НТВ+ ФУТБОЛ”  შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება (კომისიის 2011 წლის 18 თებერვლის №77/18 გადაწყვეტილება), ამჯერად მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმის სახით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (08.06.11 № 10/438-11) თანახმად, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის”  ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი შედაგენს 212,93 ლარს. შესაბამისად, ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 3000 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების:  ,,СОЮЗ”, ,,CTC”, ,,ДТВ”, ,,TB 3”,  ,,ОХОТА и РЫБАЛКА”,  ,, 7”,  ,,РВК”,  ,,ТНТ”,  ,,ПРЕМЬЕРА”, ,,RU TV”,  ,,CNL”, ,,КИНОХИТ”, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,РОССИЯ K”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,ДОМ КИНО”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ 2”, ,,WILD”, ,,EUROCANLI”, ,,ПИК”,  ,,НТВ+ ФУТБОЛ” არამართლზომიერი გადაცემა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა მისთვის  მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე,  99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილი” დაჯარიმდეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილმა” უზრუნველყოს ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300693251;

და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 დღის ვადაში;

3. ინდ.მეწარმემ ,,მამუკა კალანდარიშვილმა”   უზრუნველყოს  სამაუწყებლო არხების: ,,СОЮЗ”, ,,CTC”, ,,ДТВ”, ,,TB 3”,  ,,ОХОТА и РЫБАЛКА”,  ,,7”,  ,,РВК”,  ,,ТНТ”,  ,,ПРЕМЬЕРА”, ,,RU TV”,  ,,CNL”, ,,КИНОХИТ”, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,РОССИЯ K”, ,,НОВОЕ КИНО”, ,,ДОМ КИНО”, ,,EUROSPORT”, ,,РОССИЯ 2”, ,,WILD”, ,,EUROCANLI”, ,,ПИК”,  ,,НТВ+ ФУТБОЛ” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე ,,მამუკა კალანდარიშვილისთვის”  ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                               კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები