წვდომის მენიუ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 295 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2011

მიღების თარიღი ივნისი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია") საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №3/57-11, 16.06.11), რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2011 წლის 20-22 ივნისის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის (ბატონი გჟეგოჟ სხეტინა) ვიზიტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა რადიოკავშირის სიხშირის მინიჭება. 

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს კომისია ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით გამოყენებისათვის. ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ  20 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის  ვიზიტთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს ნებართვა სამი დღის ვადით.

კომისიის მიერ ნებართვით გაცემული სიხშირე გათვალისწინებულია პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის  და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ  უნდა  გადაეცეს  სხვა პირს.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლები, გარდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროსი ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავისუფლებულია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიეცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა და მიენიჭოს სიხშირე დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე სამი დღის ვადით 20 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. აღირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები