შპს ,,ჯეოსელისთვის“ შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011
მიღების თარიღი ივნისი 24, 2011
2011 წლის 13 ივნისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ,,ჯეოსელმა“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობა იმ საფუძვლით, რომ შპს ,,მაიფონს” მის მიმართ ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანება.
შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, შპს ,,მაიფონის” მხრიდან არაჯეროვნად სრულდება მხარეებს შორის 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ შპს ,,მაიფონი” არ იხდის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე წარმოშობილ ფინანსურ დავალიანებას, რაც 2011 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 64,994.14 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარს.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ განცხადების საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელისთვის“ შპს ,,მაიფონთან” 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 24 ივნისს, რის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ინტერნეტ ვებ-გვერდზე და წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,მაიფონს”. შეტყობინებასთან ერთად შპს ,,მაიფონს” შესაბამისი ახსნა-განმარტების წარმოდგენის მიზნით გადაეგზავნა შპს ,,ჯეოსელის” განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების
კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელისა” და შპს ,,მაიფონის” წარმომადგენლები.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,ჯეოსელის” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა, შპს ,,მაიფონის” მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაიფონის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის” მიმართ 64,994.14 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისიამ გამოარკვია შემდეგი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,მაიფონს” შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება მხარეებს შორის 2009 წელს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედ ხელშეკრულებას წარმოადგენს და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი;
2. მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელსა” და შპს ,,მაიფონს” შორის მოხდა გაწეული მომსახურების მონაცემთა (მომსახურების სახე, ინფორმაცია ტრაფიკის შესახებ, თანხა) შედარება, რომლის შედეგად, 2011 წლის 31 მაისს შედგა შედარების აქტი, რომელსაც შპს ,,ჯეოსელის” და შპს ,,მაიფონის” მხრიდან ხელს აწერენ გენერალური დირექტორები. აღნიშნული აქტის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მაიფონს” 2011 წლის 1 მაისის მდგომარეობით შპს „ჯეოსელის“ მიმართ გააჩნია დავალაინება 64,994.14 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. შპს ,,მაიფონი” აღიარებს მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის გაწეული მომსახურებისათვის ფინანსურ ვალდებულებებს შპს ,,ჯეოსელის” მიმართ 64,994.14 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
4. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად, შპს ,,მაიფონი” ვალდებულია შპს ,,ჯეოსელს” წარუდგინოს საბანკო გარანტია 2000 (ორი ათასი) ლარზე, როგორც ურთიერთჩართვის მსურველის გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ შპს ,,მაიფონის” მიერ შპს ,,ჯეოსელისთვის” გადასახდელი თანხა გადააჭარბებს 2000 (ორი ათასი) ლარს და ურთიერთჩართვის მსურველი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელებს შესაბამის გადახდას, შპს ,,ჯეოსელი” იტოვებს უფლებას შეაჩეროს წაინამდებარე ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედება მოთხოვნის საბანკო გარანტიის საფუძველზე დაკმაყოფილებამდე და შპს ,,მაიფონის” მიერ ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენამდე;
5. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, მხარეს, რომელსაც ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შედეგად აღმოაჩნდება უარყოფითი სალდო, ვალდებულია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) სამუსაო დღის განმავლობასი მოახდინოს მეორე მხარესთან ანგარიშსწორება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებულია და უდავოა მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,მაიფონის” მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები შპს ,,ჯეოსელის” მიმართ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელის” მოთხოვნა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მაიფონს”, შპს ,,ჯეოსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ, 64,994.14 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის დასაფარად, მიეცეს ვადა წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,მაიფონისთვის” ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღე;
2. შპს ,,მაიფონის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში აღნიშნული, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელს” მიეცეს თანხმობა შპს ,,მაიფონთან” მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების შეჩერებაზე აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის”;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,მაიფონისთვის” და შპს ,,ჯეოსელისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
