წვდომის მენიუ

ინდივიდუალური მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 290 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2011 წლის 31 მაისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი)   2011 წლის 27  მაისის  №10/401-11 სამსახურებრივი ბარათი და 2011 წლის 13 მაისის № 26 შემოწმების აქტი,  რომელთა თანახმად,  ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილი” უფლების მოპოვების გარეშე ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ გადაცემას (ტრანზიტს).  

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 3 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის  17 ივნისს, რის თაობაზეც მას  გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 17 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა    ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით დავითაძე, რომელმაც  წარმოადგინა  წერილობითი თანხმობები და ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების: ,,აჭარის ტელევიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”,  ,,FASHION”, ,,TRAVEL”   საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 27 მაისის №10/401-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 13  მაისის № 26 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობის მოწმობის ასლი, სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შემოწმების  აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - CD);

3.  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

4.   ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

5.  ინდ. მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიაში დაცული ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მოპოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ  დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;

2. ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილს”  საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

3.  2011 წლის 13 მაისს, 14:36 საათზე, ემზარ დიასამიძის ბინაში, მისამართზე: შუახევი, თამარ მეფის ქ. №20, ბინა №21, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ვ. შუღლიაშვილის მიერ, ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” აბონენტის ემზარ დიასამიძის (პირ. მოწმ. № 61010001101)  თანდასწრებით განხორციელდა ინდ. მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №26.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი.მახარაძე, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ემზარ დიასამიძე;

4. სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრიდან დგინდება, რომ ემზარ დიასამიძე არის ინდ. მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” აბონენტი;

5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილი”  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,CTC”, ,,რუსთავი 2”, ,,იმედი”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,НТВ”,  ,,MTV”, ,,ДТВ”, ,,SIPSAK TV”, ,,PEN TV”, ,,POCCИЯ 2”, ,,THT”, ,,TVЦ “, ,,K2”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,TB3”, ,,TRAVEL”, ,,FASHION”.

6. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 13  მაისის № 26 შემოწმების აქტით, შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის მონაცემებით;

7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 13 მაისის №26  შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

8. ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილს” კომისიაში არა აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულებები მის მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების: ,,CTC”,  ,,НТВ”,  ,,MTV”, ,,ДТВ”, ,,SIPSAK TV”, ,,PEN TV”, ,,POCCИЯ 2”, ,,THT”, ,,TVЦ “, ,,K2”, ,,TB3”, საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;

9. ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,CTC”,  ,,НТВ”,  ,,MTV”, ,,ДТВ”, ,,SIPSAK TV”, ,,PEN TV”, ,,POCCИЯ 2”, ,,THT”, ,,TVЦ “, ,,K2”, ,,TB3”  შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების:  ,,CTC”,  ,,НТВ”,  ,,MTV”, ,,ДТВ”, ,,SIPSAK TV”, ,,PEN TV”, ,,POCCИЯ 2”, ,,THT”, ,,TVЦ “, ,,K2”,  ,,TB3”  არამართლზომიერი გადაცემა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილის” მიერ საკუთარი საკაბელო ქსელის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. კომისიას არ უმსჯელია მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა მისთვის  მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე,  99-ე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილს” მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. ინდ.მეწარმემ ,,ნანული კაიკაციშვილმა”   უზრუნველყოს  სამაუწყებლო არხების: ,,CTC”,  ,,НТВ”,  ,,MTV”, ,,ДТВ”, ,,SIPSAK TV”, ,,PEN TV”, ,,POCCИЯ 2”, ,,THT”, ,,TVЦ “, ,,K2”,  ,,TB3” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ.მეწარმე ,,ნანული კაიკაციშვილისთვის”  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                               კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები