ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2011
მიღების თარიღი ივნისი 21, 2011
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
2011 წლის 13 ივნისს, ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისის №0232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს ,,ტელეიმედისათვის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განხილვის დავალდებულების თაობაზე.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” 2011 წლის 30 მაისს საჩივრით მიმართა შპს ტელეიმედს” ,,სპეციალურ რეპორტაჟში” გადაცემულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში განხორციელებულ ძალადობას. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განმარტებით, სიუჟეტის გადაცემით დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 35-ე მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებითა და 44-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2011 წლის 1 ივნისს, საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” არ არის უფლებამოსილი პირი, ვისაც შეუძლია სადაოდ გახადოს მაუწყებლის მოქმედება. მომჩივანის განცხადებით, შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია პროცედურული დარღვევებით. კერძოდ, შპს ,,ტელეიმედის” მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიაში დავა განიხილება დაინტერესებული მხარის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის განხილვისას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია წარადგინოს მტკიცებულებები და შუამდგომლობები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისია ვალდებული იყო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სხდომაზე მოეწვია საჩივრის ავტორი და მიეცა მისთვის შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები იყო თუ არა საჩივრის ავტორი დაინტერესებული მხარე. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” განმარტებით, შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულება საერთოდ არ ითვალისწინებს საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლებს და არც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების დამოუკიდებელ პროცედურებს. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” საჩივარში მიუთითებს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაცია და მოქმედებს მისივე წესდებაში განსაზღვრული მიზნების შესაბამისად. მისი წესდების მე-5 მუხლის მე-3 და მე-10 პუნქტების თანახმად, ორგანიზაციის მიზანია ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ბავშვის უფლებების დაცვა, ასევე ჟურნალისტური ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა. ვინაიდან შპს ,,ტელეიმედის” ეთერში გავრცელებული სიუჟეტი ლახავს არასრულწლოვანი პირის ინტერესს და ხელს უშლის მის ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან, გასული სიუჟეტით დარღვეულია ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი სტანდარტები, ის უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და შპს ,,ტელეიმედმა” უნდა განიხილოს მისი საჩივარი.
ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” 2011 წლის 13 ივნისის საჩივარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა შპს ,,ტელეიმედს”. 2011 წლის 20 ივნისს, შპს ,,ტელეიმედმა” კომისიაში წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება, რომელიშიც აღნიშნულია, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს” უარი უნდა ეთქვას საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე, ვინაიდან საჩივრის ავტორი სადაოდ ხდის მაუწყებლის მიერ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რომლებზეც რეაგირება ხდება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ორგანოს მიერ. ამასთან, დაუშვებელია თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, სასამართლოში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” 2011 წლის 13 ივნისის №32 საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2011 წლის 21 ივნისის სხდომაზე, რის თაობაზე შპს ,,ტელეიმედს” და ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს” ეცნობათ წერილობითი შეტყობინებებით და მოწვეულ იქნენ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მათ, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 21 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა” და შპს ,,ტელეიმედის” უფლებამოსილი წარმომადგენლები (თ.კორძაია და გ.გიორგაძე).
ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საჩივარს და დამატებით აღნიშნა, რომ არ ეთანხმება შპს ,,ტელეიმედის” მოთხოვნას მათი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას საჩივრების განმხილველი თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი. მისი განმარტებით შპს „ტელეიმედში” არ მოქმედებს ეფექტიანი თვითრეგულირების მექანიზმი. შპს „ტელეიმედის“ საჩივრების განმხილველი კომისიის დებულების შესაბამისად, საჩივრის შესვლის შემთხვევაში საჩივრის განმხილველი კომისია ვალდებულია მოუსმინოს დაინტერესებულ პირებს, რაც მას არ განუხორციელებია ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განუხილველად დატოვების ეტაპზე. შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანომ, არის პროცედურული დარღვევით მიღებული და კომისია უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება და დაავალდებულოს შპს ,,ტელეიმედი” განცხადების დაშვება–არდაშვების საკითხის განხილვაზე მიიწვიოს ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენლები.
შპს ,,ტელეიმედის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჩივრების განმხილველი კომისიის დებულების შესაბამისად, 2 სამუშაო დღის ვადაში მოწმდება საჩივრის შესაბამისობა დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. თუ დაინტერესებული მხარე არ წარმოადგენს საჩივრის განხილვისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, საჩივრის განხილვის ვადა შეჩერებულად ჩაითვლება შესაბამისი დოკუმენტის წარდგენამდე. ვინაიდან ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” საჩივარში მიუთითებდა კონკრეტული არასრულწლოვანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მას უნდა წარმოედგინა დოკუმენტი, რომ მას ჰქონდა უფლება შპს „ტელეიმედის“ თვითრეგულირების ორგანოში წარმოედგინა არასრულწლოვანის უფლებები და ინტერესები. რადგანაც ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” მიერ არ იყო წარმოდგენილი მინდობილობა, მას დაუდგინდა ხარვეზი, რაც მისი მხრიდან არ გამოსწორებულა. შესაბამისად, საჩივარი არ იქნა განხილული. აქედან გამომდინარე, თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტიანობასთან დაკავშირებული არგუმენტი არ არის მართებული, ვინაიდან არაეფექტურობის გამოხატულება იქნებოდა ამ განცხადების უყურადღებოდ და ურეაგირებოდ დატოვება, რაც არ მომხდარა. ამასთან, ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” მხრიდან ხარვეზის შევსების შემთხვევაში, მისი საჩივარი იქნება განხილული. შპს ,,ტელეიმედის” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივარი არ განხილულა, საჩივარში დასმული საკითხი გახდა ტელეკომპანიაში მსჯელობის საგანი. შესაბამისად, ჟურნალისტებს მიეცათ რეკომენდაციები, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სიუჟეტის მომზადებისას ზედმიწევნით დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტები.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” 2011 წლის 13 ივნისის №32 საჩივარი;
2. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” 2011 წლის 30 მაისის №22 საჩივარი წარდგენილი შპს ,,ტელეიმედის” საჩივრების განმხილველ კომისიაში;
3. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” რეგისტრაციის მოწმობა და წესდება;
4. შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის დებულება;
5. შპს ,,ტელეიმედის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება;
6. შპს ,,ტელეიმედის” წარმომადგენლის 2011 წლის 20 ივნისის წერილობითი პასუხი ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე;
7. შპს ,,ტელეიმედისა” და ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთერთშეჯერების საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2011 წლის 30 მაისს, ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” საჩივრით მიმართა შპს ტელეიმედს” ,,სპეციალურ რეპორტაჟში” გადაცემულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში განხორციელებულ ძალადობას და მოითხოვა შპს ,,ტელიმედის” თვითრეგულირების ფარგლებში მოქმედი კომისიისაგან ტელეკომპანიის მხრიდან ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 35-ე მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებისა და 44-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტის დადასტურება;
2. 2011 წლის 1 ივნისს, შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების კომისიის მიერ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს” საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. 2011 წლის 13 ივნისს, ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” საჩივრით მიმართა კომისიას შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისის №0232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს ,,ტელეიმედისათვის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განხილვის დავალდებულების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
2. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში;
3. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება;
4. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირების საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 7 დღის ვადაში მაუწყებლის ან მათი გაერთიანების თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელებს და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
6. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს და ბათილად სცნოს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე რეაგირება მოახდინოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისია ვერ განიხილავს ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივარს შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისს მიღებული №0232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე, რეაგირებას ვერ მოახდენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კომისია ვერ გაიზიარებს ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საჩივრის განხილვის პროცედურული ნორმების, კერძოდ, შპს ,,ტელეიმედის” მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულების მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევებით, კომისია უფლებამოსილია შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისის №0232 გადაწყვეტილება ბათილად სცნოს და დაავალდებულოს შპს ,,ტელეიმედი” განიხილოს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივარი.
შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულების მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საჩივრების განმხილველ კომისიაში დავა განიხილება დაინტერესებული მხარის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით, ხოლო საჩივრის განხილვისას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია წარადგინოს მტკიცებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დებულებები ეხება საჩივრების განმხილველი კომისიის მიერ უკვე განსახილველად დაშვებული საჩივრის განხილვის პროცედურას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივრის ფორმალური მხარე არ აკმაყოფილებდა საჩივრების განმხილველი კომისიის დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს ,,ტელეიმედის” საჩივრების განმხილველი ორგანოს მიერ დავა არ განხილულა და შესაბამისად, ვერც მხარე იქნებოდა მიწვეული საჩივრის განხილვაზე, რის თაობაზეც ეცნობა მომჩივანს. აქედან გამომდინარე, ადგილი არ ჰქონდა მომჩივანის მიერ მითითებული საჩივრის განხილვის პროცედურული დებულებების დარღვევას.
კომისია, ასევე ვერ გაიზიარებს ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” მოსაზრებას შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საჩივრების განმხილველი კომისიის დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო საჩივრის განხილვის შეჩერება ხარვეზის აღმოფხვრამდე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიანია. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” მხრიდან ხარვეზის შევსების შემთხვევაში, მისი საჩივარი იქნება განხილული, ხოლო მისი საჩივრის თაობაზე მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში. ამასთან, კომისია მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების ორგანოს არაეფექტიანობასთან დაკავშირებით კომისიისთვის საჩივრით არავის მიუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის, 591-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის, ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” 2011 წლის 13 ივნისის №32 საჩივარი, შპს ,,ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველი კომისიის 2011 წლის 1 ივნისის №0232 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს ,,ტელეიმედისათვის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” საჩივრის განხილვის დავალდებულების თაობაზე, განსახილველად არ იქნას მიღებული;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისთვის” და შპს ,,ტელეიმედისთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისთვის” და შპს ,,ტელეიმედისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
