შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი ივნისი 24, 2011
2011 წლის 13 ივნისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ,,ჯეოსელმა“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,სკაი სერვისთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,სკაი სერვისს” მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.
შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, შპს ,,სკაი სერვისის” მხრიდან არაჯეროვნად სრულდება მხარეებს შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ შპს ,,სკაი სერვისი” არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას, რაც 2011 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 16,668.09 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ შპს ,,სკაი სერვისთან” 2010 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 24 ივნისს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,სკაი სერვისს”. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,სკაი სერვისს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელისა” და შპს ,,სკაი სერვისის” წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა შპს ,,სკაი სერვისის” მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,სკაი სერვისის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის” მიმართ 16,668.09 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება მხარეებს შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი;
2. მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,სკაი სერვისს” შორის მოხდა გაწეული მომსახურების მონაცემთა (მომსახურების სახე, ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, თანხა) შედარება, რომლის შედეგად, 2011 წლის 31 მაისს შედგა შედარების აქტი, რომელსაც შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,სკაი სერვისის” მხრიდან ხელს აწერენ გენერალური დირექტორები. აღნიშნული აქტის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,სკაი სერვისს” 2011 წლის 1 მაისის მდგომარეობით შპს „ჯეოსელის“ მიმართ გააჩნია დავალაინება 16,668.09 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარის ოდენობით;
3. შპს ,,სკაი სერვისი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის” მიმართ 16,668.09 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარის ოდენობით;
4. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, შპს ,,სკაი სერვისი” ვალდებულია შპს ,,ჯეოსელს” წარუდგინოს საბანკო გარანტია ან მოახდინოს სადეპოზიტო თანხის გადარიცხვა შპს ,,ჯეოსელის” ანგარიშზე 3000 (სამი ათასი) ლარზე, როგორც ურთიერთჩართვის მსურველის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ შპს ,,სკაი სერვისის” მიერ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში შპს ,,ჯეოსელისთვის” გადასახდელი თანხა გადააჭარბებს 2000 (ორი ათასი) ლარს და ურთიერთჩართვის მსურველი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელებს შესაბამის გადახდას, შპს ,,ჯეოსელი” იტოვებს უფლებას შეაჩეროს შპს ,,სკაი სერვისის” შემომავალი ტრაფიკი შპს ,,ჯეოსელისთვის” გადასახდელ თანხაზე მოთხოვნის საბანკო გარანტიის საფუძველზე დაკმაყოფილებამდე და შპს ,,სკაი სერვისის” მიერ ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენამდე ან ახალი სადეპოზიტო თანხის გადარიცხვამდე;
5. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, მხარეს, რომელსაც ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შედეგად აღმოაჩნდება უარყოფითი სალდო, ვალდებულია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში მოახდინოს მეორე მხარესთან ანგარიშსწორება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,სკაი სერვისის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის” მიმართ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სკაი სერვისს”, შპს ,,ჯეოსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, 16,668.09 (თექვსმეტი ათას ექვსას სამოცდარვა ლარი და ცხრა თეთრი) ლარის დასაფარად, მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სკაი სერვისისთვის” ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღე;
2. შპს ,,სკაი სერვისის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,სკაი სერვისთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,სკაი სერვისისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის”;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სკაი სერვისისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
