წვდომის მენიუ

შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 309 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2011

მიღების თარიღი ივნისი 24, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, ასევე ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ (შემდგომში შპს ,,სსე“) 2011 წლის 19 მაისს  N6/2051-11 განცხადებით მომართა კომისიას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო შპს ,,მაგთიკომისათვის“ სანქციის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული განცხადების თანახმად, შპს ,,სსე“-მ 2011 წლის 26 აპრილს მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ სააბონენტო ნომრების პორტირებასთან დაკავშირებით, ხოლო 2011 წლის 28 აპრილს მიმართა პორტირების გაუქმების მოთხოვნით. შპს ,,მაგთიკომისგან“  შპს ,,სსე“-მ  მიიღო წერილობითი უარი (N11/071-6, 28.04.11წ) პორტირების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შპს ,,სსე“ მიუთითებს, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ არ აცნობა შპს ,,სსე“-ს სააბონენტო ნომრების პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილების, პორტირების თარიღისა და დროის შესახებ, რითაც დაარღვია კომისიის 2011 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად პორტირებაზე უარის თქმის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში,  მიმღები ოპერატორი ვალდებულია აცნობოს პორტირების მსურველ პირს სააბონენტო  ნომრის პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილებისა და პორტირების  თარიღისა და დროის შესახებ. შესაბამისად შპს ,,სსე“-ს არ შეეძლო ზუსტად განესაზღვრა ის საწყისი დრო, რომლის უკუათვლის გათვალისწინებითაც პორტირების მსურველი პირი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისათვის განსაზღვრულ თარიღამდე 1 სამუშაო დღით ადრე უარი განაცხადოს პორტირებაზე, როგორც ეს ზემოაღნიშნული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტშია განსაზღვრული. შპს ,,სსე“ ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, თუ როგორ და ვისთან უნდა მომხდარიყო მიმღები ოპერატორის მიერ ფიზიკური პორტირების თარიღისა და დროის შეტყობინება. შპს ,,სსე“-ს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი: შპს ,,მაგთიკომს“ პორტირების ფიზიკური თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდება შპს ,,სსე“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია მიწოდებულად არ ჩაითვლება, ხოლო უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მხოლოდ შპს ,,სსე“-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე.

შპს ,,სსე“-ს მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ უარი პორტირების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მოითხოვა შპს ,,მაგთიკომის“ სანქცირება.

2011 წლის 10 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,სსე“-ს 2011 წლის 19 მაისის N6/2051-11 განცხადებასთან დაკავშირებით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და საქმეში ჩაბმულ იქნა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი შპს ,,მედიაპრო ჯორჯია“.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განხილვის თაობაზე, ერთი მხრივ, შპს ,,სსე“-სა და მეორე მხრივ,  შპს ,,მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის მიზნით,  საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 17 ივნისს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,სსე“-ს და შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ ეცნობათ შეტყობინებით, რომელიც მათ გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.  

შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიაში შემოიტანა პასუხი შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საჩივარზე (14.06.11 N6/2460-11), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ პორტირების გაუქმებაზე უარი განპირობებული იყო სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შპს  ,,მედიაპრო ჯორჯიას“ უარით.  შეპასუხებაში ასევე მითითებულია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ინფორმაცია შპს ,,სსე“-ს მობილური ნომრების პორტირების განხორციელების ფიზიკური დღისა და დროის შესახებ ტელეფონის საშუალებით მიწოდებული იქნა შპს  ,,სსე“-ს შესყიდვების მენეჯერის მოადგილე გივი სულავასათვის, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა პორტაბელურობის განხორციელების პროექტის ხელმძღვანელს. აღნიშნული სატელეფონო ზარის განხორციელების ფაქტი დასტურდება შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაბეჭდით. შპს ,,მაგთიკომის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ გივი სულავასთან თანხმდებოდა პორტირების პირობები, ასევე აღნიშნული პირის ელექტრონული ფოსტით არის გაგზავნილი პორტირების გაუქმებაზე განაცხადი, შესაბამისად იგი წარმოადგენდა საკონტაქტო პირს პორტირების საკითხებთან დაკავშირებით. შპს ,,მაგთიკომს“ მიაჩნია, რომ მისი მხრიდან კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შპს ,,სსე“-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ განმცხადებელი შპს ,,სსე“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები დავით გოლოშვილი და ლერი ქათამაძე, შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები  დავით ძიძიგური, ვახტანგ მაჭარაშვილი და ნინო ჯაფარიძე, ასევე სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ირაკლი ჟღენტი და გიორგი ცხადაძე.

2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე კომისიამ მოისმინა მხარეთა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და გამოიკვლია მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.        შპს ,,სსე“-ს  მიერ 2011 წლის 19 მაისის კომისიაში შემოტანილი  N6/2051-11 განცხადება;

2.        შპს  ,,სსე“-ს 2011 წლის 26 აპრილის განცხადება სააბონენტო ნომრის პორტირებაზე;

3.        შპს ,,სსე“-ს 2011 წლის 28 აპრილის განცხადება შპს ,,მაგთიკომის“ სახელზე პორტირების შესახებ განაცხადის გაუქმების თაობაზე;

4.        შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 28 აპრილის N11/071-6 წერილი შპს ,,სსე“-ს სახელზე;

5.         შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის11 მაისის N11/079-7 წერილი შპს ,,სსე“-ს სახელზე;

6.         შპს ,,სსე“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

7.        შპს ,,სსე“-ს თანამშრომლებსა და შპს ,,მაგთიკომის“ თანამშრომლებს შორის გამართული მიმოწერა ელ. ფოსტის მეშვეობით პორტირების დეტალებთან დაკავშირებით;

8.        შპს ,,მაგთიკომისათვის“ შპს ,,სსე“-ს მიერ გაგზავნილი შემდეგი წერილები: 24.03.11 N07/04-06/847; 04.04.11 N07/04-06/974; 13.04.11 N07/04-06/1087; 20.04.11 N07/04-06/1157; 06.05.11 N09/01-1316;

9.        შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ნომრების დეტალური ამონაბეჭდი;

10.    შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის 10 მაისის N11/078-13 წერილი შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ სახელზე;

11.    შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ პასუხი შპს ,,მაგთიკომის“  წერილზე (16.05.11 N01-05);

12.    2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,სსე“-ს წარმომადგენლის დავით გოლოშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

13.    2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

14.    2011 წლის 17 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების ირაკლი ჟღენტისა და გიორგი ცხადაძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.        შპს ,,სსე“-მ  2011 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ მისი  სააბონენტო  ნომრების (სულ 1260 ნომერი) პორტირების თაობაზე. განცხადებას ხელს აწერს შპს ,,სსე“-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სულხან ზუმბურიძე, საკონტაქტო ნომრად მითითებულია ქალაქის ნომერი 832 510 205; პორტირების სასურველ დროდ მითითებულია 2011 წლის 29 აპრილი, 12:00 საათი;

2.         2011 წლის 28 აპრილს შპს ,,სსე“-მ წერილობით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ და მოითხოვა პორტირების შესახებ განცხადების გაუქმება. აღნიშნული წერილი შპს ,,სსე“-ს მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ იქნა 16:01 საათზე, რაც დასტურდება შპს ,,სსე“-ს შესყიდვების მენეჯერის მოადგილის გივი სულავას ელექტრონული ფოსტის გაგზავნის თარიღით, განცხადების გაგზავნის დროს სადაოდ არ ხდის შპს ,,სსე“-ს წარმომადგენელი;

3.        შპს ,,მაგთიკომის“ მცდელობის მიუხედავად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მხრიდან უარი იქნა მიღებული პორტირების მოთხოვნის გაუქმებაზე. აღნიშნული დასტურდება შპს ,,მაგთიკომის“ 28.04.11 N11/071-6 წერილით, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ 16.05.11 N11/087-10 წერილით და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების ირაკლი ჟღენტისა და გიორგი ცხადაძის განმარტებით. აღნიშნული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორმა შპს ,,მედიაპრო ჯორჯიამ“ მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა მიიღოს შპს ,,მაგთიკომისაგან“ პორტირების გაუქმების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახდენს პორტირებას და მისი შეჩერება შეუძლებელია. 2011 წლის 28 აპრილს 16:01 საათისათვის უკვე დაწყებული იყო პორტირების პროცესი და შესაბამისად მისი გაუქმებისათვის საჭირო  24 საათიანი ციკლის შეჩერება პროგრამულად შეუძლებელი იყო;

4.        შპს ,,სსე“-ს მიერ მოთხოვნა პორტირების გაუქმებაზე შპს ,,მაგთიკომისათვის“ გაგზავნილ იქნა პორტირების ფიზიკურად განხორციელებამდე 20 საათით ადრე, რის შემდეგაც მოსთხოვა შპს ,,მაგთიკომმა“ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს პორტირების გაუქმება, რაც შეუძლებელი გახდა;

5.        ფიზიკური პორტირების განხორციელების დღისა და დროის შესახებ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ეცნობა პორტირების მსურველ პირს, კერძოდ შპს ,,სსე“-ს შესყიდვების მენეჯერის მოადგილეს გივი სულავას. აღნიშნული დასტურდება შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის განმარტებითა და შპს ,,მაგთიკომის“ თანამშრომლების ვახტანგ მაჭარაშვილისა და ნინო ჯაფარიძის სააბონენტო ნომრების დეტალური ამონაბეჭდით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გივი სულავა პორტირებამდე 1 თვის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს შპს ,,მაგთიკომთან“ პორტირების დეტალებთან დაკავშირებით, შპს ,,სსე“-ში უკავია ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა და მისი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იქნა გაგზავნილი განცხადება შპს ,,მაგთიკომისათვის“ პორტირების მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, მისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა ჩაითვალოს პორტირების მსურველი პირისათვის ინფორმაციის მიწოდებად.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პორტირებაზე უარის თქმის საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულია აცნობოს პორტირების მსურველ პირს სააბონენტო  ნომრის პორტირებაზე განაცხადის დაკმაყოფილებისა და პორტირების  თარიღისა და დროის შესახებ. აღიშნული პუნქტი არ ითვალისწინებს შეტყობინების ფორმას, ამდენად პორტირების მსურველი პირისათვის პორტირების თარიღისა და დროის შესახებ შეტყობინება შესაძლოა გადაცემული იქნას, როგორც წერილობითი ფორმით, ისე ელექტრონულად ან ზეპირად - ტელეფონის საშუალებით, რაც პორტირების პროცესის ოპერატიულად განხორციელების წინაპირობაა.  პორტირების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შპს ,,სსე“-სათვის შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შესრულდა ზეპირად - ტელეფონის საშუალებით, რაც სრულ შესაბამისობაშია ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტთან. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, პორტირების მსურველი პირი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისთვის განსაზღვრულ თარიღამდე 1 სამუშაო დღით ადრე უარი განაცხადოს პორტირებაზე, მიმღებ ოპერატორთან შესაბამისი განცხადების წარდგენით; ამ შემთხვევაში მიმღები ოპერატორი ვალდებულია   მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით აცნობოს დონორ ოპერატორს აბონენტის მიერ პორტირებაზე უარის თქმის შესახებ. შპს ,,სსე“-ს მიერ დარღვეული იქნა პორტირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების შპს ,,მაგთიკომისთვის“ წარდგენის ვადა, რასაც მოჰყვა პორტირების გაუქმებაზე უარი შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სსე“-ს სააბონენტო ნომრები უკვე დაპორტირებულია უკან შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში და ამჟამად წარმოადგენს კვლავ შპს ,,ჯეოსელის“ სააბონენტო მომსახურების ნომრებს, ამდენად შპს ,,სსე“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

კომისია აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულად შესწავლის საფუძველზე, არ იქნა გამოვლენილი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვევის ფაქტი, რაც შეიძლება გახდეს მისი სანქცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 98-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა

1.        უარი ეთქვას შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განცხადების დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო;

2.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და შპს ”მაგთიკომისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

5.        კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

        კომისიის თავმჯდომარე                                                               . ჩიქოვანი

         კომისიის წევრი                                                                              . კვიტაიშვილი

         კომისიის წევრი                                                                              . სიხარულიძე

         კომისიის წევრი                                                                              . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები