წვდომის მენიუ

შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 305 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 24, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზირებულ პირთა მიერ მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შესრულების მიზნით, 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ  მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”, რომლის თანახმად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე)  წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით.  ამასთან, თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახულმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს  5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც.

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2011 წლის 8 აპრილს,  კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს  დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.  აღნიშნული ინფორმაციის მიღებისა და შესწავლის შემდეგ, 2011 წლის 6 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) 2011 წლის 2 ივნისის  №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ დოკუმენტებთან (შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის”  2011 წლის 18 აპრილის №07 წერილი და სამაუწყებლო ბადე) ერთად, რომლის თანახმად, შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” სამაუწყებლო ბადეში, 14.03.11. – 17.04.11. პერიოდის განმავლობაში, განთავსებულია 28 (ოცდარვა) არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სამაუწყებლო ბადეში  სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით მხატვრული ფილმი არ არის განთავსებული.

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 8 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის  24 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიას  გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ  2011 წლის 13 ივნისს,  შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას” დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, თუმცა მისი წარმომადგენელი  კომისიის 2011 წლის 24 ივნისის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა    შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” აღმასრულებელი დირექტორი ა.გველებიანი. მიუხედავად იმისა, რომ მან კომისიას ვერ წარმოუდგინა  კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი  დოკუმენტი, მას როგორც დაინტერესებულ პირს, მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა თავისი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების თანახმად, 2011 წლის აპრილის თვიდან, ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აქვს ორი ფილმი საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, რაც შეადგენს სამაუწყებლო ბადეში განთავსებული დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების საერთო რაოდენობის 20%-ს. აღნიშნულ დადგენილებაში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიისთვის ცნობილი არ იყო. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა  აღნიშნული დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 2 ივნისის  №10/414-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. შპს  ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” 2011 წლის 18 აპრილის №07 წერილი;

3.  შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის”  სამაუწყებლო ბადე (14.03.11.-17.04.11.);

4. შპს  ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” აღმასრულებელი დირექტორის ახსნა-განმარტება;

5. კომისიის 2011 წლის 8 ივნისის წერილი  კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ  დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია”  არის B22 ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიების მოქმედების ვადა 31.12.11.);

2. 2009 წლის 30 ოქტომბერს, კომისიამ  მიიღო დადგენილება №3 ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე”;

3. 2011 წლის 8 აპრილს,  კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს  დაავალა მათ მიერ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

4.  კომისიის 2011 წლის 8 აპრილის წერილის საპასუხოდ, 2011 წლის 18 აპრილს შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიამ” კომისიაში წარმოადგინა №07 წერილი და 14.03.11.-17.04.11. პერიოდის სამაუწყებლო ბადე;

5.  შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” სამაუწყებლო ბადეში ერთი თვის განმავლობაში (17.03.11 – 17.04.11.) განთავსებულია 25 (ოცდახუთი) არასახელმწიფო ენაზე წარმოებული, ქართულად დუბლირებული ფილმი. ამასთან, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით არ არის განთავსებული არც ერთი ფილმი;

6. შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის”  მიერ დარღვეულია კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე” №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტები,  ვინაიდან, მას სამაუწყებლო ბადეში უნდა განეთავსებინა საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით არანაკლებ 8 (რვა)  (25 ფილმის 30%) ფილმი.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს  ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის” მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისია ვერ გაიზიარებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 14 მაისს, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში შესული ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, მისი ერთი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით, კომპანიისთვის ცნობილი არ იყო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში შესული ცვლილებების სრული ტექსტი ოფიციალურად გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კომისია არ არის  ვალდებული, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საინფორმაციო წერილით აცნობოს დაინტერესებულ პირებს ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისა და ამოქმედების თაობაზე. ამასთან, კომისიის 2011 წლის 8 აპრილის წერილში, რომლითაც შპს  ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას” დაევალა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების შესრულების თაობაზე კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა, მითითებულია, რომ 2010 წლის 14 მაისს ცვლილებები შევიდა კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში.

კომისია ვერ გაიზიარებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ  ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადეში განთავსებული აქვს ორი ფილმი - ინგლისური ენის სატელევიზიო სასწავლო სერიალი ,,დაკავშირება ინგლისური ენით”  საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ვინაიდან აღნიშნული, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დასკვნის შესაბამისად, წარმოადგენს ინგლისური ენის სატელევიზიო სასწავლო სერიალს  და არა მხატვრულ ფილმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 511 მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუქნტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (სამი ხმა ერთის წინააღმდეგ)

გადაწყვიტა:

1.    მიეცეს გაფრთხილება შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიას” კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიისთვის”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიისთვის”  ჩაბარების დღიდან;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                  ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                               კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები