შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი ივნისი 24, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზირებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შესრულების მიზნით, 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”, რომლის თანახმად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით. ამასთან, თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახულმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2011 წლის 8 აპრილს, კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისა და შესწავლის შემდეგ, 2011 წლის 6 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2011 წლის 2 ივნისის №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ დოკუმენტებთან (შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” 2011 წლის 20 აპრილის №11/11 წერილი და სამაუწყებლო ბადე - 28.02.11.-31.03.11.) ერთად, რომლის თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” სამაუწყებლო ბადეში თვის განმავლობაში განთავსებულია 113 არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით ფილმები სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არ არის.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 8 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” სანქცირების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 24 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” დირექტორი გ.სალია, რომელმაც აღიარა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის შემცირებული აქვთ ფილმების რაოდენობა სამაუწყებლო ბადეში.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 2 ივნისის №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი;
2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” 2011 წლის 20 აპრილის №11/11 წერილი;
3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” სამაუწყებლო ბადე (28.02.11.-31.03.11.);
4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” დირექტორის ახსნა-განმარტება;
5. კომისიის 2011 წლის 8 ივნისის წერილი კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა” არის B27 ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; მოქმედების ვადა 31.12.2011.);
2. 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”;
3. 2011 წლის 8 აპრილს, კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;
4. კომისიის 2011 წლის 8 აპრილის წერილის საპასუხოდ, 2011 წლის 28 აპრილს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ” კომისიაში წარმოადგინა 2011 წლის 20 აპრილის №11/11 წერილი და სამაუწყებლო ბადე (28.02.11.-31.03.11.);
5. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” სამაუწყებლო ბადეში თვის განმავლობაში განთავსებული 113 არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით ფილმები სამაუწყებლო ბადეში არაა განთავსებული;
6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” მიერ დარღვეულია,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე” კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტები, ვინაიდან, მას სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით დასავლური წარმოების არანაკლებ 34 (ოცდათოთხმეტი) (113 ფილმის 30%) ფილმი.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 511 მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუქნტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (სამი ხმა ერთის წინააღმდეგ),
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას” კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილით დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
