სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი ივნისი 24, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზირებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შესრულების მიზნით, 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”, რომლის თანახმად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით. ამასთან, თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახულმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2011 წლის 8 აპრილს, კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისა და შესწავლის შემდეგ, 2011 წლის 6 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2011 წლის 2 ივნისის №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ დოკუმენტებთან (სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” 2011 წლის 14 აპრილის №29 წერილი და სამაუწყებლო ბადე) ერთად, რომლის თანახმად, სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სამაუწყებლო ბადეში კვირის განმავლობაში განთავსებულია ერთი არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით ფილმები სამაუწყებლო ბადეში არ არის განთავსებული.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 8 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 24 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” დირექტორი ხ.ბარბაქაძე, რომელმაც აღიარა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და აღნიშნა, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების თანახმად, ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადეში განათავსებული დასავლური მხატვრული ფილმების რაოდენობის 20% უნდა გაეშვა საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, რის თაობაზეც ისინი კომისიისაგან იყვნენ ინფორმირებულნი. 2010 წლის 14 მაისს, აღნიშნულ დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თაობაზე კომისიას მათთვის წერილობით არ უცნობებია. მან, ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან იმ ეტაპზე არ გააჩნდათ სუბტიტრირებული პროდუქცია, მინიმუმამდე დაიყვანეს გაშვებული ფილმების რაოდენობა თვის განმავლობაში, ხოლო მ/წლის მაისიდან უშვებენ სუბტიტრირებულ პროდუქციას, რომელიც აშშ-ს საელჩომ მიაწოდა ყველა რეგიონულ ტელევიზიას.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 2 ივნისის №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” 2011 წლის 14 აპრილის №29 წერილი;
3. სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” ბოლო ერთი თვის სამაუწყებლო ბადე;
4. სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” დირექტორის ახსნა-განმარტება;
5. კომისიის 2011 წლის 8 ივნისის წერილი კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია” არის B35, B36, B37 სამაუწყებლო ლიცენზიების მფლობელი (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიების მოქმედების ვადა 17.04.11.);
2. 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”;
3. 2011 წლის 8 აპრილს, კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
4. კომისიის 2011 წლის 8 აპრილის წერილის საპასუხოდ, 2011 წლის 14 აპრილს სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ” კომისიაში წარმოადგინა №29 წერილი და ბოლო თვის სამაუწყებლო ბადე, რომელთა შესაბამისად, სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” სამაუწყებლო ბადეში თვის განმავლობაში განთავსებულია 4 არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით ფილმები სამაუწყებლო ბადეში არაა განთავსებული;
5. სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მიერ დარღვეულია კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე” №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტები, ვინაიდან, მას სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით დასავლური წარმოების ერთი ფილმი მაინც, თუ მის სამაუწყებლო ბადეში ერთი თვის მანძილზე განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმი.
გამომდინარე იქიდან, რომ სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.
კომისია ვერ გაიზიარებს, კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 14 მაისს, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში შესული ცვლილებების თაობაზე, რომლითაც კომპანიებს დაევალათ მათ მიერ გადაცემული მხატვრული ფილმების 30%–ის საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით გაშვება, კომისიას მათთვის წერილობით არ უცნობებია.
კომისია აღნიშნავს, რომ ის არ არის ვალდებული, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საინფორმაციო წერილით აცნობოს დაინტერესებულ პირებს ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისა და ამოქმედების თაობაზე. ამასთან, კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 8 აპრილს №03/709-11 წერილში, რომლითაც სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას” დაევალა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების შესრულების თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა, მითითებულია, რომ 2010 წლის 14 მაისს ცვლილებები შევიდა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 511 მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუქნტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (სამი ხმა ერთის წინააღმდეგ)
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას” კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილით დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
