წვდომის მენიუ

შპს ,,მაგთიკომის“ განცხადების დაკმაყოფილებისა და შპს ,,მობიტელისა“ და შპს ,,ჯეოსელისათვის“ ქმედების დავალდებულების შესახებ

ნომერი: 310 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2011

მიღების თარიღი ივნისი 24, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.

შპს ,,მაგთიკომმა“ 2011 წლის პირველ ივნისს კომისიას მომართა N6/2312/11 განცხადებით. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება ეფუძნება კომისიის 2011 წლის 17 მაისის N247/18  გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე შპს ,,მაგთიკომს“ დაევალა სამაუწყებლო რეკლამის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,მობიტელისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ რეკლამებში ასევე ძნელად აღქმადია ის შემზღუდველი თუ დამატებითი პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შეთავაზებებში, კერძოდ: შპს ,,მობიტელის“ სატარიფო გეგმა ,,nonstop”-ის თანახმად, აბონენტებს საშუალება ეძლევათ ,,ბილაინის“ ქსელში შეუზღუდავი დროით ისაუბრონ უფასოდ, ხოლო სხვა ქსელის აბონენტებთან წუთში 10 თეთრად, ზარის წამოწყების ღირებულება შეადგენს  5 თეთრს. ზარის წარმოწყების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარწერის სახით არის ასახული რეკლამაში, მცირე შრიფტისა და დროის სიმცირის გამო, არ იძლევა ინფორმაციის სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობას. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით სატარიფო გეგმა ,,nonstop”-ში ჩართვისათვის აბონენტმა უნდა გადაიხადოს 2 ლარი და ბალანსი უნდა შეავსოს მინიმუმ 2 ლარით, რაც რეკლამაში არ არის ნახსენები.

შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით შპს ,,ჯეოსელი“ სარეკლამო რგოლის საშუალებით სთავაზობს  საკუთარ მომხმარებლებს ისარგებლონ 1 თეთრიანი ტარიფით 5 საყვარელ ნომერთან, აგრეთვე  SMS-ით, MMS-ით და 100 კბ. ინტერნეტით სარგებლობის საფასური შეადგენს 1 თეთრს. ამ ტარიფებით სარგებლობისას არსებობს დამატებითი პირობები: სასტარტო პაკეტის ღირებულება 1 ლარი, ზარის წამოწყების ღირებულება 5 თეთრი, SMS-ით, MMS-ით და 100 კბ. ინტერნეტ პაკეტით 1 თეთრიანი ტარიფით სარგებლობის ვადა შეადგენს 30 დღეს, ხოლო მომდევნო ერთი თვით სარგებლობისათვის ბალანსი შევსებულ უნდა იქნას მინიმუმ 5 ლარით. აღნიშნული ინფორმაცია რეკლამის მიმდინარეობისას ჩნდება მცირე შრიფტითა და დროით, რაც არ იძლევა ინფორმაციის სრულყოფილად აღქმის შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შპს ,,მაგთიკომმა“ მოითხოვა, კომისიამ დაავალოს შპს ,,მობიტელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“, სამაუწყებლო რეკლამებში ცვლილებების შეტანა და ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება. 

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 10 ივნისის N10/445-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ,,მობიტელის“ სატარიფო გეგმა  “nonstop“ გულისხმობს შიდა ზარებზე 0 თეთრს, სხვა ქსელებზე 10 თეთრს. რეკლამის მსვლელობისას ეკრანზე ორჯერ, დაახლოებით ერთი წამის ხანგრძლივობით, წვრილი შრიფტით ჩნდება ინფორმაცია, რომ ზარის წამოწყების ღირებულებაა 5 თეთრი, რაც მის აღქმას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, შპს ,,მობიტელის“ ვებ გვერდზე www.beeline.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სატარიფო გეგმით გათვალისწინებულია სასტარტო პაკეტის ღირებულება 2 ლარი და სასტარტო ბალანსის შევსების ღირებულება 2 ლარი, რის შესახებაც რეკლამის მსვლელობის დროს მომხმარებელს ინფორმაცია არ მიეწოდება.

რაც შეეხება შპს ,,ჯეოსელის“ ერთ თეთრიან ტარიფს, რეკლამის მსვლელობისას საშუალოდ 3 წამიანი ხანგრძლივობით მომხმარელს მიეწოდება ინფორმაცია სასტარტო პაკეტის ღირებულების შესახებ, ბალანსის 5 ლარით სავალდებულო შევსების შესახებ და ზარის წამოწყების 5 თეთრიანი ღირებულების შესახებ, საკმაოდ წვრილი შრიფტით, რაც მის წაკითხვას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის. რაც შეეხება კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდს, აღნიშნული მომსახურების შესახებ ინფორმაცია სრულად არის მოწოდებული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს ,,ბილაინის“ და შპს ,,ჯეოსელის“ ზემოთმოხსენიებული მომსახურებების შესაბამისი რეკლამები მცირე ზომის შრიფტისა და დროის სიმცირის გამო მომხმარებლებისათვის ძნელად აღქმადია და საჭიროებს შესაბამისი სარეკლამო რგოლების ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებას.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებასთან დაკავშირებით, 2010 წლის 17 ივნისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ შპს „მაგთიკომს“, შპს ,,მობიტელსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 24 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი დავით ძიძიგური, შპს ,,მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ირაკლი ესართია და შპს ,,ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ალექსანდრე სადაღაშვილი.

შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2 ლარი არის სიმ-ბარათის ღირებულება, რომელსაც აბონენტი იხდის სასტარტო პაკეტის შეძენისას. აღნიშნული თანხა აბონენტს უბრუნდება ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ირჩევს სატარიფო გეგმას, იქნება ეს „nonstop“, თუ სხვა. იგი დაეთანხმა კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის დასკვნას და აღნიშნა, რომ ვებ გვერდზე მართლაც გაუგებრად არის მითითებული და დაბნეულობას იწვევს თუ რას გულისხმობს სიტყვები ,,სასტარტო პაკეტი“, რაც შეეხება  აღქმადობის საკითხს, შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის აზრით სადაოა ეს საკითხი ვინ როგორ აღიქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ მიესალმება კომისიის მხრიდან წარწერის გაშვების ხანგრძლივობისა და შრიფტის ზომის გაზრდის დავალდებულებას, რათა მომავალში არ წარმოიქმნას ოპერატორებს შორის დავა. შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენლის განმარტებით სადაო რეკლამა დღეისათვის კვლავ გადის ერთ-ერთ არხზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2011 წლის 10 ივნისის N10/445-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, საქმის გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევის მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ბილაინის სიმ ბარათის საკონტროლო შესყიდვა და ბალანსზე დარიცხული თანხის შემოწმება. აღნიშნულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ 2 ლარი - სიმ ბარათის ღირებულება, ავტომატურად ჯდება ნომრის ბალანსზე სრულად.

შპს ,,ჯეოსელის“  წარმომადგენელის ალექსანდრე სადაღაშვილის განმარტებით სპირტიანი სასმელების და თამბაქოს რეკლამის სტანდარტებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და გამოთქვა სურვილი ანალოგიური სტანდარტები იქნას დადგენილი კომისიის მიერ, მობილური კავშირგაბმულობის სფეროში. მან ასევე დააფიქსირა შპს ,,ჯეოსელის“ პოზიცია, რომ რეკლამის აღქმადობა სადაო საკითხია და საერთო სტანდარტების შემოღებამდე ოპერატორები შემოიფარგლონ სატელევიზიო რეკლამებში ცხელი ხაზის (საინფორმაციო ნომრის) ამონათების ვალდებულებით, იმ გარკვეული დროით და შრიფტის ზომით, რომელსაც დაადგენს კომისია. შპს ,,ჯეოსელის“ განმარტებით სადაო რეკლამა აღარ გადის ქართულ სამაუწყებლო სივრცეში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის წინადადების საფუძველზე, შპს ,,მაგთიკომის“, შპს მობიტელისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლები შეთანხმდნენ, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთად, დაიწყონ ინტენსიური მუშაობა, სამაუწებლო რეკლამაში გამოყენებული წარწერების შრიფტის ზომისა და მათი ეკრანზე განთავსების ხანგრძლივობის სტანდარტების დადგენასთან დაკავშირებით.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      შპს ,,მაგთიკომის“ 2011 წლის პირველ ივნისის N6/2312/11 განცხადება;

2.      კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2011 წლის 10 ივნისის N10/445-11 სამსახურებრივი ბარათი;

3.      შპს ,,მობიტელისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ მიერ სატელევიზიო არხებზე განთავსებული სარეკლამო რგოლების ჩანაწერები CD-ზე;

4.      კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისა და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ  განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე გააქტიურებული შპს ,,მობიტელის“ სიმ ბარათი, სააბონენტო ნომრით 597 76 17 59;

5.      შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებაზე შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიაში 2011 წლის 24 ივნისს წარმოდგენილი  N6/2771-11 წერილობითი პასუხი;

6.      2011 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

7.      2011 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ირაკლი ესართიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება 2011 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე;

8.      2011 წლის 24 ივნისის კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ალექსანდრე სადაღაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      შპს ,,მობიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2005 წლის 28 აგვისტოდან, შპს ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს 2006 წლის 9 მარტიდან;

2.      შპს ,,მობიტელის“ სატარიფო გეგმა  “nonstop“ გულისხმობს შიდა ზარებზე 0 თეთრს, სხვა ქსელებზე 10 თეთრს. რეკლამის მსვლელობისას ეკრანზე ორჯერ, დაახლოებით ერთი წამის ხანგრძლივობით, წვრილი შრიფტით ჩნდება ინფორმაცია, რომ ზარის წამოწყების ღირებულებაა 5 თეთრი, რაც მის აღქმას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის;

3.      შპს ,,მობიტელის“ ვებ გვერდზე www.beeline.ge სატარიფო გეგმის აღწერა ბუნდოვნად არის  მოცემული და ისე აღიქმება, რომ 2-ჯერ 2 ლარის გადახდა არის საჭირო ბარათის აქტივაციისათვის, თუმცა აღნიშნული ზიანს არ აყენებს მომხმარებელთა ინტერესებს, რადგან 2 ლარის გადახდის შემთხვევაში ეს თანხა ანგარიშზე უბრუნდება აბონენტს, რაც დაადასტურა შპს ,,მობიტელის“ სიმ ბარათის საკონტროლო შესყიდვამ;

4.      შპს ,,ჯეოსელის“ რეკლამის მსვლელობისას საკმაოდ წვრილი შრიფტით, საშუალოდ 3 წამის ხანგრძლივობით მიეწოდება მომხმარელს ინფორმაცია სასტარტო პაკეტის ღირებულების შესახებ, ბალანსის 5 ლარით სავალდებულო შევსების შესახებ და ზარის წამოწყების 5 თეთრიანი ღირებულების შესახებ, რაც მის წაკითხვას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის;

5.      შპს ,,ჯეოსელის“  ოფიციალურ ვებ გვერდზე www.geocell.ge განთავსებული რეკლამა სრულად და ამომწურავად იძლევა ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურებისა და მისი ტარიფების ოდენობაზე;

6.      შპს ,,მობიტელის“ რეკლამა, რომელსაც შეეხება შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება, გადის ერთ-ერთ სამაუწყებლო არხზე, რაც შეეხება შპს ,,ჯეოსელის“ რეკლამას იგი ამოღებულია ყველა არხის სამაუწყებლო ბადიდან;

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მობიტელისა” და შპს ,,ჯეოსელის“ რეკლამების ბოლოს არსებული წარწერები ცხადყოფს, რომ შპს ,,მობიტელს“, ისევე, როგორც შპს ,,ჯეოსელს“ ჰქონდათ ნება ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად მიეწოდებინათ მომხმარებლებისათვის. 

კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სატელევიზიო (სამაუწყებლო) რეკლამის წარწერაში შრიფტის ზომა და დროის ის ხანგრძლივობა, რა ხანგრძლივობითაც უნდა გამოჩნდეს წარწერა ეკრანზე. შესაბამისად, მობილური ოპერატორების მიერ, სატელევიზიო რეკლამაში, ეკრანზე წარწერის განთავსებისას, მცირე ზომის შრიფტის ან მცირე ხანგრძლივობის გამოყენებით, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შპს ,,მობიტელსა” და შპს ,,ჯეოსელს“ უნდა დაევალოთ უზრუნველყონ, მათ მიერ ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ  ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1.      შპს ,,მაგთიკომის“ განცხადება დაკმაყოფილდეს;

2.      შპს ,,მობიტელს“ დაევალოს, უზრუნველყოს მის მიერ ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;

3.      შპს ,,მობიტელს“ დაევალოს უზრუნველყოს თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.beeline.ge  დააკორექტიროს სატარიფო გეგმა ,,nonstop“-ის პირობები, რეალურად არსებული პირობების შესაბამისად;

4.      შპს ,,ჯეოსელს“ დაევალოს, უზრუნველყოს მის მიერ ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება;

5.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,მობიტელისა“ და შპს ,,ჯეოსელისათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.      გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

8.      კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს  (ე. ასანიძე);

9.      კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს              (კ. ყურაშვილი).

    კომისიის თავმჯდომარე                                                                                      ი. ჩიქოვანი

    კომისიის წევრი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                                                                     . სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                                                     . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები